Home » ფინანსები » საპროტესტო აქციების და პოლიტიკური თამაშების გამო, ისევ ლარი იჩაგრება
საპროტესტო აქციების და პოლიტიკური თამაშების გამო, ისევ ლარი იჩაგრება

საპროტესტო აქციების და პოლიტიკური თამაშების გამო, ისევ ლარი იჩაგრება

მიმდინარე კვირას ლარმა გაუფასურება განაახლა და ის კიდევ ერთხელ გადასცდა 2.97 -იან ნიშნულს. თუმცა, ლარის გაუფასურება ახალი არავისთვისაა, ისევე როგორც, მიმდინარე კვირას გამართული საპროტესტო აქციები და მღელვარება აღარ უკვირს არავის. თუმცა, საინტერესოა, თუ რამდენად აქვს ამ ორ ფაქტორს კავშირი ერთმანეთთან.

უფრო კონკრეტულად საინტერესოა, თუ რამდენად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე ქვეყნის შიგნით, თითქმის პერმანენტულად მიმდინარე აქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა. ამის გასაგებად კი მაკროეკონომიკური პარამეტრების გარდა, ერთად გადავავლოთ თვალი, იმ საპროტესტო აქციების ტალღებსა და მღელვარებას, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე გამოიარა ქვეყანამ.

ბოლო 2 წლიან მონაკვეთს თუ გადავხედავთ, პირველი მასშტაბური საპროტესტო აქციები გასული წლის მაისის დასწყისში გაიმართა. მაშინ ახალგაზრდების ნაწილი ღამის კლუბებში პოლიციის ანტინარკოტიკულ რეიდებს აპროტესტებდა. პროტესტი რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მხოლოდ მას შემდეგ მიწყნარდა, რაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახალგაზრდებს საჯაროდ მოუბოდიშა პოლიციის, საკმაოდ კანონიერი მოქმედებების გამო.

თუმცა, რამდენიმე დღიანი დაძაბულობა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა ეროვნული ვალუტა საშუალოდ 4 პუნქტით დაცემულიყო. კერძოდ, თუ 2018 წლის მაისის დასაწყისში (ანუ მანამ სანამ გამოსვლები დაიწყებოდა) ერთი დოლარის შეძენა 2.45 ლარად იყო შესაძლებლი მაისის ბოლოს, ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარს აჭარბებდა.

პროტესტის მეორე ტალღამ ქვეყანას, მიმდინარე წლის დასაწყისში გადაუარა. კერძოდ, რუსი დეპუტატების ვიზიტითა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებით, აღშფოთებული საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და მთავრობას, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. ამ შემთხვევაშიც პროტესტის ძირითადმა მუხტმა, ისევ რამდენიმე დღეს გასტანა და ამ შემთხვევაში მთავრობამ პროტესტის განეიტრალება, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებით და ცრუ დაპირებით შეძლო, რომელიც მოგვიანებით პროტესტის მესამე ტალღას გამოიწვევს, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

აღნიშნული გამოსვლები, იმით იყო გამორჩეული, რომ ის საგარეო შოკებში გადაიზარდა და პირდაპირი დარტყმა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. კერძოდ, რუსოფობიაში დადანაშაულებით, რუსეთის ფედერაციამ რიგი სანქციები დაუწესა საქართველოს. რომელიც მოგვიანებით ფისკალურ ნაწილში, მნიშვნელოვანი სტრესი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და საშუალოდ 300 მლნ დოლარის დანაკლისი გამოიწვია.

თუმცა, ამ მაკროეკონომიკური ფაქტორების განვითარებამდე, მხოლოდ გამოსვლებმაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ვალუტას და თუ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ერთი დოლარი 2.72 ლარი ღირდა, ივნისის ბოლოს მის შესაძენად უკვე 2.86 ლარი იყო საჭირო.

საპროტესტო აქციების მესამე ტალღა გასულ კვირას დაიწყო და მიმდინარე კვირას, აქციის ძალის გამოყენებით დაშლით დასრულდა. კერძოდ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, პროტესტი მთავრობის დაპირებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწყებული საზოგადოების პროტესტი ქუჩებში გაგრძელდა. როგორც ზემოთ ნახსენებ შემთხვევებში, ამჯერადაც პროტესტის ძირითადმა ტალღამ სულ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ მაინც მოახერხა ლარის კიდევ უფრო დასუსტება და თუ გასულ კვირას ერთი დოლარი 2.95 ივაჭრებოდა, მიმდინარე კვირაში ლარი 2 პუნქტით დაეცა და დღეს ერთი დოლარის ღირებულება, ბლოომბერგ -ის პლატფორმაზე 2.97 აჭარბებს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკის მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

კერძოდ, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, შეიცვალა კომერციული ბანკებისთვის მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმები და ა.შ. ეს ყველა ნაბიჯი მიმართული იყო ეროვნული ვალუტის გამყარების კუთხით, თუმცა მოცემული ნაბიჯების ეფექტის მაქსიმალურად ამოქმედება, სწორედ მოცემული აქციების და დესტაბილიზაციის მცდელობის გამო, ბუნებრივია, ვერ მოხერხდა. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა აჩვენებს ლარი საკმაოდ სენსიტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

აქვე საგულისხმოა ის რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მნიშვნელოვნად არიან გაუარესებულნი და რომელნიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას . ახლა კი უბრალოდ მშრალ რიცხვებს გადავავლოთ თვალი:

მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ, 2019 წლის მეორე კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. თითქმის 300 მლნ დააკლდა ეკონომიკას ტურიზმიდანაც, რომელიც მნიშვნელოვან წილად, ზემოთ ნახსენებ სანქციებს უკავშირდება.

პაატა თურქია

Share