Home » საზოგადოება » “საქართველოს აეროპორტები ფრენებზე გაზრდილი ნაკადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას ვერ იძლევა”
"საქართველოს აეროპორტები ფრენებზე გაზრდილი ნაკადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას ვერ იძლევა"

“საქართველოს აეროპორტები ფრენებზე გაზრდილი ნაკადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას ვერ იძლევა”

“ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან, რასაკვირველია, შესაძლებელია საქართველო ტურისტების გამტარი ქვეყანა გახდეს”

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 3 თვის განმავლობაში, აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 621 828 მგზავრი. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43.62%-ით არის გაზრდილი.

აქედან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა (ზრდა 41.29%). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 68 369 მგზავრმა ისარგებლა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით მეტია. 3 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილია 23 696 მგზავრი, რაც 14.19%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მგზავრების გაზრდილი მონაცემების და საქართველოში ავიაციის განვითარების პერსპექტივის შესახებ “ბანკები და ფინანსები” ავიაციის სპეციალისტს იასე ზაუტაშვილს დაუკავშირდა.

როგორც ყველასთვის ცნობილია საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა, თქვენი აზრით, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება?

– პირველ მიზეზია ტურისტული ნაკადების ზრდა, მეორე სავიზო ლიბერალიზაცია, მესამე მიზეზი არის აქტიური სეზონი. ზოგადად, ავიაციის გააქტიურება მაისიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ამ პერიოდში, როგორც წესი მგზავრთა ნაკადი მკვეთრად მატულობს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია საქართველოს გახდეს ტურისტების გამტარი ქვეყანა, როგორც მაგალითად თურქეთი?

– ზოგადად, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან, რასაკვირველია, შესაძლებელია საქართველო ტურისტების გამტარი ქვეყანა გახდეს.  იმ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან ევროპისა და ამერიკის მიმართულებით არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან) ევროპისკენ გაცილებით უფრო მოკლეა მანძილი როგორც დროში, ისე საფრენად, ვიდრე იგივე თურქეთიდან, ან სხვა ქვეყნიდან, ამ მიზეზებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ე.წ. სატრანსპორტო ჰაბის   ფუნქცია არის აბსოლუტურად მორგებული და მისაღები. ალბათ, ეს არის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველო იქცეს ჰაბად ამ გაზრდილი ტურისტული ნაკადის გადაადგილებაში.

რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას რესურსი, რომ გახდეს ტურისტების გამტარი ქვეყანა და რამდენად გვაქვს ამის განხორციელების რეალური შესაძლებლობა?

– საქმე იმაშია, რომ ქვეყანას გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად,  შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გააჩნდეს. სამწუხაროდ, ჩვენ რეალობაში ქუთაისის,  თბილისის და ბათუმის აეროპორტები ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფრენებზე მგზავრთა გაზრდილი ნაკადების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. აქედან გამომდინარე, რთულია კონკურენცია გაუწიო ჩვენი მეზობელი ქვეყნების აეროპორტებს იმდენად, რამდენადაც იქ გაცილებით განვითარებული ინფრასტრუქტურა არის, მაგალითად, თურქეთში. ამიტომ, პირველ რიგში, ამ მიმართულებით სამუშაოები უნდა გავააქტიუროთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვითარდეს “სატრანსპორტო ჰაბის” შესახებ გეგმა.

როგორ მიგაჩნიათ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, რომელიმე ქალაქში დაემატოს ახალი აეროპორტი?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თელავის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ განხილვები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურული დახვეწა და განვითარება საშუალებას მოგცემს, ეს მოთხოვნა გავზარდოთ.

– პატარ–პატარა აეროპორტების მშენებლობას აქვს მოკლევადიანი ეფექტი. ვთქვათ, მესტიის, სენაკის თუ ამბროლაურის აეროპორტი ჩვენ გვაძლევს საშუალებას მხოლოდ შიდა რეისები განვავითაროთ და შიდა ფრენებით დავაკმაყოფილოთ. საერთაშორისო აეროპორტებს აბსოლუტურად სხვა პარამეტრები  სჭირდებათ  დიდი სივრცე, სატრანზიტო დერეფანი, შიდა ინფრასტრუქტურული და სხვა მომსახურების და ა.შ. რომელიც მოგზაურთა დიდი რაოდენობის გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

რუსკა ჩერქეზიშვილი

Share