Home » საზოგადოება » სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში

 

“როდესაც ფინანსთა სამინისტრომ გააძვირა ლუდის აქციზი, შემცირდა შემოსავლები, რაზეც პასუხი არავინ აგო”

“საკრებულის წევრობა უნდა იყოს უხელფასო”

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, საიდანაც ქვეყანას საშუალება ჰქონდა საკმაოდ დიდი ეკონომიკური ეფექტი მიეღო. რამდენად ორგანიზებულად მოხდა ამ ღონისძიებების ჩატარება, მოხერხდა თუ არა სათანადო შემოსავლების მიღება, რა პრობლემები აქვს ბიზნესს და როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარება, ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ვესაუბრეთ.

– თქვენ ხშირად საუბრობთ მაღალ ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს მათი შემცირება და რატომ მიგაჩნიათ ეს საკითხი პრობლემატურად?

– საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამხელა ბიუროკრატიული ხარჯები არის უდიდესი დაწოლა ბიუჯეტზე. უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ, ყველა რეგიონშია საკრებულოები სადაც უამრავი ადამიანი სულ ტყუილადაა დასაქმებული. თუნდაც, თბილისის საკრებულოში სულ ორი–სამი ადამიანია ისეთი, რომელსაც რეალურად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, დანარჩენები არიან მხოლოდ ხელის ამწევ-დამწევები, რაშიც ტყუილად იღებენ ჯამაგირს. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოში მუშაობა უნდა იყოს უხელფასო და იქ ადამიანები საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა მსახურებდნენ. ქალაქის მოსახლეობისგან არჩევა და საკრებულოს წევრობა, ეს უნდა იყოს პრესტიჟული საკითხი და არა შემოსავლის წყარო. თუ ეს ასე იქნება, არასდროს მოხდება იქ ჩხუბი, ომი და პარტიული დაპირისპირება და გადაიქცევა საკრებულო ქალაქის რეალურ პრობლემებზე მოფიქრალთა სამსახურად.

ყველა ქალაქში არის მერი,  რომელსაც ყავს უამრავი მოადგილე, ამიტომ არ მესმის რა საჭიროა საკრებულოებში ამდენი ადამიანის დასაქმება.  თუკი არსებობს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, სადაც ადამიანები სხვა ადამიანის ბედს წყვეტენ და ამაში ხელფასს არ იღებენ, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს საკრებულოების შემთხვევაშიც. ამავდროულად, თითოეულ პარტიას 75 ადამიანი შეჰყავს საარჩევნო სიაში, ანუ თუკი არჩევნებში მონაწილეობას იღებს 10 პარტია, გამოდის, რომ ქვეყანაში 750 პოლიტიკოსი ყოფილა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის ღირსეული, რათა მოხვდეს პარლამენტში. წარმოიდგინეთ რამხელა რაოდენობაზეა საუბარი და ამ დროს 2–3 ადამიანი წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს.

– ბოლო წლებია ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შევძლოთ რეალური ეკონომიკური ეფექტის მიღება, შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოსახლეობის ცხოვრების დონეც გაუმჯობესდეს?

– როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის აღორძინებაზე, სამუშაო ადგილებზე, ბიუჯეტის შენატანებზე, ადამიანებს ყოველთვის წარმოუდგენიათ, რომ ამ პროცესებში თავად არ მონაწილეობენ. მათ წარმოუდგენიათ, რომ დოვლათი უნდა შექმნას რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, ფერო შენადნობმა, მსგავსმა დიდმა ქარხნებმა და ორგანიზაციებმა. ისინი ვერ ხვდებიან, რომ  თავად, ინდივიდუალურად, შეუძლიათ შექმნან ეს დოვლათი და რაც ყველაზე ცუდია, ამ დანიშნულებას სახელმწიფოდანაც არ აძლევენ.

ხშირად საუბრობენ, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს, კი ბატონო, უნდა აშენდეს, წინააღმდეგი არავინაა, უნდა აშენდეს ინდუსტრიული ქალაქიც. თუმცა,

 სანამ ხელისუფლება ხალხს არ მიაღებინებს მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე თითოეულ ეკონომიკურ პროცესში, მანამდე ეს ხალხი მუდმივად იქნება ცალკე, ქვეყანა ცალკე, ეკონომიკა ცალკე და ინდუსტრია ცალკე. 

