Home » ეკონომიკა » „საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება“
„საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება“

„საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება“

საქართველოს და აზერბაიჯანის სტარტეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მრავალი მიმართულებებით არის განვითარებული. არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე გვესაუბრა.

– საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იან წლებში დაიწყო. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტები, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტრანსადრიატიკულ გაზსადენზე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკისთვის და  როდისთვის უნდა ველოდოთ რკინიგზისა და  გაზსადენის ამოქმედებას?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოც და აზერბაიჯანიც, არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების და უსაფრთხოების   საკითხების გათვალისწინებით, ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ორი ქვეყნის გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ და აზერბაიჯანის ნახშირწყალბადების მარაგებმა, წარმოშვა დაინტერესებული ქვეყნების მათზე წვდომის სურვილი, შესაბამისად  ენერგო დერეფნების განვითარების აუცილებლობა. ამ საჭიროების ლოგიკური განვითარების შედეგს წარმოადგენენ სწორედ, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, რომლებმაც მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე ტრანსპორტირების ახალი პერსპექტიული მიმართულებები გააჩინა. როგორც ცნობილია, დღეისათვის, შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, ექსპერტები მას მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად აღიარებენ, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2011 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამართულ „Global Infrastructure Leadership Forum“-ზე, იგი მსოფლიოს 100 უმნიშვნელოვანეს გლობალურ პროექტს შორის შეიყვანეს. პროექტის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის აუცილებელია, დასრულდეს პროექტის დარჩენილი, თურქული მონაკვეთი. ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე 2016 წლის ბოლოს დაასრულებს ხსენებული მონაკვეთის მშენებლობას. მიგვაჩნია, რომ ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედება რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს და მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

– საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც ახლახან შედგა, ძალიან წარმატებული იყო. კონკრეტულად რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა და რომელი პროექტები იქნება პრიორიტეტული?

მართლაც, ძალიან წარმატებულად ჩაიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა აზერბაიჯანში, სექტემბრის დასაწყისში. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებისას, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს; ხაზი გაესვა როგორც ზოგადად, „ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის, ასევე კონკრეტულად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის – სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში. ამ პროექტის წარმატებით დასრულება უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ორივე ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კეთილდღეობა და სტაბილურობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ გვაქვს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი.

-როგორია აზერბაიჯანელი ინვესტორების როლი საქართველოში? რომელ სფეროებში დებენ ისინი ფულს? არის თუ არა ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა?

ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობა, მსგავსად სხვა სფეროებში არსებული სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობებისა, მზარდი დინამიკით ხასიათდება.

აზერბაიჯანი სისტემატურად იკავებს ადგილს საქართველოს ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში. 2015 წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 550 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც  61%-ით მეტია 2014 წელთან შედარებით. 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით აზერბაიჯანს 282.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში.

აზერბაიჯანის უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-ი წარმოადგენს, რომელსაც დღეისთვის საქართველოში გააჩნია ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი (114 სადგური) და ნავთობ-ტერმინალი ყულევის პორტში, საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირება ხორციელდება.

-იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს, ის შეიძლება აზერბაიჯანისთვის ერთგვარ ფანჯრადაც კი იქცეს ევროპაში. ქართულ–აზერბაიჯანული ერთობლივი ნაწარმის ევროპის ბაზრებზე გატანა თუ იგეგმება?

ქვეყნის ლიბერალური,   სტაბილური,   უსაფრთხო   და   კორუფციისაგან თავისუფალი ბიზნეს-გარემო, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად წარმოაჩენს. ჩვენ ველით, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა არსებითად გაიზრდება მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან შემდგომი ინტეგრაციითა და თავისუფალი ვაჭრობის განვითარებით ევროკავშირთან,  EFTA-სთან, აშშ-სთან, ჩინეთთან. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით (DCFTA-ს ჩათვლით) საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ ვაჭრობის ლიბერალიზაციის, მსოფლიოს  წამყვან  ბაზრებთან  ინტეგრაციის  და ევროპული დონის წარმოების ჩამოყალიბების მიმათულებით. შეთანხმების ძალაში შესვლა გულისხმობს ახალი ეტაპის დაწყებას ევროკავშირთან ურთიერთობებში. ეს საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნის ბიზნესმენებს შემოიტანონ ნედლეული, აწარმოონ საქართველოში და შემდეგ გაყიდონ ის ევროპის ქვეყნებში.

-აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებმა ირანისთვის აზერბაიჯანის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე მოილაპარაკეს, ასევე შესაძლებელია  ირანის ენერგორესურსების ექსპორტისთვის დერეფნის გაკეთებაც. ამ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად როგორი პერსპექტივები აქვს საქართველოს?

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკისათვის გაჩნდა ახალი შესაძლებლობები მსოფლიოს ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული ურთიერთობების განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ირანის გამოსვლით, გარკვეული კორექტივები შევა რეგიონის ეკონომიკურ პროცესებში და დარწმუნებული ვარ, იგი დადებითად აისახება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წამოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში მაგისტრალური გზების მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზაციას, არსებული პორტების რეაბილიტაციასა და რაც მნიშვნელოვანია, ანაკლიაში, უმსხვილესი საზღვაო-სავაჭრო პორტის მშენებლობას. ერთი სიტყვით, ქვეყნის და ვფიქრობ რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილად ათვისების მიზნით, საქართველოს კონტრიბუცია იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი.

Share