Home » საზოგადოება » საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის – 20 თეთრით შემცირება შესაძლებელია – ჯაბა თარიმანაშვილი
საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის - 20 თეთრით შემცირება შესაძლებელია - ჯაბა თარიმანაშვილი

საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის – 20 თეთრით შემცირება შესაძლებელია – ჯაბა თარიმანაშვილი

ბოლო მონაცემებით რაც მსოფლიო ბაზარზე  ნავთობპროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით დადგინდა, ვფიქრობ, შესაძლებელია, საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის 20 თეთრით შემცირება, – ასეთ პროგნოზს აკეთებს „კომერსანტთან“ ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი.

 მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად ხდება, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება.

ჯაბა თარიმანაშვილი განმარტავს, რომ სამომავლოდ ნავთობის ფასს OPEC-ის წვერი ქვეყნების შეხვედრა განსაზღვრავს:

„საუდის არაბეთის განცხადებამ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომ დონალდ ტრამპის პასუხი მოჰყვა, რომ ნავთობის მოპოვება არ უნდა შემცირებულიყო, გარკვეული რყევა გამოიწვია როგორც აღმავლობის, ასევე შემცირებისკენ. 6 დეკემბერს იგეგმება ოპეკის ქვეყნების შეხვედრა. თუ აქ გადაწყდება, რომ  ნავთობის მოპოვება უნდა შემცირდეს, მაშინ ფასები ისევ მოიმატებს, ხოლო თუ შენარჩუნდება ჭარბი მოპოვება, ღირებულების კლების ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს“, – განმარტავს ჯაბა თარიმანაშვილი.

დარგის სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ქართველ ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე ფასის მკვეთრი შემცირება „გამორჩებათ“ ხოლმე, ხოლო ლარის გაუფასურებას კომპანიები ფასზე მყისიერად ასახავენ. ამჯერადაც ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე 7-პროცენტიანი კლებაა,  საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე ისევ ძველი ფასი ნარჩუნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯაბა თარიმანაშვილი პასუხი შემდეგია:

„ბაზარზე არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები, შესაძლებელია მათ შორის გარკვეული შეთანხმებაც არსებობდეს ფასების მატებასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ბიზნეს სუბიექტები შემცირებაზე სწრაფად არ რეაგირებენ“, – განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.

კომერსანტი შეეცადა დაკავშირებოდა ნავთობიმპორტიორ კომპანიებს, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

წყარო:commersant.ge

Share