Home » საზოგადოება » სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება, – ამის შესახებ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.

მათი განცხადებით, სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერეს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM” ახორციელებს.

Share