Home » მსოფლიო » საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისი პოლონეთში
საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისი პოლონეთში

საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისი პოლონეთში

 

13 აპრილს ევროკომისიამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა პოლონეთის მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში გამოაქვეყნოს საბოლოო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო (ტრიბუნალის) სასამართლოს კრიზისთან დაკავშირებით.

პოლონეთში შექმნილი კრიზისი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ვითარდება, ბოლო დროის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპაში განვითარებულ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების სიაში. ხშირად ევროპული, ლიბერალური მედიაწყაროები არ განმარტავენ პრობლემის არსს და მხოლოდ და მხოლოდ პოლონური ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ.

კრიზისი კი ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიწყო, როცა  მმართველ გუნდს «სამოქალაქო პლატფორმა» (Platforma Obywatelska) წარმოადგენდა. იმ დროისთვის მმართველი გუნდის მიერ მიღებული იქნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩეული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს  ხუთი მოსამართლე, აქედან სამი მოსამართლის არჩევა მოხდა ლეგიტიმურად, სწორ ვადებში, ხოლო ორი მოსამართლე იმ დროის სეიმმა წინასწარ, კანონის სრული დარღვევით აირჩია. საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე პარტია «კანონი და სამართლიანობა» (Prawo i Sprawiedliwosc), რომელიც იმ დროისთვის ლიდერ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა და დღეს მმართველი პარტიაა, მოგების შემთხვევაში ამ ფაქტს განიხილავდა კრიზისულად. ამ დროისთვის კი «სამოქალაქო პლატფორმა»-მ მიიღო დამატებითი დადგენილება, სადაც აბსოლიტური ლეგიტიმაცია მიანიჭა ახალ არჩეულ ხუთ მოსამართლეს.

თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 15 მოსამართლიდან 5 მოსამართლე  ახლად იქნა არჩეული (მოსამართლეების არჩევის პროცესი პოლონეთში 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, როცა ხელისუფლების სათავეში პარტია «სამოქალაქო პლატფორმა» იყო) და იმას, რომ  მოსამართლეები პოლონეთში 9 წლის ვადით აირჩევიან, «კანონი და სამართლიანობა»-სთვის რთული იქნებოდა რადიკალური რეფორმების გატარება მოგების შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ამ ხერხებით მანიპულირებას მოახდენდა.

პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს პოლონეთის პარლამენტი (სეიმი), ხოლო თავის მხრივ, მოსამართლე ფიცს დებს პრეზიდენტის წინაშე. არსებული კრიზისის დროს კი პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ არ მიიღო ფიცი, სწორედ იმ მოტივით, რომ არ იყო მოსამართლეები არჩეული კანონის სრული დაცვით. ამ პერიოდისთვის ხელისუფლების სათავეში სრული უმრავლესობით მოვიდა «კანონი და სამართლიანობა» და ახალმოწვეულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რითაც  გააუქმა დადგენილება ხუთი მოსამართლის არჩევის შესახებ,  იმ მოტივით, რომ ფორმალური ხარვეზები არსებობდა. ამავდროულად «კანონი და სამართლიანობა»-მ მოკლე ვადებში აირჩია თავისი რჩეული ხუთი ახალი მოსამართლე, ხოლო პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მიიღო ფიცის ცერემონიალი.

განვითარებული მოვლენების ფონზე, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც 15 მოსამართლისგან უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული, თუმცა 18 მოსამართლისგან იყო დაკომპლექტებული, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სამი მოსამართლე სამართლიანად იქნა არჩეული «სამოქალაქო პლატფორმა»-ს მართვის პერიოდში, ხოლო დანარჩენი ორი არალეგიტიმურად ცნო, ასევე, დაგმო ახალი მთავრობის მიერ დამტკიცებული ხუთი მოსამართლის ლეგიტიმურობა.

ადვოკატთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი. ფაქტი კი ფაქტად რჩება და კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. კრიზისის გაღრმავებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ვადები შეზღუდულია. დეკემბერში პოლონეთის მმართველმა პარტიამ, «კანონი და სამართლიანობა», საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების კანონმდებლობა მიიღო. მარტის დასაწყისში პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა კანონი ანტიკონსტიტუციურად სცნო, თუმცა პოლონეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას უკვე თვეზე მეტია არ აქვეყნებს, ამიტომაც ის ვერ შედის ძალაში, შესაბამისად, მთავრობა გადაწყვეტილების აღსრულებასა და მიღებული კანონის შეცვლას არ აპირებს.

ასეთი ფაქტი, 1989 წლის შემდეგ, პირველად ხდება პოლონური სეიმის ისტორიაში, მმართველი გუნდი, რომელიც სეიმის უმრავლესობას ფლობს კოალიციის გარეშე,  ცნობილია როგორც რეფორმატორი, ცვლილებების პარტია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ დღეს პოლონეთში გამეფებულია «იმფოსიბილიზმი» და საჭიროა მის წინააღმდეგ რადიკალური ცვლილებების გატარება. მეორე მხრივ, კი დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობის ლიდერები «დიქტატორული მმართველობით» ხასიათდებიან. დასავლეთი და ევროკავშირი ამ დროისთვის ოპოზიციის თანამოაზრეებად მიიჩნევიან და მოუწოდებენ მთავრობას კრიზისის სწრაფად დასრულებისკენ. დასავლურ პრესა კი აცხადებს, რომ არა მხოლოდ კანონის უზენაესობა დგას საფრთხის ქვეშ, არამედ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა. თუმცა, თუ სწორად გავაანალიზებთ მოვლენებს, მსგავსი ტიპის «საკონსტიტუციო კრიზისები» ახლახანს აშშ-სა და იტალიაშიც არსებობდა.

რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გზებს,  მიმაჩნია, რომ პოლონეთის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიამ გაუწია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის მიზნით. ასევე, შესაძლებელია მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც 2/3 მოსამართლეებისა არჩეული იქნებიან სეიმის მიერ.

ავტორი: მარჩინ ხმიელი

Share