Home » ბიზნესი » “საქართველოს ბანკის” მიზანი, ბაზრიდან კონკურენტების გაქრობა იყო”
"საქართველოს ბანკის" მიზანი, ბაზრიდან კონკურენტების გაქრობა იყო"

“საქართველოს ბანკის” მიზანი, ბაზრიდან კონკურენტების გაქრობა იყო”

 

3-წლის შემდეგ Express Pay-ს მომსახურებაც ფასიანი ხდება

“საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის ტერმინალებით კომუნალური გადახდები და სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი ხდება. არადა, 3 წლის, როდესაც სხვა კომპანიებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე 4%-იანი საკომისიო დააწესეს, “საქართველოს ბანკი” მათ გაემიჯნა და მომსახურებისთვის საკომისიოს თავად იხდიდა. ამან კი ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია – OSMP გააკოტრა.

შეიცავდა თუ არა “საქართველოს ბანკის” ეს გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნებს, ამაზე კონკრეტულად არავინ საუბრობს. იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელიც მაშინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინტერესებს იცავდა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ იმ დროს “საქართველოს ბანკის” მიზანი ბაზრიდან კონკურენტების ჩამოშორება იყო.

როგორც ცნობილია, 1-ლი ოქტომბრიდან “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან მომსახურებას, რომლისთვისაც 0%-იანი საკომისიო იყო დაწესებული, დამატებითი თანხა დაემატება. უფასო იქნება გადახდები მხოლოდ საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელი პირებისთვის.

რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან რამდენი  იქნება საკომისიო? ამ თემაზე ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს ბანკის ექსპრესი ფეის თვითმომსახურების აპარატებით, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არის ბაზარზე არსებული ტარიფების შესაბამისი. თვითმომსახურების აპარატით საკომისიოს გადახდის შესახებ, საქართველოს ბანკმა, მომხმარებლის ინფორმირება, ერთი თვით ადრე დაიწყო. აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით მაგალითად: მობილური ბალანსის შევსება არის უფასო ”

მომხმარებელს თვითმომსახურების ტერმინალით მობილური ბალანსის შევსებაზე 4%-იანი საკომისიოს გადახდა 2013 წლის 1-ლი აპრილიდან უწევს, გამონაკლისი მხოლოდ საქართველოს ბანკის Express Pay-ს აპარატები იყო, რადგან საკომისიოს თავად ბანკი იხდიდა.

ბანკის ამ გადაწყვეტილებამ ბაზრის სხვა მოთამაშეების მხრიდან პროტესტი გამოწივია. კომპანიებმა Nova Technology-მ და OSMP-მ (“მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა” “საქართველოს ბანკი” ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ OSMP გაკოტრდა, ბაზარი დატოვა. მისი აპარატები კი Nova Technology-მ და TBC PAY-მ გადაინაწილეს.

სწრაფი გადახდის აპარატების ინტერესებს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი იცავდა, რომელიც ამბობს, რომ სიტუაციის ასეთი სცენარით განვითარება მოსალოდნელი იყო და ამაზე ორი წლის საუბრობდა.

ჩარგეიშვილი ამბობს, რომ კომპანიებთან ერთად პროტესტის სხვადსახვა ფორმას მიმართეს. მოაწყვეს მსვლელობა, ეროვნულ ბანკისგან რეაგირებას ითხოვდნენ. ჩარგეიშვილის თქმით, “საქართველოს ბანკის” მიზანი იყო კონკურენტები გაექრო ბაზრიდან და ასეც მოხდა.

