Home » ეკონომიკა » „საპარტნიორო ფონდი“ მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ – ვახტანგ ჭარაია

„საპარტნიორო ფონდი“ მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ – ვახტანგ ჭარაია

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების ფარგლებში, მისი შემადგენლობიდან სახელმწიფო საწარმოები უნდა გამოიყოს და ფონდმა, როგორც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ გააგრძელოს საქმიანობა“, – ეს განცხადება  თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

„ხშირად პრესაში იწერებოდა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის ზარალიანი, რაც შეცდომაა. სინამდვილეში, თავად „საპარტნიორო ფონდი“ ე.წ. მისი შვილობილი კომპანიების, მაგალითად „საქართველოს რკინიგზის“ გარეშე, რომელსაც თავად ჰქონდა ბუღალტრული ზარალი, შემოვლითი რკინიგზის პროექტისგან გამოწვეული ხარჯებისა და აქტივების ჩამოწერის გამო, წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ მოგებას აჩვენებს. კონსოლიდირებულ ბალანსში მისი შვილობილი კომპანიების ზარალი „საპარტნიორო ფონდზე“ აისახა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ფონდის რეორგანიზაციის ფარგლებში, ამ სახელმწიფო საწარმოების გამოყოფა მოხდეს ისე, რომ ფონდის მოგებიანი კომპონენტი შენარჩუნდეს და მან პროფესიონალი მენეჯმენტისა და პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველობით გააგრძელოს საქმიანობა. საპარტნიორო ფონდის ე.წ. შვილობილი კომპანიების მომავალი სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პროექტში მკაფიოდ არის გაწერილი. ეს საწარმოები სპეციფიკური ხასიათისაა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და დიფერენცირებულად უნდა განვიხილოთ,“ –  აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

Share