Home » საზოგადოება » სამშენებლო ამნისტია შესაძლოა, დიდი კორუფციული სქემის ნაწილი გახდეს – გიგლა მიქაუტაძე

სამშენებლო ამნისტია შესაძლოა, დიდი კორუფციული სქემის ნაწილი გახდეს – გიგლა მიქაუტაძე

,,როცა ქვეყანაში ასეთი, კორუფციული სქემები მოქმედებს, ბუნებრივია, რომ სოციალური ფონი ვერ იქნება ჯანსაღი.

კორუფცია ჭამს რესურსებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისკენ უნდა მიემართებოდეს“, – ამის შესახებ ,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი საფრთხის შემცველია და საზოგადოებამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.

,, დღეს იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტეში მოსმენა, ე.წ. სამშენებლო ამნისტიის შესახებ. მე მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, მიაქციონ ამ კანონპროექტს ყურადღება, რადგან ეს არის, ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი და შეიძლება გახდეს დიდი კორუფციული სქემის ნაწილი.

ადგილობრივი არჩვენების წინ, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პარლამენტარები აინიცირებენ კანონპროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება ყველაფერს, რაც აქამდე დაირღვა სამშენებლო სექტორში. მე ინფორმაცია მაქვს, რომ დეველოპერებმა ეს წინსწრებით იცოდნენ და ჰქონდათ კარტბლანში დარღვევებით ეწარმოებინათ მშენებლობა. თუ ეს კანონპროექტი გავა, მათ ეპატიებათ და დაუკანონდებათ ყველაფერი ჯარიმა-საურავების გარეშე. ეს ხდება თვითმმართველობის არჩევნების წინ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დეველოპერები შემდეგში დააფინანსებენ ქართული ოცნების კანდიდატებს.

ჩვენ, ბუნებრივია არ გვაქვს პრეტენზია იმ ადამიანებთან, რომლებმაც სახლში ფანჯარა უნებართვოდ გააკეთა ან ა.შ. როცა ქვეყანაში ასეთი, კორუფციული სქემები მოქმედებს, ბუნებრივია, რომ სოციალური ფონი ვერ იქნება ჯანსაღი. კორუფცია ჭამს რესურსებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისკენ უნდა მიემართებოდეს“- განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში კორუფციული სქემებია, შეუძლებელია სიღარიბის დაძლევა.

,, მე, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვახერხებთ კორუფციული სქემების დაშლას, ადამიანებს სოციალური შემწეობა კი არ გაეზრდებათ, ისინი იშოვიან სამსახურს. ჩვენი მთავარი მისია ესაა, რომ ამ ადამიანებს მივცეთ პროფესიული განათლება და სამსახური. წარმოუდგენელია სხვაგვარად, რომ 700 000 ადამიანს გადავუხადოთ იმდენი, რომ ნორმალურად ცხოვრება მოახერხონ. ნუ მოვატყუებთ ამ ხალხს, რომ სიღარიბის შემცირების გარეშე ეს შესაძლებელია“- განაცხადა მიქაუტაძემ ,,საქმეში“.

წყარო: BPN.GE

Share