“დღეს ძნელად წარმოსადგენია ამ სფეროში ვინმემ დაიწყოს ბიზნესი და გააგრძელოს, ამ სფეროს სრულად ბანკები აკონტროლებენ. თავის დროზეც “საქართველოს ბანკის” განცხადება 0%-იანი საკომისიოს დაწესების შესახებ იყო ტყუილი, ეროვნულ ბანკს არ უნდა მიეცა საშუალება ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესში შესულიყვნენ, თუმცა გადაწყვეტილებები მიღებული იქნა არა ბიზნესის არამედ ბანკების სასარგებლოდ. დღეს როდესაც მომხმარებელი მიეჩვია 0%-იან ტარიფს, აპარატებთან მისვლისას მიიღებს საკომისიოს და ეს ისედაც მოსალოდნელი იყო”,- აცხადებს ჩარგეიშვილი.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია არ ეთანხმება ჩარგეიშვილის შეფასებას და ამბობს, რომ “საქართველოს ბანკის” ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული კონკურენტების გაკოტრებისკენ. მისივე თქმით, ბანკის ქმედებას ვერ შევაფასებთ, როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციას. გვასალია ამბობს, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებაში ალბათ, კომერციული საკითხია ჩადებული და რა გახდა 0%-იანი ტარიფს გაუქმების მიზეზი ხარჯების ზრდა თუ კიდევ სხვა, რთული სათქმელია.

“დარწმუნებული ვარ, რომ “საქართველოს ბანკის” ქმედება თავის დროზე არ იყო კონკურეტების ჩამოშორების და გაკოტრებისკენ მიმართული, ასეთ გათვლას ვერ გააკეთებ, სად არის გარანტია, რომ ვინმე გაკოტრდება?თუ რომელიმე კომპანია გაკოტრდა, სხვები ხომ დარჩნენ? ბევრი კომპანიაა, ვისი აპარატებიდანაც შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა”, – აცხადებს გვასალია.

რაც შეეხება ბანკის მიერ არაპროფილური აქტივის ფლობას, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწრაფი გადახდის აპარატები საგადახდო სისტემაა, ბანკს სრული უფლება აქვს, რომ ასეთი სისტემი ჰქონდეს და ეს არ არის არაპროფილური აქტივი. მისივე თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა ბანკებს ამის უფლებას აძლევს.

აქტივების მართვის კომპანია “პირადი ბანკირის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძის შეფასებით კი დღეს საქართველოში კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესებს სხვადასხვა მიმართულებით ფლობენ და აქ საჭიროა, ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც სამწუხაროდ არ არის.

ბერძენაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს რეაგირება სამართლებრივი კუთხით, რათა არ მოხდეს ბიზნეს სექტორების ბანკების ხელში გადასვლა, რადგან გამოდის ბანკი დამფინანსებელია და პარალელურად ფლობს ბიზნესს, ასეთ სიტუაციაში კი კომპანიებისთვის განვითარებაზე, კონკურეტუნარიანობაზე ფიქრი ძნელია.

“პირადი ბანკირი” ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-იან წლებში ანალოგიური სიტუაცია იყო, ყველაფერი ბანკების ხელში იყო და სახელმწიფომ მოახდინა პროცესის რეგულირება, განავითარა კაპიტალის ბაზარი, რამაც გამოიწვია არაპროფილურ აქტივებში კაპიტალ-დაბანდებების შემცირება. შესაბამისად, საქათველოშიც ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს, გაატაროს სწორი პოლიტიკა. ბერძენაძის განცხადებითვე, დღეს ეროვნული ბანკი ორიეტირებულია საბანკო სექტორის გაძლიერებაზე და არა მათთვის თამაშის წესების დადგენაზე.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით, ირაკლი ბერძენაძის თქმით, ბიზნესს თავისი კანონები აქვს და ბაზრის მოთამაშეს რაც უღირს, იმას სთავაზობს კლიენტს.

 ეროვნულ ბანკში მხოლოდ ოფიციალური განმარტებით შემოიფარგლნენ. სებ-ში ამბობენ, რომ  “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომერციული ბანკების ან მათი შვილობილი კომპანიების მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელება წარმოადგენს ნებადართულ საბანკო საქმიანობას. შესაბამისად, აღნიშული არ წარმოადგენს არაპროფილურ ბიზნესს.  

წყარო: კომერსანტი

Share