Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს – სამიზნე “თეგეტა” და “ნიკორაა”

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს – სამიზნე “თეგეტა” და “ნიკორაა”

საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. შესაძლებლობა ფონდს, 1 ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ მიეცა.

სააგენტო პირველ ინვესტიციას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საპენსიო სააგენტოს CIO-მ, გოგა მელიქიძემ განუცხადა, სამიზნე ორი კომპანიის “ნიკორას” და “თეგეტას” ემისიებია.

“ნიკორას” შემთხვევაში საუბარია მეორად ბაზარზე, “თეგეტას” შემთხვევაში კი 35 მლნ ლარიან ემისიაზე, სადაც სააგენტოს მანდატის მიხედვით, მხოლოდ 10%-ში ინვესტირება შეუძლია.

თეგეტას ემისია დეკემბერშია დაგეგმილი. ემისიების აგენტი TBC Capital-ია.

TBC Capital-ის მმართველი დირექტორის, მერი ჩაჩანიძის ცნობით, ახალი ემისიები ასევე დაგეგმილია მომდევნო წლის პირველ და მეორე კვარტალშიც. წლის ბოლომდე კი ადგილობრივი კომპანიების ჯამური განთავსებები, ევროობლიგაციების ჩათვლით 4 მლრდ ლარს მიაღწევს.

გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს ერთი კომპანიის რამდენიმე ემისიაში 20%-ზე მეტად ინვესტირების უფლება არ აქვს.

ამავდროულად, მელიქიძის ცნობით, სააგენტო მომდევნო წლიდან საერთაშორისო ბაზარზე გადის და ინვესტირებას ინდექსებში იწყებს. საუბარია “მორგან სტენლის აიშეარის” ინდექსზე, რომლის მეშვეობითაც, პასიური ინვესტიციები დაიწყება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა JP Morgan, მაიკროსოფტი, ფეისბუქი, ტესლა და სხვა. ინვესტირება ინდექსებში უახლოეს კვირებში დაიწყება, ხოლო 2023 წლისთვის პორტფელში მისი წილი 20%-მდე გაიზრდება.

მიმდინარე კვირას ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან საპენსიო სააგენტოს შეხვედრები დაიწყო. თავის მხრივ, კომპანიების მხრიდან ლარში საინვესტიციო კაპიტალზე საკმაოდ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რესურსი ლარში ბანკებთან შედარებით უფრო იაფი იქნება.

ფასიან ქაღალდებსა და ინდექსებში ინვესტირებამდე, საპენსიო დანაზოგები ამ ეტაპზე 8 კომერციულ ბანკშია განთავსებული.

აქტივების 70% დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერთიფიკატებშია დაბანდებული, 30% კი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე დევს.

სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას განცხადებით, საპენსიო აქტივები დღეის მდგომარეობით 1.9 მლრდ ლარის ფარგლებშია, რომელიც მომგებიანობაც 30%-მდეა, რაც თავის მხრივ ფარავს ინფლაციის მაჩვენებელს და წმინდა მომგებიანობა ინფლაციის გარეშე 6%-ის ფარგლებშია.

დანელია ამბობს, რომ ინფლაცია დროებითია, გრძელვადიანი გეგმა ინფლაციის დამარცხებაა და შესაბამისად, არსებულ მაჩვენებლებს ფონდის მომგებიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლა, მაღალი ინფლაციის პირობებშიც კი ფონდის მომგებიანობა ინფლაციას აჭარბებს.

საერთო ჯამში საპენსიო აქტივებს 265 მლნ ლარის სარგებელი დაერიცხა.

ამავდროულად, მელიქიძის თქმით, ინფლაციის რისკების გათვალისწინებით, პორტფელის 35% რეფინანსირებაზეა მიბრმული.

არსებული კანონმდებლობით, ფონდი მოქნილი 2023 წლიდან უნდა გახდეს, მას შემდეგ რაც გარკვეული თანხების აკუმულირება მოხდება. რა პერიოდისთვისაც დანელია ვარაუდობს, რომ საპენსიო აქტივები 3 მლრდ-ის ფარგლებში იქნება.

თუმცა ბაზარი ფონდის შესაძლებლობების ვადაზე ადრე გაფართოებას ითხოვს. ბოლო რამდენიმე დღეში გამართული შეხვედრების შედეგად, მათ შორის პარლამენტში, ბიზნეს ასოციაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, გაჩნდა ინიციატივა, რომ შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სააგენტო ვადაზე ადრე შეძლებს სხვადასხვა სახის ინვესტირებას შემზღუდველი გარემოებების გარეშე.

სააგენტო ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამ ეტაპზე ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ კერძო კაპიტალში შევიდნენ, გასცენ პირდაპირი სესხი და დიდ, კერძო პროექტში, სინდიკატში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, რამდენად მოხეხდება ინიციატივის სწრაფად, 2023 წლამდე შემუშავება და მიღება ჯერ არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ სააგენტო არსებული კანონდებლობის შესაბამისად, 2023 წლისთვის მზადების პროცესშია, როგორც საინვესტიციო, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.

წყარო: Business-partner.ge

 

Share