Home » ბიზნესი » საკუთარი ბიზნესების ,,დაკრიშვა” თუ გამართული ბიზნესსაქმიანობა – ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 22.9 მილიონი ლარის ავტომობილები შეისყიდა
საკუთარი ბიზნესების ,,დაკრიშვა" თუ გამართული ბიზნესსაქმიანობა - ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 22.9 მილიონი ლარის ავტომობილები შეისყიდა

საკუთარი ბიზნესების ,,დაკრიშვა” თუ გამართული ბიზნესსაქმიანობა – ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 22.9 მილიონი ლარის ავტომობილები შეისყიდა

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპროტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს 2015 წლის 1 მაისიდან იკავებს. იგი ერთ-ერთია ქართველ მილიონერ მინისტრებს შორის და ,,მედიატორის” კვლევის მიხედვით, ამჟამად ხეჩიკაშვილის ქონება 11 მილიონს შეადგენს. თუმცა, ეს ციფრი მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციიდან გამომდინარეა მიღებული და რეალურად ქონება, შესაძლოა, გაცილებით მეტიც კი იყოს.

ტარიელ ხეჩიკაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში 20-ზე მეტი კომპანია აქვს მითითებული, რომლებშიც წილებს დღემდე ფლობს. მინისტრის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია ,,იბერია ბიზნეს ჯგუფი”, რომელიც საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Kia Motors, Renault, Mitsubishi Motors, Seat.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ. თუ გადავხედავთ აღნიშნული კომპანიების სატენდერო საქმიანობას, 2015 წლის მაისიდან დღემდე, დავინახავთ, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს – ამ ტენდერების საერთო ღირებულება კი 22.9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: ,,იბერია ავტო ცენტრი”, ,,იბერია ავტო”, ,,კია მოტორს ჯორჯია” და ,,კავკასუს მოტორსი”.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილ ტენდერებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: 176 ავტომობილი – შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი ,,იბერია ავტო ცენტრი” – ტენდერის ღირებულება 8.6 მილიონი ლარი, 2017 წელი; 172 ავტომობილი – შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი ,,იბერია ავტო ცენტრი” – ტენდერის ღირებულება 8 მილიონი ლარი, 2016 წელი; 86 ავტომობილი – შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი ,,იბერია ავტო ცენტრი” – ტენდერის ღირებულება – 3 მილიონი ლარი, 2017 წელი.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან 2017 და 2016 წლებში 10 ავტომობილი შეიძინა პროკურატურამ, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 700 ათასი ლარი შეადგინა.

2017 და 2015 წლებში 8 ავტომობილი შეიძინა ფინანსთა სამინისტრომ (6 ავტომობილი ,,კავკასუს მოტორსისგან~ 340 ათასი ლარი, 2 ავტომობილი ,,კია მოტორსისგან” 119 ათასი ლარი). 2015 წელს 7 ავტომობილი შეიძინა დაზვერვის სამსახურმა – ჯამში 287 ათასი ლარი, 2015 წელს თბილსერვისჯგუფმა შეიძინა 6 ავტომობილი – ჯამში 153 ათასი ლარი.

ტენდერების უმეტესობაში (19 ტენდერი) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 1 ავტომობილი შეიძინეს. 3 ტენდერში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2-2 ავტომობილი შეიძინეს, 3 ტენდერში კი შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 3-3 ავტომობილი შეიძინეს.

ხეჩიკაშვილის კომპანიები ავტოსერვისის მიწოდების ტენდერებშიც იღებენ მონაწილეობას. კომპანიებმა “იბერია ტექ ავტომოტივმა” და “იბერია ავტომ” ჯამში 100 ათასის ღირებულების 4 ტენდერი მოიგეს.
როგორც ვხედავთ, მინისტრის კომპანიები საკმაოდ აქტიურად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და ავტომობილებით სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი აქტიური მომმარაგებელიცაა.

როგორც ზემოთაღნუშნულ ინფორმაციაშიც ჩანდა, ,,იბერია ბიზნეს ჯგუფს” ყველაზე მსხვილი ტენდერები შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს მოგებული. არადა, საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში, როდესაც შსს-ს ავტოპარკის განახლება დაიწყო, ,,ფორდის” მარკის ავტომობილები შეისყიდეს, რომელიც საზეიმოდ წარუდგინეს საზოგადოებას და ამ მოდელის უამრავი უპირატესობაც აღინიშნა. საუბარი იყო, რომ საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად ,,ფორდის” მარკის ავტომობილებით უნდა განახლებულიყო და მას ,,შკოდას” და ,,ფოლსვაგენის” ავტომობილები უნდა ჩაენაცვლებინა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც ხდებოდა, თუმცა, მას შემდეგ რაც შეიცვალა პრემიერმინისტრი და ხელისუფლებაში მოვიდა ახალი გუნდი პროცესებიც სხვაგვარად განვითარდა. ითქვა, რომ ,,ფორდის” ახალმა, სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილმა ამერიკულმა მოდელებმა, არ გაამართლა და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ძირითადად კვლავ ,,შკოდას” ფირმის ავტომობილების შესყიდვა დაიწყო. სწორედ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიაა ,,შკოდას” ოფიციალური ავტოიმპორტიორი და სწორედ ხეჩიკაშვილის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო აღნიშნული პროცესები, რაც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ბადებს ეჭვებს, სპორტის მინისტრის გავლენის შედეგად ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, გადაჭრით ამაზე საუბარია რთულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერია იმაში, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, მაგრამ პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალე უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს მცირე ეჭვიც კი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებას ან მინისტრის მხრიდან საკუთარი ბიზნესის ,,დაკრიშვას”.

 გიორგი კაპანაძე

Share