Home » ბიზნესი » ,,საქართველოს ბანკი’’ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ
,,საქართველოს ბანკი’’ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ

,,საქართველოს ბანკი’’ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ

ბანკები არაპროფილურ ბიზნესებს ვერ თმობენ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ,,საქართველოს ბანკის’’ დაფინანსებით კომპანია ,,თელიანი ველი’’ ლუდის ბიზნესში შედის, ხოლო ამავე ბანკის მიერ დაარსებული ,,ემ კვადრატი’’ სასტუმროების მშენებლობას აპირებს.
ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ, აქტუალური გახადა კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის მართვის თემა. ერთი შეხედვით, ბანკებმა თითქოს გამიჯნეს არაპროფილური ბიზნესები, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ასეთ კომპანიებში წილებს ბანკების აქციონერები ფლობენ ან ისინი ინსაიდერული პირების მეშვეობით იმართებიან. შესაბამისად, ბანკები მისი ლობირების ქვეშ კომპანიებს დაბალპროცენტიანი სესხებით აფინანსებენ, ან მათი მიერ გაცემული გარანტიით ამ კომპანიებისთვის უცხოურ დაფინანსებას იზიდავენ და სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც მუდმივად ფინანსური რესურსის ძიებაში არიან, არაჯანსაღი გარემო იქმნება.

კომპანია ,,ემ კვადრატს’’ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ჯგუფის Wyndham Hotel Group–ის ბრენდი ,,რამანდა’’ შემოჰყავს. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები საბურთალოზე უკვე დაწყებული აქვს. კომპანია “ემ კვადრატი” ,,საქართველოს ბანკმა’’ 2006 წელს დაარსა.

,,თელიანი ველი” ,,საქართველოს ბანკის’’ დაფინანსებით ,,ჰეინეკენის” ლუდის ქარხნის აშენებას გეგმავს. სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველი” 1997 წელს დაარსდა. 2004 წლის მაისში ~თელიანი ველმა” დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან და ამ უკანასკნელმა შეიძინა ,,თელიანი ველის” აქციები. იმავე წელს კომპანიის აქციების დიდი ნაწილი ,,საქართველოს ბანკმა’’ შეიძინა.

,,კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესებს ისევ მართავენ’’, – ასკვნიან სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს მისი გადაწყვეტილების შესრულებისკენ მიუთითებენ. განათლება, სამშენებლო სექტორი, სადაზღვევო ბაზარი, კვების ობიექტები, საფონდო ბირჟა – ეს ის დარგებია, სადაც კომერციული ბანკების ლობირების ქვეშ მყოფი კომპანიები საქმიანობენ და არაჯანსაღ კონკურენციას ქმნიან.
2014 წლის ოქტომბერში, ,,მენაშენეთა ასოციაციის’’ არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილება გააცნო. კომერციული ბანკებს არაპროფილური ბიზნესები 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეტოვებინათ. `აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებსა და დეველოპერულ ინდუსტრიას შორის ამოიწუროს და, შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით’’, – ასე განმარტა მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ქადაგიძემ.
ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ,,საქართველოს ბანკში’’ აღნიშნეს, რომ მათ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესრულება დაიწყეს. ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ ამ ბანკის მიმართ არსებობდა. “საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, კორპორაციული სტრუქტურის განახლების შედეგად, მოხდა იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. აქედან გამომდინარე, ბანკი მხოლოდ საბანკო საქმიანობაზეა ფოკუსირებული. ,,თიბისი ბანკში’’ კი თავიდანვე აღნიშნეს, რომ მათ არაპროფილური ბიზნესები არ ჰქონდათ.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ხორციელდება და ამასთანავე იგი განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევები დიდი ოდენობით ისედაც არ არის. ,,რაც შეეხება იმას, რომ ბანკის აქციონერებს, ბანკის გარეთ, უნდათ ინვესტიცია სხვა ნებისმიერ ბიზნესში გააკეთონ, ამაში მე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ და ჩვენც ალბათ მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ბანკის მეშვეობით არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალულია და ეს ინვესტიციები ბანკის მეშვეობით არ ხორციელდება”, – დაასკვნა გიორგი ქადაგიძემ საუბარში.
სპეციალისტების განცხადებით კი, ბანკებმა იურიდიულად არაპროფილური აქტივების გამიჯვნა დიწყეს და ამ მხრივ, კანონის თვალსაზრისით ყველაფერი გამართულადაა. რეალურად კი, ბანკები ისევ მართავენ არაპროფილურ ბიზნესებს. მაგალითად, საკუთარი სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერას, რასაც დეველოპერები მუდმივად აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ეს იყო საჩვენებელი გადაწყვეტილება და სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. ,,ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ,,ბანკები და ფინანსებთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება – ბანკებს არაპროფილური ბიზნესის კეთება აეკრძალოს სამართლიანია, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილების პროცესში, არაპროფილური ბიზნესების ფლობიდან გამოსვლის ფაქტი, მთლიანად ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე გახდა.
,,საქართველოში კომერციულ ბანკებს, სებ-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ ვალდებულება, არასაფინანსო სფერო სრულად დატოვონ, თუმცა, მანამდე სებ-ის მოთხოვნაც გახდა, ბანკებს წარმოედგინათ არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი გამოსვლის დეტალური სტრატეგია. ინფორმაცია მთლიანად დახურულია, – შეასრულეს თუ არა კომერციულმა ბანკებმა ეტაპობრივად არასაფინანსო სფეროს დატოვების გეგმა და რა ვითარება გვაქვს ამჟამად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელი ბანკი არის ვალდებული დატოვოს არასაფინანსო სექტორი და კონკრეტულად რისი დათმობა მოუწევს თითოეულ მათგანს’’, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი და დასძენს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება აკისრია საქართველოს ეროვნულ ბანკს, რაზეც საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება და იგი მხოლოდ გარკვეული წრისთვისაა ცნობილი. ,,არადა, სებ-ს აქვს ვალდებულება, ბანკების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაასაჯაროოს’’, – აცხადებს კაკიკაციშვილი.
2014 წლის თებერვლის მონაცემებით, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, ,,საქართველოს ბანკი” 100%-ს ფლობს სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისი აი”-ში, შპს ,,თელიანი ველში” – 51,23%-ს, შპს ,,ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს ,,ჩემ კლინიკაში” – 51%-ს, შპს ,,რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ ,,დინამოში” – 100%-ს და სხვა.
,,ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა ვითარებაა ამჟამად. ასევე, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, რომელიც დაშვებული არაპროფილური ბიზნესების ფლობის პროცესში, ჩვენი რეალობა გახდა – სახეზეა ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებში კონკურენტების გაკოტრებაზე და გაკოტრებული ბიზნესის დაპატრონებაზე არსებული შემთხვევები. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბანკების მიერ ბიზნესის გაკონტროლების სურვილი ძალიან დიდია, რაც იმაში გამოიხატება, რომ არაპროფილურ აქტივებს აფართოებენ და თავის კონკურენტ კომპანიებს, თუ მომგებიანია, აკოტრებენ და შემდეგ ყიდულობენ, ან უბრალოდ აკოტრებენ კონკურენტის ჩამოცილების მიზნით’’, – ამბობს კაიკაციშვილი და მას მაგალითად ,,ალდაგი” მოჰყავს. იგი აღნიშნავს, რომ ,,ალდაგის’’ მფლობელმა ,,საქართველოს ბანკიმ’’ ,,იმედი” დაბალ ფასად იყიდა. გასხვისებამდე, ,,იმედი” ,,საქართველოს ბანკის” მსესხებელი იყო. ამ სესხში კომპანიამ ჩადო მთელი თავისი ქონება. სესხის აღებიდან 2-3 წელიწადში კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და ის ,,საქართველოს ბანკის~ სადაზღვევო კომპანიის ,,ალდაგის” მფლობელობაში გადავიდა.

