Home » ფინანსები » საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამორჩება

საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამორჩება

საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამორჩება,- ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.

„გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში“ და მისი გავლენები საქართველოს მოქალაქეებზე სქესის მიუხედავად, ამ თემაზე კვლევის პრეზენტაცია და ფართო დისკუსია პროფკავშირების გაერთიანებამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, კვლევა შსო-ს პროექტის „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“- ფარგლებში ჩატარდა.

“კონფერენციაში მონაწილეობდნენ სოციალური პარტნიორები – საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების და ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა და სიმბოლურად ქალთა კვირეულს დაუკავშირა. მან იმედი გამოთქვა, რომ კვლევა მოტივაციის მომცემი იქნება სახელმწიფოსთვის და ყველა მონაწილისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ისეთი ქვეყნის შენებას, რომელშიც თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ექნებათ ქალებს და მამაკაცებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სოციალურ სფეროებში თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში, სადაც გენდერული უფსკრული კიდევ უფრო ღრმაა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და პროექტის უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, კატალინ ცაკუმ.

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა პროფკავშირების გაერთიანების ექსპერტმა გიორგი ჭანტურიძემ. საერთაშორისო გამოცდილებაზე, არსებულ პრაქტიკებსა თუ ვითარებაზე კვლევა მოამზადა და წარმოადგინა საერთაშორისო ექსპერტმა გილფი არნბიონსონმა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ მომზადებული კვლევის თანახმად. საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამორჩება, რაც საგანგაშოა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ხელფასებს შორის სხვაობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება. ამასთან, საქართველოს რატიფიცირებული აქვს „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენცია #100 „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ორი წლის წინ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტმა, ამას გარდა ექსპერტთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს საკითხი იმ 25 სახელმწიფოს შორის, სადაც ყველაზე უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები სწორედ მამაკაცის და ქალის ხელფასებს შორის საგანგაშო სხვაობის გამო. შსო-ს მიერ საქართველოსთვის ჯერ კიდევ 2019 წელს მიცემული რეკომენდაციები გულისხმობდა ხელფასებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას.

დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასებს შორის სხვაობა მხოლოდ 16%-ია და ევროკავშირის ქვეყნები ძალისხმევას მიმართავენ ამ სხვაობის სრულად აღმოსაფხვრელად. ამასთან ქვეყნების ნაწილი აწესებს გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც სხვაობა სრულად უნდა აღმოიფხვრას.

საქართველოს შრომის კოდექსში გასული წლის სექტემბერში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და მამაკაცი თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს თანაბარი შრომის ანაზღაურებით”. აღნიშნული ჩანაწერი შედეგს გამოიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება აღსრულების მექანიზმი და შესაბამისი მეთოდოლოგია, რომლითაც კომპანიები იხელმძღვანელებენ. სწორედ კონკრეტული მეთოდოლოგიის შემუშავების საჭიროებას ეხებოდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც: გენდერული სხვაობის შეფასების მეთოდოლოგია უნდა განისაზღვროს, როგორც ეროვნულ, ისე კომპანიის დონეზე. მეთოდოლოგიაში უნდა აისახოს დასაქმებულის: განათლების დონე; ნამუშევარი საათების რაოდენობა; დაკავებული პოზიცია, მოვალეობის სირთულე, ხოლო ეროვნულ დონეზე ეკონომიკის სექტორი.

მეთოდოლოგიის შემუშავების გარდა, პროფკავშირები გამოვიდა ინიციატივით სახელმწიფომ მოახდინოს ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წახალისება, რისი ერთ-ერთი საშუალებაც სწორედ ანაზღაურებაში სხვაობის შემცირებაა.

ინიციატივა ეხება ასევე შემდეგ საკითხებს: მმართველობით რგოლში ქალთა მონაწილეობის წახალისება; სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის, კომპანიების მიმართ, ხელფასებში გენდერული სხვაობის არ არსებობის მოთხოვნა. არაფორმალური დასაქმების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები: დეკრეტული შვებულების დაფინანსება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, მათ შორის თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც რეგისტრირებულ საქმიანობას ეწევიან.

არასრული და ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება. გენდერული დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება, როგორც კომპანიებში, ისე მთლიანად საზოგადოებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share