კოშმარული იდეები, რომ აწუხებს ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს და ამბობს, რომ უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ინდუსტრია, ფაქტია, რომ მსგავსი მიდგომით წინ ვერ მიდის ქვეყანა, ვინაიდან იგი მზად არაა, არც ტექნოლოგიურად, არც ცივილიზებულად, არც ფინანსურად და არც სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე.

სახელმწიფომ უნდა აიძულოს ადამიანები, რომ თავიანთი გადაწყვეტილებებით მოძებნონ ერთმანეთი. ახლა კი ხდება მათი დაშორება ერთმანეთისგან, სახელმწიფო თავის მოქმედებებით ადამიანებს სპობს. ქმნის რაღაც ინდივიდებს, რომელთაც არ იციან გადაწყვეტილება როგორ მიიღონ.

ჩვენ ისინი უნდა დავაახლოოთ, მოვახდინოთ მათი ფინანსური ინტეგრაცია. სახელმწიფო უნდა ეცადოს ყველა მომგებიანი თემიდან მაქსიმალური შემოსავალი მიიღოს და ხალხი დააკავშიროს ერთმანეთთან და არა გაყოს და დააშოროს.

– ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. სუპერთასის მატჩი თბილისში, ახალგაზრდული ოლიმპიადა, GEM Fest-ი ანაკლიაში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალი და ასე შემდეგ. უმეტესი მათგანის სპონსორი სწორედ კოკა–კოლა იყო, როგორ შეაფასებდით ამ ღონისძიებებს, რამდენად ორგანიზებულად ჩატარდა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ბიზნესისთვის?

– არაჩვეულებრივი და კარგად ორგანიზებული მოვლენაა იყო სუპერთასის მატჩი თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში გადაიცემოდა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველოშიც შეგვიძლია გულშემატკივრებს კულტურულად მოქცევა და წარმატებით ჩატარება ამა თუ იმ ღონისძიების. თუმცა, სამწუხაროდ, არავინ არ დაინტერესდა იმით, თუ რა ეკონომიური შემოსავალი მიიღო საქართველოს ბიუჯეტმა ამ თამაშის შემდგომ, ეს არის მთელი ტრაგედია.  

55 ათასი ადამიანი მოვიდა სტადიონზე, რომელთაც სწყუროდათ და ჩვენ ვერ ავუდიოდით კოკა–კოლათი მათ მომარაგებას. ეს იმიტომ, რომ თამაშამდე, როდესაც ჩვენ  ვუთხარით ორგანიზატორებს, რომ  გვჭირდებოდა 200 წერტილი იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო კოკა-კოლას რეალიზება მათ მოგვცეს მხოლოდ 30. არადა, ასეთ დროს მერიას თავად უნდა ჰქონდეს ინტერესი და უნდა აკეთებდეს ფულს. მსგავსი ღონისძიებებისთვის სპეციალურად უნდა აქირავებდეს ადგილებს. მსგავსი ღონისძიების ეკონომიკური ეფექტი უნდა იყოს უძლიერესი. ამდენი კოკა–კოლა და ამდენი ლუდი ლოკალურად ჩვენ არასდროს გაგვიყიდია, თუმცა, იმდენად მოუმზადებლები შევხვდით ამ ყველაფერს, რომ სასმელი ბოლოს უკვე თბილიც კი იყიდებოდა.

მართალია, წინა დღეებში ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო, გადაიკეტა გზები, პოლიციამაც კარგად იმუშავა, მაგრამ თამაშის დროს გამოიკვეთა უამრავი პრობლემა. მე ვყოფილვარ საზღვარგარეთ სხვადასხვა თამაშებზე და მინდა გითხრათ, რომ სანამ სტადიონამდე მიხვალ უამრავი ადგილია გამოყოფილი ლუდის და სხვა გამაგრილებელი სასმელების სარეალიზაციოდ. ქუჩებზე ადამიანები სთავაზობენ გულშემატკივრებს სხვადასხვა სახის პროდუქციას, მათ შორის სუვენირებს. ეს ხდება კულტურულად და კანონის ფარგლებში. სამწუხაროა, რომ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენიდან სათანადო ეკონომიური ეფექტი ვერ მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ასეთ საკითხებს უნდა მიუდგნენ ძალიან სერიოზულად. ნებისმიერი მასშტაბური ღონისძიების შემდგომ უნდა მოხდეს განხილვა და გაანალიზება, რადგან მომავალში მსგავსი ღონისძიების ჩატარება თუ კიდევ მოგვიწია, მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ. ქვეყანამ მსგავსი ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

სპორტს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში იმაზე მეტი როლი ითამაშოს, ვიდრე, მაგალითად რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. ხომ ხედავთ, ერთი ფეხბურთელი, მესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ლამის მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა.

