Home » საზოგადოება » “საქართველოს ტურისტულ სექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა”
"საქართველოს ტურისტულ სექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა"

“საქართველოს ტურისტულ სექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა”

“ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტები ხელს  შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”

საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი რომ გააჩნია ეს უცხო და ახალი არავისთვისაა, თუმცა ეს უძველესი ქვეყანა, ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალი და აღმოუჩენელია. ტურიზმი ხომ სწორედ ის სფეროა, სადაც წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ტურისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მათი უფლებების უზრუნველყოფას. ამდენად, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემები, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანის გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. რა გამოწვევების წინაშე დგას და რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს ტურისტულ სექტორს. ამ საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსები” ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს ესაუბრა.

– როგორც  ცნობილია 2017 წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობამ  იმატა. რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

საგრძნობლად იზრდება სხვადასხვა მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების შემოდინება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა რუსეთიდან. ვიტყოდი, რომ შარშანდელთან შედარებით ეს წელი დატვირთვის კუთხით უფრო უკეთესი იყო. როდესაც ტურიზმის ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ტურისტების რაოდენობით არ უნდა შემოვიფარგლოთ. შეფასებული უნდა იყოს შემოსავლები და მხარჯველუნარიანობა და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით უნდა იყოს ისეთი პირობები, რომ მომავალში ტურისტები საქართველოში დაბრუნდნენ. საკმაოდ ქაოტური მდგომარეობა არის სერვისის და ინფრასტრუქტურის კუთხით, რაზეც დიდი ჩივილები არის ჩამოსული ტურისტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს და გადაიდგას სწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

– მომავალში ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, გაიზრდება მოთხოვნა კომპეტენტურ პერსონალზე. უხარისხო მომსახურება სტანდარტების დარღვევას, რიგ შემთხვევაში კი უცხო ენების არცოდნას უკავშირდება. კეთდება თუ არა რამე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და რა როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს ჩართულობას ამ მიმართულებით?

ზაფხულის თვეში ტარდება რუტინული გადამზადების 2 დღიანი ტრენინგები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ორ დღიანი გადამზადება არ არის საკმარისი. კერძო სექტორმა გარკვეული თანხა უნდა ჩადოს თავისი კადრების გადამზადებაში, მაგრამ აქ არის კომპლექსური მიდგომა და განათლების სისტემაში აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები, როგორც პროფესიულ, ასევე, უმაღლეს განათლებაში. მეორე მხრივ, გარდა თეორიული მომზადებისა, აუცილებელია შემოღებულ იქნას სავალდებულო პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კადრების განვითარებას.

– ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას,მაგრამ  ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები,რომლის მოგვარებაც ძალიან მნიშვნელოვანია რათა ტურისტების უკმაყოფილების დონე შემცირდეს. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს ტურისტული სექტორი?

პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ ადამიანურ უნარებს და კვალიფიკაციას ადგილობრივ ბაზარზე, რაც სულ უფრო და უფრო პრობლემატური ხდება. რაც უფრო მეტი სასტუმრო იხსნება და რაც უფრო ფართოვდება კერძო სექტორის საქმიანობა, მით უფრო დეფიციტური არის კვალიფიციური კადრები ქვეყანაში. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, არსებული ინფრასტრუქტურა გარკვეულ კურორტებზე ცუდ მდგომარეობაშია და ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ რეგიონებიც დაიტვირთონ. ასევე აუცილებელია აღვნიშნო კომუნიკაციები, წყლის და ელექტრო ენერგიით მომარაგება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იყოს მოგვარებული, რადგან როდესაც ზამთრის ტურისტული სეზონია ბაკურიანში, გუდაურში და სხვა კურორტებზე, ამ შემთხვევაში მიუღებელია, რომ გაზი და წყალი შეფერხებით მიეწოდებოდეს დამსვენებელს. არ ვიცი რამდენად აქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფოს, თუმცა ცხადია რომ პრობლემები არსებობს.

– რა პოტენციალი აქვს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტურიზმის დარგი სწორად და სწრაფად განვითარდეს საქართველოში?

ისტორიული, კულტურული და ენობრივი რესურსებიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობები გვაქვს, როგორც ტურისტული პროდუქტების განვითარების, ისე მიზნობრივი ბაზრების ათვისების კუთხით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე ჩვენი ცნობადობის გაზრდაზე საერთაშორისო ბაზარზე, რაც დღესდღეობით ლიმიტირებულია კონკრეტულ ბაზრებზე და არ ხდება დივერსიფიკაცია. 

წლიდან წლამდე ერთი და იგივე ქვეყნებზე მიდის მარკეტინგული ინვესტიციების ჩადება რაც ვფიქრობ  არის არასწორი, რადგან აუცილებელია ხდებოდეს ბაზრების გამრავალფეროვნება. მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო ბაზა იყოს ბევრად უფრო მოქნილი და განახლებული. მეორე მხრივ, კარგად მომზადებული 5 წლიანი სამოქმედო გეგმა და სწორად შემუშავებული სტრატეგიის დანერგვა არის აუცილებლი. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორსაც ეცოდინება როგორ დაგეგმოს თავისი აქტივობები. ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტები კი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ დარგის განვითარებას.

ლევან ლაგვილავა

Share