Home » საზოგადოება » საქართველოს ველური ვაზის დაცვის მიზნით, 70 ფორმა უკვე მოძიებულია

საქართველოს ველური ვაზის დაცვის მიზნით, 70 ფორმა უკვე მოძიებულია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამწლიანი პროექტის მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვაა.

„პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრაზე გააცნო. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მოძიებულია ველური ვაზის 70 ფორმა. მიმდინარეობს ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. პარალელურად, მეცნიერები ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს სწავლობენ, საკონტროლოდ კი, საფერავი და კაბერნე სოვინიონი აქვთ აღებული.

აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზის და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას, ვაზის ქართულ ჯიშებთან ერთად, „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.

პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share