მსგავსი სიტუაციაა ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც. მისი სპონსორი ჩვენც ვიყავით, მაგრამ დასრულების შემდგომ არ გაანალიზდა როგორ ჩატარდა იგი, რა ხარვეზები იყო, რა შემოსავალი მიიღო აქედან ქვეყანამ.

რაც შეეხება ბათუმის ჯაზ-ფესტივალს. ბათუმში უამრავი ადამიანი ჩავიდა მასზე დასასწრებად, ამ პერიოდში საკმაოდ დიდი შემოსავალი ნახეს ბათუმის რესტორნებმა, ბარებმა, ტარნსპორტმა, სასტუმროებმა. იმ დღეებში მოსახლეობამ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელი თვის განმავლობაში.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ანაკლია, სადაც გიორგი სიგუამ ჩაატარა ფესტივალი. პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ამ ბიჭს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება, ნიჭიერია, შემოქმედებითი, ენერგიული და შეიძლება მეტი ვალდებულებები დააკისრო მას და ეფექტიანად ამუშაო. არ შეიძლება, რომ სიგუას მსგავსი რესურსის მქონე ადამიანი უფრო ეფექტურად არ გამოიყენო. მას შეუძლია თვეში 1 ფესტივალის ჩატარება და უნდა გააკეთებინო კიდეც, ვინაიდან უშველებელი შემოსავალს ნახულობს ხალხი ამ ყველაფრიდან. მსგავსი ფესტივალებისგან უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეიძლება, ვიდრე ქარხნებისა და მასშტაბური ინდუსტრიების შექმნისგან. მე გეტყვით, რომ ფესტივალის დღეებში რეგიონში ჩვენი რეალიზაცია 300 %-ით იყო გაზრდილი. ბუნებრივია, ასევე იქნებოდა სხვა პროდუქციაზეც. ამას ხომ დაფიქრება და გაანალიზება და უკეთ დაგეგმვა სჭირდება.

– ხშირად არის საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ტურისტული ქვეყანა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და რა უფრო მნიშვნელოვანია, მსგავსი მასშტაბური ფესტივალების გამართვა თუ საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია?

– მასშტაბური ღონისძიებები, საფეხბურთო მატჩები და მუსიკალური ფესტივალები, არის მოკლე და წარმატებული გზა ტურისტების მოსაზიდად და შედეგის მისაღწევად. ლოკალური ღონისძიებები უნდა დაინერგოს და გახდეს სისტემატური. ქვეყანაში რაც შეიძლება ხშირად, თვეში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს გრანდიოზული და ხმაურიანი კონცერტები. უნდა გადაიდგას არაორდინალური ნაბიჯები. თუკი ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, ყოველწლიურად გაუმჯობესდება მისი ხარისხიც. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს სათანადოდ მომზადებული ამ ღონისძიებებისთვის. ყველა უნდა ჩაერთოს მასში და გადამზადდეს შესაბამისად.  

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბებას, ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა აშენდეს უამრავი მაღალი ხარისხის სასტუმრო. ვინაიდან საქართველოში, მართლაც ძალიან ბევრი ტურისტი რომ შემოვიდეს, ფიზიკურად ადგილი არ იქნება იმისათვის, რომ ისინი დაბინავდნენ. რეალურად რამდენი საწოლი ადგილიც არის სასტუმროებში იმდენი ტურისტის მიღების საშუალება აქვს ქვეყანას.

არსებობს პრობლემები გზებზე, სადაც უამრავი მსხვილფეხა ცხოველი, ძროხებია, რომლებიც მუდმივად საავარიო სიტუაციას ქმნიან და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. პრობლემაა ისიც, რომ შერჩევითია ამა თუ იმ კანონის დაცვა. ამის მოგვარება ხომ ძალიან მარტივია, შეუძლიათ წვრილი მავთული გააბან გზებზე, გაატარონ იქ ძალიან სუსტი დენი, ისე რომ არც ცხოველს ავნოს და არც ადამიანს და პრობლემაც მოგვარდება. აღარც ამდენი ავარია მოხდება და მგზავრობაც უფრო უსაფრთხო იქნება. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ ზაფხულის სეზონს მაინცდამაინც მოწესრიგებული ვერ ხვდება ზღვისპირეთი. იქ პლაჟები ჭუჭყიანია, კიდევ სხვა უამრავი პრობლემაა.

