Home » საზოგადოება » საფრთხე რკინიგზიდან – ეროვნული და რეგიონალური უსაფრთოების პრიზმაში დანახული აფხაზეთის რკინიგზა
საფრთხე რკინიგზიდან - ეროვნული და რეგიონალური უსაფრთოების პრიზმაში დანახული აფხაზეთის რკინიგზა

საფრთხე რკინიგზიდან – ეროვნული და რეგიონალური უსაფრთოების პრიზმაში დანახული აფხაზეთის რკინიგზა

რამოდენიმე დღის წინ, მედიაში ისევ გაჩნდა ინფორმაცია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის ვერსია მას შემდეგ “გაცოცხლდა”, რაც თბილისში საქართველოსა და სომხეთის პრემიერების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზეც იყო საუბარი. სომხეთის პრემიერს ალტერნატიული მარშრუტები არ დაუსახელებია. ამის მიუხედავად, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ალტერნატივად აფხაზეთის გავლით დამაკავშირებელი სარკინიგზო გზა განიხილება.

აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, საკითხი წლების მანძილზე აქტუალურდება. მათ შორის, რუსი პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე რუსული მედიის მეშვეობით. თუმცა, საქართველოს პოლიტიკური ელიტის უმრავლესობაში, აღნიშნული თემის ირგვლივ, პრაქტიკულად, ერთსულოვანი მიდგომა არსებობს. კერძოდ, ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას უტოპიად მიიჩნევენ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ, რეალურად, გამორიცხულია საქართველოსთვის მისაღები საზღვრების აღიარება. უფრო კონკრეტულად, ჩვენ, ქართველები და მთელი განვითარებული სამყარო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს აღიარებს ვთანხმდებით, რომ საქართველოს საზღვარი ფსოუზე გადის. თუმცა, რუსეთი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ერთ მხარეს არიან და ამბობენ, რომ საზღვარი ენგურზეა. ცხადია, ეს არის ის პრინციპული შეუთავსებლობა, რომელიც ჩანასახშივე კლავს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის იდეას.

პოლიტიკური შეფასებები

სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“ამ დღეების განმავლობაში, საკითხს ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა გაუგებარი მიზეზებით. მე ვფიქრობ, ძალიან ცალსახა განცხადებები გაკეთდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც განიხილებოდა. რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ადასტურებს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს. კალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობაც არ ყოფილა.
„პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე სერიოზული საუბარი შედგება ეს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება და, შესაბამისად, აღნიშნული თემის სერიოზულად განხილვა არ ღირს.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სრულიად დაუშვებელია. ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს და სეპარატისტებს ახეირებს.

ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან. აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად ცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა. ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

რკინიგზა – ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზა?

რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სატრანზიტო მოძრაობის აღდგენის საკითხი საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ გახდა აქტუალური. ამ ინიციატივით, იმ დროინდელი რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ სარკინიგზო სატრანზიტო მოძრაობის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა კონფლიქტის მოგვარების ერთ – ერთ წინგადადგმულ ნაბიჯი იქნებოდა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით მას თავისი ხედვა გააჩნია.
აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენისა და სომხეთთან სარკინიგზო ტრანზიტის განახლების საკითხი, შევარდნაძის მმართველობის მიწურულს ასლან აბაშიძემ წამოწია. იმ პერიოდში, კრემლი აბაშიძეს შევარდნაძის შემცვლელად მოიაზრებდა, რისთვისაც მარტო აჭარის მხარდაჭერა არ იყო საკმარისი, და ამ უკანსკნელს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში რეიტინგის ამაღლების მიზნით, ქართულ – აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მედიატორის ფუნქცია დააკისრა, სადაც ერთ – ერთ ძირითად საკითხს სწორედ რკინიგზა წარმოადგენდა.

აბაშიძის გამოყენება, რუსეთს საშუალებას აძლევდა, მოლაპარაკებების პროცესი თავისი ინტერესების გათვალისწინებით წარემართა. აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხიც სწორედ რუსეთის მხრიდან სპეციალურად კარგად მოწოდებულ თემას წარმოადგენდა, რაც სინამდვილეში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ლესელიძე – ოჩამჩირის მონაკვეთის განახლებას გულისხმობდა, და არა მთლიანად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.

აზერბაიჯანული ინტერესი

აზერბაიჯანი, რუსეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციების მხრივ, სომხეთთან შედარებით, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ბაქო მოსკოვს პირდაპირ უკავშირდება რკინიგზით, დაღესტნის ტერიტორიის გავლით და აქედან გამომდინარე, ჩვენს კასპიისპირა მეზობელს კომუნიკაციის პრობლემა არ აღელვებს – როგორც იტყვიან, „თავი ქუდში აქვს“.

აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. მათი აზრით, სომხეთს, რკინიგზის გახსნით, რუსეთთან საბაზრო მიმოსვლის ფართო გზა ეხსნება, უადვილდება სავაჭრო მიმოსვლა და ძლიერდება.

აზერბაიჯანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, და ეს უკანასკნელი აზერბაიჯანული მხრიდან მუდმივი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებშიც, რაც ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მოწოდების სპეციალურ ტარიფებსა და განხორციელებულ ინვესტიციებს გულისხმომს. მოცემული კი იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ასევე აზერბაიჯანული მხარეც, და ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ანდრო ღამბაშიძე

Share