Home » ფინანსები » „საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. ეს, ერთი შეხედვით ცალსახად კარგი ამბავი იქნებოდა, რომ არა ერთი მაჩვენებლის საგანგაშო მდგომარეობა, კერძოდ კი ინფლაციის. მათივე პროგნოზით, მიმდინარე, 2021 წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 9.5%-მდე გაიზრდება.

ანუ რა გამოდის, ეკონომიკური ზრდა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ფასების საერთო დონის ზრდა, რაც, სამწუხაროდ, როგორც ადრე დავწერე, გაანეიტრალებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

არც რეგიონის ქვეყნებშია მაინცდამაინც კარგი საპროგნოზო მაჩვენებელი:

სომხეთი – ეკონომიკური ზრდა 5.2%; ინფლაცია 5.5%.

აზერბაიჯანი – ეკონომიკური ზრდა 2.2; ინფლაცია 4.5.

რუსეთი – ეკონომიკური ზრდა 3.8%; ინფლაცია 5.8%.

„აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლით, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნაურუ, სოლომონის კუნძულები, ვანატუ, მიანმარი, ბანგლადეში, ბუტანი და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

არ მინდა ვიფიქრო ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ცენტრალური ბანკები გაცილებით უკეთ მართავენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ფაქტი კი ისაა, რომ ბოლო წლებში ინფლაციის მოთოკვა დიდ თავსატეხად ექცა ეროვნულ ბანკს და მიმდინარე წელს ერთ-ერთი ლიდერი ვართ ამ მხრივ.

არ იქნება მართებული ნახევარი სიმართლის თქმა და იმის დაიგნორება, რომ თურქეთში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია ( 19.25%;  Fitch-ის 2021 წლის საპროგნოზო 17.2%) არ მოქმედებს ჩვენზე, რადგან უკვე წლებია თურქეთი ჩვენთვის #1 საიმპორტო ქვეყანაა (მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით). საერთოდ, თურქული ფენომენი ერთობ საინტერესოა. ბოლო 2 წელიწადში, თუ არ ვცდები, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი 3-ჯერ შეიცვალა. თან დაბალი ინფლაცია უნდათ და თან რბილი მონეტალური პოლიტიკაც 

თუმცა, მხოლოდ თურქული ფაქტორი და პანდემია არ არის იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოს მოსახლეობას მაღალი ინფლაცია აწვება ტვირთად. პანდემიამდეც უჭირდა ეროვნულ ბანკს მიზნობრივი ინფლაციის დონის დაფიქსირება და შედეგად, პანდემიას უკვე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელით შევხვდით (6.4%). ამ მაჩვენებელმა დიდი პროვოცირება გაუკეთა დღეს არსებულ ინფლაციის მაღალ დონეს”, – წერს აფბას ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე.

Share