Home » ეკონომიკა » „საქართველოს ენერგეტიკა კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს“ – ზურაბ ნოღაიდელი

„საქართველოს ენერგეტიკა კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს“ – ზურაბ ნოღაიდელი

„გამოწვევა, რაც განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და საქართველოს პერსპექტივებს და რაც უნდა განვიხილოთ დადებით კონტექსტში, ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მეზობლების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები სწორ და დადებით კონტექსტში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოთხივე მეზობელთან  საკმაოდ  მყარი მაღალი ძაბვის კავშირი  აქვს და შესაბამისად, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოოს ელექტროენერგიის გაცვლა.

„ასეთი მყარი კავშირებით ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ამიტომ, ჩვენ და ჩვენმა მეზობლებმა ეს უპირატესობები ურთიერთსასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს საბაზო ელექტროენერგიის მიღების ჭარბი შესაძლებლობები. ჩვენზე ბევრად უკეთესი, ჩვენზე ბევრად უფრო იაფი. მაგრამ ჩვენ გვაქვს პიკური საათების და ზაფხულის ელექტროენერგიის უფრო უკეთესი შესაძლებლობები.

საქართველოს ენერგეტიკა  კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს, როდესაც  ეს ჩვენი უპირატესობები – ზაფხულის და პიკის საათების ჭარბი ელექტროენერგია გაიცვლება საბაზო და ზამთრის პერიოდის ელექტროენერგიაზე, მაგალითად იგივე აზერბაიჯანთან (თუმცა, შესაძლებელია ეს მოხდეს სხვა მეზობლებთანაც), ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსექტორი, რომელიც დღესაც საკმაოდ ეფექტურია, მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

 

Share