Home » საზოგადოება » “სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს”

“სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს”

“შრომის ბაზარზე არსებობს ინფორმაციული ასიმეტრია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მე ვეძებდე სამსახურს, ვინმეს ჰქონდეს ეს სამსახურის შემოთავაზებული, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდეთ, რადგან ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდეს”, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, შრომითი ურთიერთობების სპეციალისტმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე” განაცხადა.

ამით ბექა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველების დასაქმება მოხდება, თანაც ისე, რომ მათ შემწეობა არ მოეხსნებათ.

მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო ადამიანების დასაქმებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

“სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სააგენტოები, ორგანიზაციები, რომლებიც აორგანიზებენ შრომის ბაზარს – დამსაქმებელს და პოტენციურ დასაქმებულს ახვედრებენ ერთმანეთს, ამ პროცესებზე კი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. თუმცა ჩვენთან აღნიშნული ფუნქცია სახელმწიფოდან არავის აუღია. ამ ფუნქციას, დღეს ასრულებს დასაქმების სააგენტო jobs.ge, თუმცა ისე, რომ არ იცის სახელმწიფო, რა პროგრამებს ახორციელებს.

სახელმწიფო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ამ ყველაფერს. ამიტომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბუნდოვანია”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასაქმების კუთხით მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასებია, ხოლო, როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება საშუალო ხელფასზე მეტი აქვს, მას დასაქმების სურვილი სრულად უქრება.

დასაქმების კუთხით, მთავარი პრობლემა არის დაბალი ხელფასი. 2018 – 2019 კვლევის მიხედვით 500 ლარზე ნაკლები ჰქონდა 300 ათას ადამიანს. საშუალოდ ეს არის 280 ლარი. მე თავად ვმუშაობდი ამ კანონზე. 280 ლარიდან გავითვალისწინოთ ხარჯებიც: სამედიცინო, სატრანსპორტო, კომუნალური და ა.შ. რასაკვირველია, ეს საკმარისი ვერ იქნება. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც სოციალური დახმარება აღემატება ხელფასის ოდენობას, რატომ უნდა იმუშაოს ადამიანმა დაბალ ხელფასზე, როცა სოციალური დახმარების საფუძველზე უკეთ იქნება. ამ შემთხვევაში აღნიშნულ დახმარებასაც უარყოფითი გავლენა აქვს – ის ტოვებს ადამიანს ღარიბს, თუმცა ვერ სთავაზობს უკეთეს ალტერნატივას სამსახურის კუთხით. საბოლოოდ, ადამიანი ვერც შრომის ბაზარში ერთვება და ვერც შესაბამისი უნარები უმუშავდება.

ამიტომ, სანამ სოციალური დახმარება მინიმუამდე არ დაიწევს, მანამდე აღნიშნული ინიციატივები არ იმუშავებს“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

Bpn.ge

Share