Home » ბიზნესი » „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს განმარტავს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს განმარტავს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ასოციაციის განმარტებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ნავთობზე ფასების მატება დაიწყო.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე ფასების ზრდა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის დაწყებას, ვინაიდან ამან გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით.

პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან. კერძოდ, მასობრივი კარანტინისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება.

გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე/ღამეში).

განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათან ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშნულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე/ღამეში ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს/ბარელზე შეადგენს.

ასევე, აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება.

კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3 პროცენტით.

ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირპროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43 პროცენტი), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8 პროცენტი).

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,45-2,50 ლარი/ლიტრზე,

პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,68-2,71 ლარი/ლიტრზე,

სუპერი ტიპის ბენზინი – 2,77-2,81 ლარი/ლიტრზე,

ევრო დიზელის საწვავი – 2,63-2,73 ლარი/ლიტრზე,

დიზელის საწვავი – 2,53-2,67 ლარი/ლიტრზე.

ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდულ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში“, – ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციაში.

Share