– მსგავს ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, ხშირია შემთხვევები როდესაც პროდუქტებზე საკმაოდ მაღალ ფასებია, რაც ამცირებს დასწრების მსურველთა რაოდენობას. რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

– ყველაფრის დარეგულირება შესაძლებელია, მთავარია სწორი მიდგომა. ეს იმის ბრალია რომ იშვიათად ეწყობა მსგავსი ღონისძიებები და ხალხი მოსწრებაზეა. თუკი ხშირად გაიმართება, თუ ადგილობრივებს ექნებათ განცდა, რომ მათი მომსახურების ხარისხის ზრდის პირობებში მეტ შემოსავალს მიიღებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოსწორდება ყველაფერი. თუ ორგანიზებულად მოხდება გაყიდვები, გაჩნდებიან მცირე მწარმოებლები და გამყიდველი პუნქტები. უბრალოდ, ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შემდეგ ორგანიზატორებმა უნდა გამოიტანონ სათანადო დასკვნები, თუ რა პრობლემები შეექმნათ, რამდენად მოხდა მათი გადაჭრა და აქედან გამომდინარე, ყოველ შემდგომ ღონისძიებაზე ეს ყველაფერი გამოსწორდება. ხარისხიც აიწევა და ფასიც დაიკლებს.

– საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის სავალდებულო მარკირების შემოღების შესახებ ბრძანება გამოსცა. სავალდებულო მარკირება 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური პროტესტი და რატომ ვერ მოხდა შეთანხმება?

-მე ვფიქრობ, რომ აქ ჩნდება ჯიბრის მომენტი. სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს განცხადება აქვს გაკეთებული, სადაც ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ კაბალური ხელშეკრულება დადო. ანუ ეს  ნიშნავს, რომ ერთმა ხელისუფლებამ დადო კაბალური ხელშეკრულება, მეორე ხელისუფლება მის გზას აგრძელებს და საინტერესოა ჩვენ, კომპანიები, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ამ ხელშეკრულების მონები. საუბარი, რომ რაიმე თანხა შემოვა ამ იდეით, ეს არის ბიზნესმენების შეურაცხყოფა და მათ მიმართ უნდობლობის გამოხატულება. და თუ ფინანსთა სამინისტრო არ ენდობა ბიზნესს, გამოდის არც ბიზნესი არ უნდა ენდოს მათ არცერთ გადაწყვეტილებას.

შესაძლოა, სამინისტროს რაიონებში არსებული, ლიმონათების მცირე საწარმოებთან ჰქონდეს კითხვები, მაგრამ ამის აღრიცხვა სხვა ტექნოლოგიებითაც შესაძლებელია. ხოლო თუ ამ მცირე კომპანიებს ამ დამატებით ხარჯს დააკისრებენ, მოსალოდნელია, რომ ისინი გაკოტრდებიან და ადამიანები რეგიონებში უსამსახუროდ დარჩებიან. ჩემნაირ დიდ საწარმოებს კი მთვლელი ისედაც აქვს. შესაბამისად არ მესმის, რაში იხდის სახელმწიფო მილიონებს, მაშინ როცა ლარი უფასურდება, ეკონომიკის ზრდის ტემპები ეცემა და ლამისაა ბიუჯეტის სეკვესტრზე დაიწყონ ისევ საუბრები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ჯიბრში უდგებიან ბიზნესს. არ უნდათ ჩვენ გავიმარჯვოთ. არადა, აქ არ არის გამარჯვება – დამარცხებაზე საუბარი. თუკი მარკირება არ მოხდა, ბიზნესი თავს გამარჯვებულად კი არ ჩათვლის, არამედ გამოვა რომ ორმა მხარემ ვიმსჯელეთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივედით. სახელმწიფოში უნდა მოქმედებდეს ისეთი კანონებით, რომლებიც  იძლევა საშუალებას, რომ ფული ტყუილად არ გაიფლანგოს. სამი წელიწადია, რაც მარკირებას ვეწინააღმდეგებით და სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს 40 მილიონზე მეტი მოვაგებინეთ. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ საღმა აზროვნებამ კი არ უნდა გაიმარჯვოს, არამედ, მთავარია ბიზნესმენებმა არ მოიგონ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, რადგან ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის მიდგომა, რომელიც არასწორია.

