Home » ეკონომიკა » „საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების კუთხით“

„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების კუთხით“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს – აჭარაში საზღვაო ფერმას და გადამმუშავებელ საწარმოს და თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების კუთხით. ამ პოტენციალს მაქსიმალური ათვისება სჭირდება, რისთვისაც, 2020 წელს, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

კომპანიამ ,,მარიკულტურა გეორგია“ პირველი ნაბიჯები გადადგა და წარმატების მაგალითი პრაქტიკაში უკვე გაჩნდა. იმისათვის, რომ კიდევ მეტი იყოს ასეთი წარმატებული წარმოება, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს.

ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, აკვაკულტურის და მარიკულტურის განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა, რაც მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც პირველადი, ასევე შემნახველი, გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებას.

სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს კერძო ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ საქართველოში როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის სწრაფ განვითარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებზე (oyster grasoteria gigas).

კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის – 4 წელი სჭირდება. წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს.

სამინისტროს ცნობით, „მარიკულტურა გეორგიას“ პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. იგეგმება პროდუქციის გატანა ექსპორტზე; შემოთავაზება აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონ-კონგიდან და კანადიდან მიღებულია.

მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს.

Share