Home » ეკონომიკა » საქართველოში თურქულ იმპორტს ჩინური იმპორტი ანაცვლებს

საქართველოში თურქულ იმპორტს ჩინური იმპორტი ანაცვლებს

2017 წლის ივნისში საქონლის იმპორტი მცირედით, 0.03%-ით, შემცირდა

2017 წლის ივნისში საქონლის იმპორტი მცირედით, 0.03 პროცენტით, შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო თვეში შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა, რაშიც დიდი წვლილი ჰქონდა გერმანიიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან იმპორტის კლებას. რეგიონის ქვეყნებიდან გაიზარდა სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, თუმცა შემცირდა უკრაინიდან საქონლის იმპორტის მოცულობა. ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან შემოტანილი საიმპორტო პროდუქციები მთლიანი იმპორტის უდიდესს წილს 18.4 პროცენტს შეადგენს, მაგრამ წლიურად მისი მოცულობა 12.7 პროცენტით არის შემცირებული.

საანგარიშო თვეში, ძირითადი ქვეყნებიდან მოიმატა ჩინეთიდან იმპორტმა. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, ჩინეთი, რუსე­თი, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი და აშშ. ჯამურად ძირითადი სავაჭრო პარტნიორების იმპორტი მთლიანი იმპორტის 56 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია.

2017 წლის ივნისში, იმპორტირებული საქონლის უდიდესს წილს, 7.3 პროცენტს, ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 17.4 პროცენტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მოიკლო ავტომობილების შესყიდვებზე გაწეულმა დანახარჯებმა. ძირითადი საიმპორტო პროდუქციებიდან შემცირდა დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი. კვლავ შემცირებულია სიგარეტებზე მოთხოვნა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიკლო შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციების იმპორტმა. 2017 წლის ივნისში, მკვეთრად მოიმატა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტმა. ზრდას განაგრძობს სატელეფონო აპარატების, ნავთობის აირებისა და ხორბლის იმპორტზე გაწეული დანახარჯები. საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით მოიმატა გამომთვლელი მანქანების შესყიდვებმა. ძირითადი საიმპორტო პროდუქციებიდან, 2017 წლის ივნისში, ასევე გაიზარდა შაქრის იმპორტი. ივნისის თვეში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებულია.

 

ბაჩო ჯინჭარაძე

Share