ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს. საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ (კრედიტონ ჯის) რეგისტრაცია უკვე გააუქმდა.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 8 სექტემბრის №795 განკარგულება.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი.
ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64), მხარისთვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე“ – აღნიშნულია განკარგულებაში.
ცნობისათვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ლიკვიაციის დაწყებამდე, რეესტრის ბოლო ამონაწერით მისო-ს დირექტორის პოსტი ეკავა ალექსანდრე ლომაძეს, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კვიპროსში რეგისტრირებული შპს ქრიმ ფაინანს ჰოლდინგ-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. დაწყებული 2017 წლიდან, როდესაც სებ-მა სესხებზე ეფექტური საპრიცენტო განაკვეთზე ზედა ჭერი დააწესა, ბაზარზე ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების და მისო-ების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. თუ 2017 წლის დასაწყისში ბაზარზე 82 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, სებ-ის 2021 წლის იანვრის სტატისტიკით, მათი რიცხვი მხოლოდ 40-ს შეადგენს.