Home » ბიზნესი » საქართველოს ავტოპარკის 99%-ს მეორადი ავტომობილებია
საქართველოს ავტოპარკის 99%-ს მეორადი ავტომობილებია

საქართველოს ავტოპარკის 99%-ს მეორადი ავტომობილებია

ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ შორის იყო საავტომობილი ბაზარი. ბიზნესში განსაკუთრებთ მძიმე ვითარება გასული წლიდან შეიქმნა, როცა ლარის დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. რა მდგომარეობაა ახლა ბაზარზე, გაზრდილია თუ არა   გაყიდვები და ზოგადად, რამდენად ადვილია დღეს საავტომობილი ბიზნესის წარმოება-განვითარება?

საქართველოს ავტოიმპორტიორთა კავშირი

საქართველოს ავტოიმპორტიორთა კავშირის  აღმასრულებელი დირექტორი მიშა ალხანიშვილი საავტომობილო ბიზნესი დღეს ყველაზე მთავარ პრობლემას სექტორში რეგულაციის არ არსებობას ასახელებს. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში  ავტომობილების იმპორტი,ექსპლოატაცია და ტექნიკური დთვალიერება რეგულირებულია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.  ალხანიშვილის შეფასებით, ჩვენს შემთხვევაში ამის რეგულირება არ ხდება.

კერძოდ, იმპროტის დროს განსაზღვრული არ  არის რა გამონაბოლქვის მანქანა შეიძლება იქნეს შემოყვანილი და რა არა.  ასევე განსაზღვრული არ არის, ექსპლოატაციის დროს მანქანის ტექნიკური გამართულობა  უნდა შემოწმდეს თუ არა, საუბარია,  ეგრეთ წოდებულ ტექნიკური დათალიერებაზე. გარდა ამისა, დარეგულირებული არ არის   საბაჟო ტარიფები და  კანონმდებლობა ახალი მანქანების შემოყვანის სასარგებლოდ არ არის.

„საბაჟო ტარიფები მეორადი და მრავალწლიანი მანქანების სასარგებლოდ არის გაკეთებული. ეს ყველაფერი გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ამიტომაც არის ჩვენთან ამდენი ამორტიზებული მანქანა, დაბიძნურებული ჰაერი , ხშირი ავარიები და ასე შემდეგ“–ამბობს ალხანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, როდესაც ბაზარი არ არის დარეგულირებული, როდესაც უფრო მეტად წახალისებულია ძველი, ნახმარი და ამორტიზებული მანქანების შემოყვანა,  იზღუდება ახალი და ოფიციალურად შემომყვანი კომპანიების ბიზნესი. ალხანიშვილის შეფასებით, ქვეყანაში დღეს მეორადი ავტომობილები უფრო მეტი შემოდის, ვიდრე ახალი. ასევე  მათ სასარგებლოდ არის საგადასახადო ტარიფიც, საიმპორტო ტარიფიც და შემდგომი ექსლოატაციაც.

„დღეს მეორადი ავტომანქანები  გაცილებით მეტი იყიდება. იმპორტის სტატისტიკას თუ გადახედავთ, ვნახავთ, რომ სურათი   სხვა ცივილიზებული ქვეყნისგან მკვეთრად განსხვავებულია.  განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილების  იმპორტიში 90 პროცენტი ახალ ავტომობილებს უკავია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. აქ სრულიად საპირისიპირო სურათია. ჩენთან ავტოპარკის  99 პროცენტს მეორადი, ნახმარი ავტომობილები წარმოადგენს“–აცხადებს ალხანიშვილი.

მისივე განმარტებით, ავტმანქანენების იმპორტიორი, ოფიციალური წარმომადგენლები საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, რადგან მათი ბიზნესისთვის  ეს სურათი კარგი ნამდვილად არ არის. მისი მტკიცებით, ჩვენი  მასშტაბის ქვეყნებში თუ წლიურად   50 000  ახალი ავტომობილის იმპორტი ხდება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი  3 000 –5 000  ახალ ავტომობილს შეადგენს. დანარჩენი კი მეორადი ავტომობილებია.

„თუ გასულ წელს შემოყავდათ 100 ახალი მანქანა და წელს 120 შემოიყვანეს, ეს ზრდაა, თუმცა, ბიზნესში ეს ნორმალური მაჩენებელი არ არის.“–აცხადებს ალხანიშვილი.

მისივე განცხადებით, კავშირს და მასში გაწევრიანებულ ძირიტად ავტოიმპორტიორებს   ჩამოყალიბებული აქვს მოსაზრებები, რომელიც ბიზნეს ომბდსმენსაც გააცნეს და მისგან გათალისწინების დაპირებაც მიიღეს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“

ბაზარზე მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებსტოიოტა ცენტრი თეგეტას“  კომერციული დირექტორი გეგა მეთეფშიშვილი. მისი განცხადებით,  წელს გასული  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელში  დიდი სხვაობა არ არის.  მეთეფშიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელი შედარებით პასიურად დაიწყო, თუმცა, ახლა სიტუაცია ნელ-ნელა აქტიურდება.

„ბიზნესში ყოველთვის ასეა,მიღწეული შედეგებით არასოდეს არ ვართ კმაყოფილი“-აცხადებს მეთეფშიშვილი.