,,ბანკებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სამშენებლო ბიზნესი გახდა. ბევრი კომპანიის ფინანსური პრობლემების პარალელურად, სამშენებლო სფეროს წამყვანი კომპანია, ასევე, ,,საქართველოს ბანკის” სამშენებლო კომპანია ,,M კვადრატია”. დასკვნები თავად გამოიტანეთ’’, – აღნიშნავს კაიკაციშვილი.
ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ დავით ასლანიშვილის განცხადებით, საქართველოში კომერციული ბანკები საგადასახადო შეღავათებთან ერთად, სხვა მრავალი პრივილეგიებით ისევ სარგებლობენ. მხოლოდ მათ აქვთ მინიჭებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის პირველადი დილერის ფუნქცია. ამასთანავე, ბანკები პირდაპირ თუ ინსაიდერული პირის მეშვეობით, ისევ მართავენ არაპროფილურ დარგებს – საბროკერო კომპანიები, განათლების სექტორი, სადაზღვევო კომპანიები, სამშენებლო სექტორი და სხვა.
,,საფონდო ბირჟაც კი საერთოდაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა იყიდა. მაგალითად, ამერიკაში ფიზიკურ პირს აქვს ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობა კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე, ქართველი მომხმარებელი ამ შესაძლებლობაშიც შეზღუდულია. ერთობლიობაში ვიღებთ სურათს, როდესაც შუამავალ ინსტიტუტს შესაძლებლობა აქვს, გარედან დეპოზიტების სახით მოიზიდოს თანხა და განახორციელოს ინვესტიციები მისთვის მისაღებ და მომგებიან დარგში. სხვა კომპანიები კი კონკურენტულ ბრძოლაში რჩებიან წაგებულნი. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური ნაკადები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო, ისე მომხმარებელი”, – ამბობს დავით ასლანიშვილი.

და ბოლოს, სპეციალისტების განცხადებით ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას დეტალურად უნდა ჩააბაროს ანგარიში, თუ როგორ სრულდება მისი გადაწყვეტილება. რეალური მდგომარეობა აჩვენებს იმას, რომ ბანკები არაპროფილურ დარგებს ისევ მართავენ, რაც ბაზარზე არაჯანსაღ ვითარებას ქმნის.
მაკა ვარადაშვილი

Share