Home » ეკონომიკა » სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს

კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა; 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება, – ამის შესახებ აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია 500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში „აპიჯეო“ იმყოფებოდნენ, სადაც თაფლის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი თაფლის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს, აწარმოონ ხარისხიანი თაფლი, რომლის ექსპორტიც საფრანგეთში ხორციელდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისათვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 12 მლნ-ს აჭარბებს“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

Share