Home » ბიზნესი » სამეგრელოში მრავალმილიონიანი ტურისტული მარშრუტი „ტობას” განვითარება იწყება

სამეგრელოში მრავალმილიონიანი ტურისტული მარშრუტი „ტობას” განვითარება იწყება

სამეგრელოში მრავალმილიონიანი ახალი ტურისტული მარშრუტი „ტობას” განვითარება იწყება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში „კომერსანტს” განუცხადეს, ტურისტული მარშუტი კურორტ მუხურიდან (ჩხოროწყუს რაიონი) დაიწყება. კონცეფციის მიხედვით იგეგმება ტობას მიმართულებით გზებისა და საბაგიროს მოწყობა.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის მომზადებულია კონცეფცია, უახლოეს მომავალში კი შედგება ჯგუფი, რომელიც პროექტის დეტალურ შესწავლას და კალკულაციას მოახდენს. რა დაჯდება აღნიშნული ტურისტული მარშრუტის განვითარება, ამაზე გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის, მიმდინარე წლის მარტამდე ვერ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ წინასწარი გათვლებით პროექტი საკმაოდ მსხვილ ბიუჯეტიანი, შესაძლოა, რამდენიმე მილიონიანიც იყოს.

მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ტობას განვითარება საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტით ქართველი და უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას გეგმავს. „კონცეფცია უკვე გავაცანით ქართველ ბიზნესმენებს, მათი მხრიდან დაინტერესება დიდია. მარტში დაგეგმილია ბერლინში ერთ-ერთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღებაც, სადაც ტობას განვითარების პროექტით დაინტერესებას შევეცდებით”-აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების კონცეფცია საქართველოს სპელეოკავშირის წევრ, რომან თოლორდავას ეკუთვნის.

სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების გეგმა დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. გეგმის თანახმად, ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე დამთავრდება, სადაც ტურისტს მყინვარული წარმოშობის 7 ტბის მონახულების შესაძლებლობა ექნება. ტობას განვითარების კონცეფციის ავტორი საქართველოს სპელეოკავშირის წევრი, ფოტოგრაფი რომან თოლორდავაა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს (დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, კალაშიშ ტობა, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი), ასევე შესაძლებელია დაემატოს 2 ტობა. ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და კონცეფციის მიხედვით იგეგმება გზებისა და საბაგიროს მოწყობა ტობას მიმართულებით.

ერთ ტურისტულ მარშუტზე შესაძლებელი იქნება შურუბუმეს მღვიმეს, კანიონის და უიშვიათესი მცენარეების დათვალიერება. განვითარების გეგმაში ასევე შედის მდინარე გვალაშარასა და მის კანიონში სამოყვარულო კანიონის განვითარება.

„ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი იქნება ბავშვებისთვის, მოყვარულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებითვის. პროფესიონალი კანიონიგებისთვის მარშუტის მოწყობა კი მდინარე კირაზალაზეა შესაძლებელი. მდინარე ღუნჯი და მისი ჩანჩქერი კი პირველი დონის კანიონიგისთვის იქნება გათვლილი. ტობას განვითარების გეგმის მიხედვით მდინარე ხობზე რაფტინგისა და კანიონიგის განვითარებაც იგეგმება”-აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დაგეგმილია ტურისტული ბილიკების გაშლა. ტბებიდან შესაძლებელი იქნება სვანეთში, დაბა ხაიშში ან მეორე მხარეს, ეგრისისი ქედის სამხრეთ ნაწილში, კურორტ სკურში გადასვლა. კონცეფციის მიხედვით უნდა გაიწმინდოს და დაიგოს გზები, ასევე მოეწყოს საბაგირო ტობას მიმართულებით.

სამეგრელოს მაღალმთიანეთის განვითარების გეგმაში ასევე შედის ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარება. ამ მიმართულებისთვის შერჩეულია ნათიფურუს, ლანჯერის, ოხოჯეს, გვამარდას და კალაშარას მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები. ასევე შესაძლებელია სათევზაო და სანადირო ტურიზმის განვითარებაც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ტობას განვითარების გეგმა მიზნად ისახავს, რომ ტობა ყველასთვის ხელმისაწყდომი გახდეს.

„ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის, ტობას მიმართულებით გაიზრდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. ჩვენი რეგიონის ეს ულამაზესი მხარე ტურისტებისთვის რთულად ხელმისაწვდომია, ინფრასტრუქტურა კი განუვითარებელი. ამჯერად ტურისტებს პირველ ტობამდე 8 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, მეორე ტობამდე კი ეს მანძილი 12 კილომეტრია. გასაყვანია გზები და საბაგირო, ამ პროექტის განხორციელებისთის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მომგებიანი ტურისტული მარშრუტია” – განაცხადა ლევან შონიამ.

ტობავარჩხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 35 მეტრია. ტობავარჩხილი – ვერცხლის ტბა მთის გამჭირვალე ტბის საერთო სახელია. ეგრისის ქედზე ამ სახელწოდების სულ 6 ტბაა.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: სოფო ქსოვრელი 

Share