Home » საზოგადოება » სალომე ვარდიაშვილი: დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის

სალომე ვარდიაშვილი: დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის

წლის ბოლოს ვადა ეწურება ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ 3 წლის წინ დადგენილ ტარიფებს, რომელთა გადახედვა, არსებული გლობალური და ლოკალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, გარდაუვალია. ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ დენის ტარიფის ზრდას, რაც, მათი აზრით, აუცილებელია დარგის გადარჩენისა და გამართული მუშაობისთვის. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში, მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის.

„დაზუსტებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სატარიფო განაკვეთის გაზრდის წინაპირობები არის. ასეთია ჩემი პროგნოზიც, რომ ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. თუმცა, ველოდებით სემეკის საჯარო სხდომას, რომელიც, ტრადიციულად, ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება თვალი ადევნოს, მოუსმინოს და ჩაერთოს პროცესში“, – ამბობს ენერგოომბუდსმენი.

სალომე ვარდიაშვილის პროგნოზით, ტარიფის ზრდის მოცულობა განსხვავებული იქნება სამომხმარებლო და კომერციული სექტორებისთვის. „ბუნებრივია, კომერციული სექტორის ტარიფი რამდენჯერმე მეტად გაიზრდება, სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან შედარებით“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი. მანამდე ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები არ გამორიცხავდნენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორისთვის, საშუალოდ 8 თეთრით გაიზარდოს.

„თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ–ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ–ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ–ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია. არსებული ტარიფები სემეკმა 2017 წელს დაადგინა და მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1–ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია 2020 წლის ადამიანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share