სხვა კომპანიები თუ უკან დახევას აპირებენ ეს არ ვიცი, მაგრამ პირადად მე არ ვაპირებ დათმობას, იმ შემთხვევაშიც კი წარმოების გაჩერება რომ მომიწიოს.

ამასთან დაკავშირებით ერთ ფაქტს გავიხსენებ.

როდესაც ფინანსთა სამინისტრომ გააძვირა ლუდის აქციზი, ამის შედეგად შემცირდა შემოსავლები, აქციზის გაძვირების მიზანი კი იყო, რომ გაზრდილიყო შემოსავლები. ყველაფერი პირიქით მოხდა, თუმცა, ამაზე პასუხი არავინ აგო. როგორ ჩანს ეს დაუსჯელობის სინდრომი საკმაოდ ცუდად მოქმედებს.

– თქვენც ახსენეთ და საზოგადოებისთვისაც კარგადაა ცნობილი, რომ რეგიონებში უამრავი პრობლემაა. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს როგორი უნდა  გამოსწორდეს სიტუაცია?

– პირველ რიგში, საჭიროა რეგიონებში სათანადო განათლების მიწოდება და ინფორმირება. საჭიროა ფერმერული მეურნეობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში თანხები სწორად განაწილდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა მოგიყვანოთ ერთი საინტერესო მაგალითი, – სამტრედიაში ჰოლანდიელი ოჯახია, მათ გააკეთეს სასალათე მეურნეობა და მოყვანილი პროდუქცია შეაქვთ სუპერმარკეტებში, სასტუმროებში, და აქვთ საკმაოდ კარგი შემოსავალი. ასეთი რამ უნდა გააკეთოს ბევრმა ადამიანმა.

თუნდაც, იგივე სამტრედიელს არ შეუძლია მსგავსი მეურნეობა შექმნას?! მაგრამ, არა – ნაცვლად იმისა, რომ ისწავლოს, იფიქროს და იშრომოს, იმ ჰოლანდიელ ოჯახს ათვალთვალებს ფანჯრიდან. 

გაზარმაცებულები არიან ადამიანები და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არიან, განსაკუთრებით, სახელმწიფოსთან მიმართებაში. ვინც კარგად და სწორად მუშაობს და არ ერთობა, შესაბამისი შემოსავალიც აქვს.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც აქტიურად იყოს ჩართული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასშტაბური ტრენინგების ორგანიზება სხვადასხვა მიმართულებებით, რეგიონებში უნდა დანერგოს სათანადო ტექნოლოგიები. ამას წინათ ვკითხულობდი, უორენ ბაფეტმა ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, – გესმით – უორენ ბაფეტი ესწრება ტრენინგებს და მაგალითად, რას ჩავაცივდი, მაგრამ იგივე სამტრედიელ გლეხს, შესაძლოა სასაცილოდაც არ ეყოს, რომ ტრენინგებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ფილოსოფია შესაცვლელია.

ფერმერის ფორმა დაიკარგა და ამაზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს. უნდა იზრუნოს მათთვის არა 5000 ლარიანი მცირე სესხების გაცემით, რომელიც ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის კი არა, დამატებითი პრობლემის შემქმნელია, არამედ, სწორი მიდგომებით. თუნდაც, შეუძლიათ, რომ ეს 5000 ლარი მისცენ არა ერთ ადამიანს, არამედ 50 კაციან ჯგუფზე გასცენ 250 000, ნახევარი მილიონი, ერთი მილიონი, – დაურთონ ამას შესაბამისი ბიზნეს-გეგმა, შესაბამისი სასწავლო პროგრამები. აუცილებელი პირობა იყოს წარმოების შექმნა, სააქციო საზოგადოების ფორმატით ფუნქციონირება და ვნახავთ ყველანი, თუ მოკლე დროშივე როგორ გადაიქცევა ეს ჯგუფი თავის ბიზნესზე მზრუნველ საზოგადოებად. ეს ბიზნესის კანონია, უბრალოდ მას თანმიმდევრული მიყოლა უნდა. ასეთი გზით უკვე შესაძლებელია, რომ  შეიქმნას წარმატებული ბიზნესსუბიექტი, სადაც დასაქმდება ხალხიც და სოფლის აღორძინებასაც ხელი შეუწყობს.

 

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share