Home » ეკონომიკა » საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაიუმჯობესა
საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაიუმჯობესა

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაიუმჯობესა

ქვეყნის ეკონომიკის ღიაობისა და თავისუფლების ინდიკატორები საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება. ბუნებრივია, აქტიურად იწარმოება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების თავისუფლების შეფასება და მათი ინდექსირება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეიტინგები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური განვითარების კუთხით. იმდენად, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორები და, ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყნით დაინტერესებული პირები, სწორედ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებით ხელმძღვანელობენ. ამდენად, რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავება ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

2017 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და 23-ე პოზიციიდან 13-ზე დაწინაურდა. როგორც ეკონომიკური პორტალი ბპნ.გე წერს, Heritage Foundation-ის 2017 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 76,0 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. ინდექსის თანახმად, რეგიონში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა ლუქსემბურგის წინ და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

როგორც ინდექსშია აღნიშნული, ფინანსური დისციპლინისკენ გადადმული ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მძლავრი იმპულსი ეკონომიკური აქტივობის ლიბერალიზაციის კუთხით.

“სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლქვეშაა. ღია ბაზრის პოლიტიკამ, რომელიც მხარდაჭერილია კონკურენტული დაბალი გადასახადებით და ეფექტურმა რეგულაციებმა ქვეყანაში ვაჭრობა და ინვესტიციები გაზარდა. ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია გაიზარდა, ანტიკორუფციულმა ძალისხმევამ კი შესამჩნევი შედეგები მოიტანა”, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

“მსოფლიოში აღიარებული გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ამჟამად გამოქვეყნებული, 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო შევიდა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით გამოჩენილ ქვეყნების ოცეულში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტორია ჩვენთვის. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა მეცამეტე ადგილი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოზიციები, წინა წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების ხარისხსაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

“წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საკუთრების უფლებები, ბიზნესის თავისუფლება, და ფისკალური სიჯანსაღე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე და არათუ ჩვენი უშუალო მეზობლები, არამედ უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებიც ჩვენზე ბევრად უკან არიან ამ რეიტინგში”, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

2017 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების მხრივ 10-დან 4 კომპონენტში – საკუთრების უფლება, სამთავრობო ჩართულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომითი თავისუფლება – გაუმჯობესდა, 3 კომპონენტში – მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი – გაუარესდა, ხოლო 5 კომპონენტში – სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა, ფისკალური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება – უცვლელი დარჩა.

ერთადერთი კატეგორია, სადაც 2012 წლიდან დღემდე ვითარება გაუარესებულია, სწორედ შრომის თავისუფლების ინდექსი გახლავთ. შრომის თავისუფლება პირველ რიგში მოიაზრებს კონკრეტული შრომითი საქმიანობის განხორციელებას ან მის განხორციელებაზე უარის თქმის უფლებას. ფართო გაგებით იგი იმავდროულად მოიცავს პროფესიის არჩევის თავისუფლებას, ვინაიდან ამ თავისუფლების გარეშე სრულად ვერ იქნება უზრუნველყოფილი შრომის თავისუფლება. აღნიშნული ინდექსი 2012 წელს არსებული 92 ქულიდან 75.7 ქულამდე შემცირდა. კომპონენტი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად მკაცრია შრომის ბაზრის რეგულაციები. კერძოდ, მინიმალური ხელფასის, დროებითი გათავისუფლების, იძულებითი განაცდურის კომპენსაციის და სამუშაო საათების რეგულაციები. ამ კომპონენტში საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესობას უსწრებს, რადგან მისი რეგულაციები ნაკლებად მკაცრია. უნდა ითქვას, რომ შრომის თავისუფლების ინდექსის გაუარესება უმეტეს წილად დაკავშირებულია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ ლიბერალური იყო და დამქირავებელს თავის შეხედულებებისამებრ შეეძლო დაქირავებულის მიმართ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, შრომის კოდექსში ძირეული ცვლილებები 2013 წელს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც დაქირავებულის უფლებები მკვეთრად გაიზარდა და მაქსიმალურად ჰარმონიზაციაში მოვიდა ევროპულ შრომის კანონმდებლობასთნ.

რასაკვირველია, რეიტინგებში მოწინავე პოზიციები ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგია, თუმცა ეს რეალობა, მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ ზემოთ მოცემული კატეგორიების გაუმჯობესება უნდა იყოს. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგები აჩვენებს, რომ საკუთრების დაცვა, კორუფცია და სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ძირეული და ქმედითი რეფორმების გატარება, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობის გაძლიერებას.

2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ხუთეულში არიან ჰონგ კონგი (89.8 ქულა), სინგაპური (88.6 ქულა), ახალი ზელანდია (83.7 ქულა), შვეიცარია (81.5 ქულა) და ავსტრალია (81 ქულა), რომლებიც ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ. ინდექსის ბოლო საფეხურებზე კი ერითრეა (42.2 ქულა), კონგო (40 ქულა), კუბა (33.9 ქულა), ვენესუელა (27 ქულა) და ჩრდილოეთ კორეა  (4.9 ქულა)არიან.

ანდრია ბარამიძე

Share