Home » საზოგადოება » საქართველოს ეროვნული ბანკი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking Awards-ის მიერ 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking Awards-ის მიერ 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დასახელდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ნომინაციაში გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ წელს Central Banking Awards-ის უკვე მეორე ჯილდოა ეროვნული ბანკისთვის. 17 მარტს Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკადაც აღიარა.

დაჯილდოების კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც ეროვნული ბანკის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეზერვების მართვის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ისე გასულ წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დროული და ეფექტიანი ნაბიჯები.

გასულ წლებში რეზერვების მართვის სფეროში ჯილდოები გადაეცათ ბრაზილიის, მექსიკის, შვეიცარიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის ცენტრალურ ბანკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევების მსოფლიო აღიარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რისკების მართვის სფეროში, მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების დანერგვის ლოგიკური შედეგია. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის.

ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა.

ეროვნულ ბანკში ახალი საინვესტიციო პოლიტიკა შემუშავდა და თანმიმდევრულად დაინერგა, აქტივების პასიური მართვიდან მათ აქტიურ მართვაზე შესაბამისი რისკების პარამეტრების დადგენით გადავედით. ლიკვიდობის რისკების უკეთ მართვის მიზნით რეზერვები ტრანშებად დაიყო და შეიქმნა აქტივების სტრატეგიული განაწილების მეთოდოლოგია და სისტემა.

ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან  ფუნქციონირებს პორტფელის მართვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. სწორედ მრავალფუნქციური და საიმედო საინფორმაციო ტექნოლოგიები გახდა რეზერვების მართვის სფეროში წარმატების კიდევ ერთი წინაპირობა.  ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიმართულებით შექმნილმა ინფრასტრუქტურამ, 2020 წლის პანდემიის პირობებში, ეროვნული ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას შეუწყო ხელი. წინასწარ შემუშავებული გეგმის საფუძველზე განხორციელდა მყისიერი გადასვლა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რამაც სებ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების, მათ შორის რეზერვების მართვის პროცესის, სრული დატვირთვის გაგრძელების საშუალება მოგვცა.

რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება. სწორედ ასეთ სტრესთან გვქონდა საქმე 2020 წელს, როდესაც პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო პროცესები ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობაშიც გადაიზარდა.

შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვების გამოყენების თაობაზე და იმავდროულად,  ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტებით, მისი ადეკვატური დონის შენარჩუნებისათვის მათ შევსებაზეც იზრუნა. ამ მიზნით, გაგრძელდა პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გაფორმდა სავალუტო სვოპის ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ცენტრალურ ბანკთან რეპოს ხაზი გაიხსნა. ერთის მხრივ, მოხდა თანხების მიწოდება სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის სხვადასხვა ტრადიციული თუ Covid-19-ის ფონზე ამოქმედებული საგანგებო მექანიზმებით. ხოლო მეორეს მხრივ, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის პირობებში, ფინანსური სექტორის უცხოური ვალუტის ბანკნოტებით მომარაგება განხორციელდა. ყოველივე ამას რეზერვების დიდი ნაწილის მობილიზაცია სჭირდებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების უდიდესი ნაწილი დაბალი საკრედიტო რისკის საიმედო და მაღალლიკვიდურ ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. ამ მიდგომამ ეროვნულ ბანკს შიდა ბაზარზე აშშ დოლარის საჭირო ლიკვიდობის შეუფერხებლად მიწოდების საშუალება მისცა.

სწორედ რეზერვების რისკების მართვის სფეროში სწორმა სტრატეგიულმა მიდგომამ და პანდემიის საპასუხო ნაბიჯებმა განაპირობა Central Banking-ის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისთვის 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოს მინიჭების თაობაზე.

Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.

დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის “საზაფხულო შეხვედრების” ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ორ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.

Share