მიმდინრე წელს „ტოიოტამ განაახლა’  Rav 4 , რაც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გაყიდვადი 20 000–40 000 დოლარის ფარგლებში ავტომობილებია. ზუსტად ამ საფასო კატეგორიაში ხვდება Rav 4–ი და   პრადო, რომლის მინიმალური ღირებულებაა 40 040 დოლარია.

რაც შეეხება პრობლემებს, მეთეფშიშვილი ამბობს, რომ  საქმიანობის დროს თითქმის ყველა ბიზნესს აქვს პრობლემები, ამ მხრივ გამონაკლისი არც ავტოიმპორტიორების სფეროა. შესაბამისად, ავტოიმპორტიორთა კავშირი,რომელიც რამდენიმე თვეა დაფუძნდა,მის  ფარგლებშიც  მოხდება  ინიციატივების წარდგენა მთავრობისთვის და ყველა იმ პროცესში  მონაწილეობა, რაც დაკავშირებულია როგორც ავტოსაგზაო  მოძრაობის ორგანიზება–გაუმჯობესებასთან, ასევე საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან. ეს კი ქვეყანაში გამოიწვევს უფრო მეტი ახალი ავტომობილის ან შედარებთ დაბალი ასაკის ავტომობილების იმპორტის წახალისებას და მათ გაიაფებას.

მეთეფშიშვილის ინფორმაციით,  კარგი იქნება, თუ მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის და   ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისებებს მოახდენს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ასევე კარგი იქნება შეიზღუდოს  შედარებით ასაკიანი ავტომობილების იმპორტი, თუმცა, ამაში აკრძალვა არ იგულისხმება.

„ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეიძინოს ავტომობილი როგორიც მას უნდა, თუნდაც ეს იყოს მარჯვენასაჭიანი ან ძველი რეტრო ავტომობილი -ანტიკვარის ტიპის, თუმცა, ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი გადასახადი.  იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას აქვს გარკვეული სტრატეგია და ხედვა იმისი, თუ როგორ უნდა გავითარდეს ავტოპარკი მომავალში, აუცილებელია, რომ  საიმპორტო გადასახადები შეესაბამებოდეს გრძელვადიან სტრატეგიებს.ჩვენი შეთავაზებები ჩამოყალიბების პროცესშია, მთავრობის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრები და ცოტა ხანში ყველა ამ ინიციატივების ოფიციალურ წარდგინებას გავაკეთებთ“-აცხადებს მეთეფშიშვილი.

მისი განცხაებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ავტოიმპორტიორები სახელმწიფო ტენდერების სისტემების გადახედვის პროცესში მიირებენ მონაწილეობას. მისი თქმით, ეს პროცესი დაწყებულია.

მეთეფშიშვილი ამბობს, რომ  კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო კონკურენტული და სახელმწიფოსთვის მომგებიანი გახდება ტენდერები. შესაბამისად, არმხოლოდ ფასით მიიღებს  სახელმწიფო გადაწყვეტილებას ავტომობილების და ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში, არამედ, გაითვალისწინოს გრძელვადიანი ექსპლოატაციის როგორც ხარჯები, ისე ექსპლოატაციის შემდეგ ავტომობილების გაყიდვიდან მიღებული სარგებელი.

„შესყიდვის დროს აქცენტი კეთდებოდეს არა  ერთჯერად თანხაზე,  არამედ  მთლიანად ფლობის ღირებულებაზე“-აცხადებს მეთეფშიშვილი.

თეგეტა პრემიუმ ვიიქელ

კომპანია „თეგეტა პრემიუმ ვიიქელის”  (PORSCHE-სა და MAZDA-ს ოფიციალური იმპორტიორი ) კომერციული დირექტორი ქეთევან ხუნწარია ამბობს, რომ პორშეს კუთხით გაყიდვები სტაბილურადაა, ამის მიზეზი კი ახალი მოდელების შემოსვლაა.

რაც შეეხება მაზდას, ხუნწარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში 2015 წლიან მოდელებზე იყო 20 პროცენტიანი ფასდაკლებები, რამაც  გაყიდვების მაჩვენებელი გააუმჯობესა.

მისი განცხადებით, ყველაზე მეტად პოპულარული და გაყიდვადი მაღალი გამავლობის ავტომობილებია.

კავკასიის ავტოიმპორტი“

„კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე  აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში  ავტომობილებზე ფასების შემცირება  შეინიშნება, რისი მიზეზიც ჭარბი  მიწოდება და მოთხოვნის დაბალი  მაჩვენებელია. ავტოიმპორტიორი ჭარბ მიწოდებას უკავშირებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის რეგულაციის გადავადებაასაც.

„დილერები წავიდნენ და ჩამოიყვანეს მარჯვენასაჭიანი მანქანები, რომ შექმნან მარაგები და შემდგომ ძვირად გაყიდონ.  ვისაც ჩამოჰყავდა 10 მანქანა, ახლა ჩამოიყვანა 50 და ახლა გადავსებულია ბაზარი“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად, ჭარბი მიწოდება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დილერები მანქანებს წინსწრებით უკვეთავენ და ავტომობილები რამდენიმე თვის შემდეგ ჩამოდის, ამ დროის განმავლობაში კი მოთხოვნა მანქანებზე შემცირდა.

სურგულაძე მოთხოვნის შემცირებას სეზონურობასაც უკავშირებს და ამბობს, რომ ბაზარი ნელ-ნელა ცოცხლდება.

წყარო: cbw.ge

Share