Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი – იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი – იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა, მისი ამოქმედებიდან დღემდე ინფლაციურ ფონზე 6.3%-ით მაღალია. ამის შესახებ მან პარლამენტში სააგენტოს 6-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

„დღეს საპენსიო აქტივები წარმოადგენს 1.9 მილიარდ ლარს. აქედან, 11.4% წლიური მიმდინარე მომგებიანობაა. იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%. იგივე პერიოდზე ინფლაციას რომ შევადაროთ, ინფლაცია არის 23.7%, ხოლო ლარის დევალვაცია 16.5%. საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციურ ფონზე 6.3%-ით მაღალია.

ჩვენი საინვესტიციო მიზანია, რომ დავამარცხოთ ინფლაცია საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია, ინფლაცია არის მაღალი, შეიძლება კიდევ უფრო მაღალი ინფლაციაც დავინახოთ წლის ბოლოსკენ, თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.

რაც შეეხება კითხვას საპენსიო აქტივების პორტფელის კრიპტოვალუტაში ჩადებასთან დაკავშირებით, კანონით, ჩვენ არ შეგვიძლია ტრადიციული აქტივის კლასების (აქციები, ობლიგაციები) გარდა სხვა აქტივის კლასების ყიდვა. 2023 წლის ბოლომდე ჩვენ მხოლოდ აქციების, ობლიგაციების, საბანკო დეპოზიტებისა და მსგავსი ინსტრუმენტების შეძენა შეგვიძლია.

2023 წლის შემდეგ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი დანაზოგების პორტფელების 10% განვიხილოთ სხვა აქტივის კლასებში. ამ სხვა აქტივის კლასებშია უძრავი ქონება, პირდაპირ სესხის გაცემა და მსგავსი პირდაპირი წილის ყიდვა კომპანიაში და მათ შორის არის კრიპტოვალუტებიც.

კანონი დღეს იძლევა საშუალებას, რომ 2023 წლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ შედარებით მაღალრისკიანი პორტფელი, დღეს ვართ დაბალრისკიან პორტფელში. ჩვენ შეგვიძლია ამ პერიოდისთვის 10% განვიხილოთ ალტერნატიულ აქტივის კლასებში, რომლის ნაწილიც კრიპტოვალუტაა,“- განაცხადა მელიქიძემ.

bpn.ge

Share