Home » ბიზნესი » საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 10-მდე ახალი წევრი შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 10-მდე ახალი წევრი შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „მეიჯერელი“ არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს.

მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიაში 63 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი 2 500-ზე მეტი წევრისგან შედგება და საქმიანობას 3 ქალაქის, 5 ოფისიდან აწარმოებს: სამი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ამჟამად, „მეიჯერელ საქართველო“ 9 პროექტის ფარგლებში მომსახურებას უწევს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ბრენდების მომხმარებლებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

„მოხარულნი ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის რიგებს ახალი წევრები უერთდებიან. ამჯერად სიხარულით მივესალმებით საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელს“. „მეიჯერელი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური დამსაქმებელია, რომელიც მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავს. კომპანიაში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა მეგობრული, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეიჯერელის“ თანამშრომლობა მეტად საინტერესო და პროდუქტიული იქნება“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს ინფორმაციას ახალი წევრებისა და მათი ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

Share