Home » ბიზნესი » „საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება ინტერესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ“
„საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება ინტერესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ“

„საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება ინტერესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ“

თანამედროვე მსოფლიოში საწარმოებისთვის ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში ინვესტირება სულ უფრო აქტუალური ხდება. ამასთან მრავალი საწარმოს მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებით კომპანია მოგების მაქსიმიზაციის პროცესში მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს, თუმცა აღსანიშნავია რომ კომპანიები ამავე დროს ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყონ და შემდეგ გააგრძელონ პროცესი. დაბალია კორპორაციული ცოდნის დონეც მარკეტინგის როლსა და მნიშვნელობაზე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა ,,ბიზნესკოდში’’ მარკეტინგის სპეციალისტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ნატა ნოღაიდელმა ისაუბრა.

–ენერგოეფექტურობა დღეს ძალიან აქტუალური საკითხია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. თქვენ რატომ დაინტერესდით ამ თემით?

–ენერგოეფექტურობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური საკითხია 21-ე საუკუნის საზოგადოებისთვის. საკვლევი თემა და მიმართულება ავირჩიე მაღალ ეფექტიანი ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დღეს წარმოუდგენელია განვითარებული ქვეყანა არ ფიქრობდეს და არ ზრუნავდეს იმაზე, რომ ენერგეტიკულ სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტად  ენერგოეფექტური მოწყობილობები და განახლებადი ენერგიის გამოყენება არ აირჩიოს. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის წარმატებული ქვეყანა აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ენერგიის შემცირებაზე, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგიის წყარო, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ ერთ დღესაც ამოიწურება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე, როგორიც არის ქარის, წყლის და მზის ენერგია. ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიები სწორედ ამ კუთხით უნდა მივმართოთ.

–დღეს საწარმოები ნაკლებად არიან გათვიცნობიერებული სწორედ ასეთ საკითხებში და შესაბამისად მათი ხარჯები ამ მიმართულებით არის უფრო მეტი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ისინი დანერგავდნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს. რამდენად არიან ქართული საწარმოები ორიენტირებული ამ სტრატეგიებზე?

–საქართველოში ნელ-ნელა ჩნდება ინტერესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ თვითონ საზოგადოების ინტერესიც უფრო იმატებს თუ რატომ უნდა დააყენოს ენერგოეფექტური მოწყობილობა და რატომ უნდა გასწიოს პირველად მეტი ხარჯი და რატომ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს მომავალში, დაზოგოს ეკოლოგია და იყოს ზოგადად ეკო-მეგობრული ადამიანი. ვფიქრობ, რომ ქართული საწარმოებიც ზრუნავენ ამ მიმართულებით, ვინაიდან შეუძლებელია ინოვაციების და მაღალ ეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ისეთ მძაფრ კონკურენტულ გარემოში როგორიც დღეს თანამედროვე მსოფლიოშია.

–რა ბენეფიტების მომტანი შეიძლება იყოს საწარმოსთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა?

–ერთადერთი ნეგატიური რაც შეიძლება დაინახოს საწარმომ არის ის, რომ ეს პროცესი შედარებით დიდი ხანი გრძელდება. როდესაც საწარმო გადადის მთლიანად ენერგოეფექტურ მოწყობილობაზე, 2 თვეში რთულია იმის დანახვა თუ რა ხარჯების დაზოგვა ხდება საწარმოს მიერ. მთლიანობაში ენერგოეფექტური ტექნოლოგია როგორც ხარჯის შემცირებას ახდენს, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება, ასევე არის უსაფრთხო საზოგადოებისთვის და პლუს კომპანიის იმიჯზე ეს პოზიტიურად მოქმედებს.

–რამდენად ორიენტირებულია საქართველოს მთავრობა სტიმულირებაზე და კერძო სექტორში თუ არსებობს მექანიზმი, რომ ამ სტრატეგიებს მიმართონ?

–პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ენერგიის დაზოგვა, ეს არის თითოეული ჩვენგანის ქცევის შეცვლა. ამაში უპირველესი როლი ენიჭება სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფო უნდა იყოს იმ ნაბიჯების მოკარნახე მოქალაქეებისთვის, რომ მათ გაუჩნდეთ სურვილი იყვნენ ეკოლოგიურად მეგობრები. ევროკავშირს აქვს ხუთი მიზანი და ხუთი ფაქტორი, რომელიც ეხება დასაქმებას, უმუშევრობას და სიღარიბეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე გადასვლა. ისეთმა განვითარებულმა ქვეყანამ როგორიც არის გერმანია, ჯერ კიდევ 11 წლის წინ 377 მილიონი ევრო გამოყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წახალისების კუთხით და ყოველწლიურად 30 პროცენტით იზრდება ეს სუბსიდია.

–რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესებში მარკეტინგის როლი და რას აკეთებენ ამ კუთხით საწარმოები?

–ზოგადად ბოლო ორიოდე ათწლეულია რაც ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ სპეციალისტები, რომლებიც არიან ამ კუთხით დაინტერესებულები. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა არ არის იმფორმირებული იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია. ენერგოეფქტურ ტექნოლოგიას განვიხილავ, როგორც ინოვაციას. შესაბამისად ინოვაციას სჭირდება დანერგვა, მოთხოვნის შექმნა და ადამიანის ქცევის ცვლილება, რომ გადაეწყონ და გადავიდნენ ინოვაციურ მოწყობილობაზე. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პირველ რიგში ინტეგრირებული კომუნიკაციები, რომ ადამიანების სურვილი და ქცევა შეცვალონ. ბუნებრივია ამ კუთხით მნიშვნელოვანი მარკეტინგული სამუშაოებია ჩასატარებელი. მე ვიცი არაერთი კომპანია, რომელიც გადადის მზის ენერგიაზე, ვინაიდან ყველაზე დიდი მომხმარებელი ენერგიის ეს არის შენობები და ტრანსპორტი. ყველაზე დიდი ენერგია იხარჯება შენობების გათბობა და კონდიცირებისთვის და ამიტომ თანამედროვე ორგანიზაციები ცდილობენ, რომ არ ჩამორჩნენ ტენდენციას და გადავიდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

ლევან ლაგვილავა

Share