Home » საზოგადოება » საქართველოს უვაქცინო წელიწადი ემუქრება – ანესთეზიოლოგის წინასწარი პროგნოზი

საქართველოს უვაქცინო წელიწადი ემუქრება – ანესთეზიოლოგის წინასწარი პროგნოზი

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საქართველოს უვაქცინო წელიწადი ემუქრება. როგორც „ინტერპრესნიუსს” კალოიანმა განუცხადა, “ამბიციური გეგმა, რომელიც ახლა ხელისუფლებას აქვს, სამწუხაროდ, მიუღწეველია – აუცილებელია, ეპიდემიოლოგიური მართვის მწყობრი გეგმა, რადგან ისევ “ლოქდაუნში” არ აღმოვჩნდეთ”.

„ოფიციალური პირებიდან ვიცით, რომ არის პრობლემა, მაგრამ რა პრობლემაა, სად შეიქმნა პრობლემა – რაოდენობაში, მოწოდებაში, ბიუროკრატიაში, ტრანსპორტირებაში. რეალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. საერთოდ ამ მიმართულებით რამე მსჯელობა ძალიან რთულია. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მიზეზი რატომ მოხდა გადაწევა, არ ვიცით… მე ხელისუფლების მეხოტბეთა რიგს ნამდვილად არ მივეკუთნები, მაგრამ ხელისუფლების დადანაშაულება ამ საკითხზე ძალიან მიჭირს. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ თავიდან მცდარი სტრატეგია აირჩია, გვიან დაიწყო, ვერ გარისკა მწარმოებლებთან ურთიერთობა და შესაბამისი, შედეგიც გვაქვს. ამ პროგნოზში ძალიან მინდა ვცდებოდე და დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ მე მგონია, რომ ის ამბიციური გეგმა, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს, სამწუხაროდ, მიუღწეველია. ჩვენ რეალურად უვაქცინო წელიწადი გველოდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიური მართვის მწყობრი გეგმა, რომ ისევ პრობლემებში, ისევ “ლოდაუნში” არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ეს ყველაფერი ისე უნდა გადავიტანოთ, რომ “ლოქდაუნი” ისევ არ დაგვჭირდეს”, – განაცხადა კალოიანმა.

Share