Home » ფინანსები » საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამა როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი განაცხადი, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის მონაცემებთან ერთად, მიმდინარე წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან, ელ. ფოსტის pilotregions@rda.gov.ge მეშვეობით მიიღება.

„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ და, ასევე, სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას ითვალისწინებს.

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს უნდა შეადგენდეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://rda.gov.ge/projects/read/pilot_regions/52:parent

Share