Home » საზოგადოება » საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, აზიმ იბრახიმს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ.

შეთანხმება ასევე მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.

დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

Share