Home » ფინანსები » “სამომხმარებლო სექტორიდან ბანკებს ძირითადად ჯარიმების, საურავების მეშვეობით მიღებული შემოსავლები აქვთ”
"სამომხმარებლო სექტორიდან ბანკებს ძირითადად ჯარიმების, საურავების მეშვეობით მიღებული შემოსავლები აქვთ"

“სამომხმარებლო სექტორიდან ბანკებს ძირითადად ჯარიმების, საურავების მეშვეობით მიღებული შემოსავლები აქვთ”

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2017 წლის იანვარსა და მაისში ბანკების წმინდა მოგებამ 352 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 97.5 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მხოლოდ მაისში წინა თვესთან შედარებით საბანკო სექტორს 56.6 მილიონიანი მოგების მატება აქვს. რის და ვის ხარჯზე იზრდება მოგება საბანკო სექტორში – ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა ‘’ბიზნესკოდში’’ ეკონომისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა ისაუბრა.

– ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით ორჯერ აღემატება იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულ შემოსავლებს. რაზე მეტყველებს ეს კონკრეტული ფაქტი?

– პირველ რიგში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბანკები ორიენტირებულები არიან სამომხმარებლო დაკრედიტებაზე. სამომხმარებლო სექტორიდან მიღებული შემოსავლების სტრუქტურას, რომ გადავხედოთ, ჩვენ დავინახავთ რომ ძირითადად არის ჯარიმების, საურავების მეშვეობით მიღებული შემოსავლები. აქ არის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი ის, რომ მოსახლეობას გააჩნია შემოსავლების დეფიციტი, რომელიც გამოწვეული როგორც სამუშაო ადგილების დეფიციტით, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული მოვლენების გამო. მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ საფინანსო ორგანიზაციებმა და კომერციულმა ბანკებმა შექმნეს გაუგებარი დაკრედიტების პრინციპები. მაგალითად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის აკრძალულია სესხის ნაწილობრივ გადახდა და ეს არის პრაქტიკულად სასესხო ხაფანგი.

– ვისი ბრალეულობა იკვეთება იმაში, რომ იანვარსა და მაისში ბანკების შომასავალი მოდის საურავებიდან და ჯარიმებიდან. მომხმარებელი არის გაუთვითცნობიერებელი, ფულადი შიმშილი არსებობს ქვეყანაში და სხვა გზა არ აქვთ ადამიანებს და თანხმდებიან იმ მართლაც არასახარბიელო პირობებზე, რომელიც სასესხო ხელშეკრულებაშია.

– ბანკის ძირითადი მიზანია მოგების მიღებაა და არ აქვს მნიშვნელობა რა წყაროდან იქნება ეს მიღწეული. ამ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას აშკარად უჭირს სესხის მომსახურეობა, მეტყველებს იმაზე , რომ მოსახლეობის შემოსავლების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის დაკრედიტებას, აქაც სავალალო მდგომარეობაა, ვინაიდან ბიზნესის დაკრედიტება მცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს აქვთ ცუდი მიდგომა. ნაკლებად არის დაფინანსებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის სტარტაპი და სხვა.

– ბანკები ორიენტირებული არიან, რომ მოსახლეობიდან ამოიღონ თანხები, რაც ბუნებრივია აფინანსებს იმპორტს, ვინაიდან ასეთი ტიპის სესხები არის ძირითადად იმპორტირებული პროდუქტის შეძენა-განვადებების სახით. რატომ არ შეიძლება, ბიზნესის დაკრედიტება ბანკის ინეტერესებში შედიოდეს?

– მთელს მსოფლიოში საბანკო სისტემები, პირველ რიგში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროექტის მნიშვნელობას და პერსპექტივას. ჩვენთან აბსოლუტურად საწინააღმდეგო სიტუაციაა. ბანკს საერთოდ არ აინტერესებს რა ბიზნესპროექტია, რა მნიშვნელობისაა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა 50%-იან გარანტიაში, ბანკების მხრიდან ამ უზრუნველყოფის შეფასება არის კატასტროფული. ბანკებს ვერ დაავალდებულებ გასცენ ბიზნეს სესხები და შეამცირონ სამომხმარებლო დაკრედიტება. ამ შემთხვევაში ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია სტიმულირების მექანიზმის მეშვეობით. უცხოეთში აპრობირებული მეთოდია ფისკალური სტიმულირება, ანუ ის შემოსავლები რომელიც ბიზნესის დაკრედიტებიდან არის მიღებული შეღავათიან პირობებში გვხვდება.

 

ლევან ლაგვილავა

Share