Home » საზოგადოება » საქართველოს პრობლემების NDI-სეული ხედვა
საქართველოს პრობლემების NDI-სეული ხედვა

საქართველოს პრობლემების NDI-სეული ხედვა

62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე 2017 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები.ქვეყნის განვითარების კურსი, საცხოვრებელი პირობები, ეროვნული და დაგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ხელისუფლების საქმიანობასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები. ეს ის თემებია, რომელიც NDI-ს კვლევამ მოიცვა.

კითხვაზე თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა 35% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 27%-ის აზრით ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 20% კი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზას ადგას. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან კვლევაში მონაწილე იმ მოქალაქეების აზრი, ვინც ფიქრობს რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება კლებადია. კვლევაში ასევე დასმული იყო კითხვა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობაზე 2014 წლის ივნისის შემდეგ. 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით 21%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეების აზრი ვინც ფიქრობს, რომ მათი პირობები გაუმჯობესდა. 49%-ის აზრით მათი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – 52% სამუშაო ადგილებს, 31% – სიღარიბეს; 30% – ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.

28% – ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას; 25% – ყველაზე აქტუალურ პრობლემად ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% – პენსიებს, 16% კი, ხელფასებს ასახელებს.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში – მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდება. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდება, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩება, 10%-თვის ნაწილობრივ გაუარესდება. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად, ხოლო 38% დასაქმებულად თვლის.

საინტერესოა ასევე ფულად დანახარჯზე და შემოსავალზე დასმულ კითხვებზე პასუხები. მაისში გამოკითხული რესპოდენტების დიდი ნაწილის ხარჯი და შემოსავალი 300 დან 500 ლარამდე იყო, ხოლო 3-4%-ს ჰქონდა შემოსავალი და ხარჯი 1600 ლარზე მეტი.

NDI-ს გამოკითხულთა 52% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 23% კი ცუდად, მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს.

კვლევის ფარგლებში კითხვები დაისვა საგარეო პოლიტიკაზეც. კვლევით თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. საინტერესო კითხვა დაისვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ქვეყანას. 18 დან 35 წლამდე რესპოდენტების 62% ეთანხმება და მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლას, ხოლო 56 წელს ზევით მოქალაქეების 57% კი უვიზო მიმოსვლაში სარგებელს ვერ ხედავს.

NDI-ის ცნობით. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში დასაშვები ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

 

ავტორი: ლევან ლაგვილავა

Share