Home » ფინანსები » სახელმწიფო ბიზნესის სერიოზული კონკურენტი გახდა
სახელმწიფო ბიზნესის სერიოზული კონკურენტი გახდა

სახელმწიფო ბიზნესის სერიოზული კონკურენტი გახდა

რატომ არ აფინანსებენ ბანკები სახელმწიფოსგან მიღებული ფულით მცირე და საშუალო ბიზნესს

ყოველ წლიურად ფინანსთა სამინისტრო კომერციულ ბანკებისგან ფასიანი ქაღალდების ემისიით ასეულობით მილიონ ლარს სესხულობს. ბიზნესმენები კი წუწუნებენ, რომ მათთვის ფინანსური რესურსი ხელმიუწვდომელია. ბუნებრივია, ბანკს ურჩევნია, ფული ურისკოდ, სახელმწიფოს ასესხოს, ვიდრე რისკიან ბიზნესში დააბანდოს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 315 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.99 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან ბანკებს ამ მიმართულებით მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული მიდგომა აქვთ.

“კომერციული ბანკები უზრუნველყოფის გარეშე, პრაქტიკულად, არ გასცემენ სესხებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს კი უზრუნველყოფა არ აქვთ”, – განმარტავს მიხეილ ჭელიძე.

კომერციულ ბანკებთან გართულებულ ურთიერთობაზე საუბრობს, ისეთი მსხვილი ჰოლდინგის, როგორიც “ჯი თი ჯგუფია,” ხელმძღვანელი ლევან გოგსაძე. მისი ინფორმაციით, სესხების გაცემა განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვაციის შემდეგ გართულდა.

“რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე აწევამ ლარში სესხი გაგვიძვირა. გარდა ამისა, ბანკები უარს ამბობენ ეროვნული ვალუტაში სესხის გაცემაზე, ამასთანავე მკვეთრად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. თუ დოლარში კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 9%-ია, ლარში – 17-18%-ია. ამ შემთხვევაში ინვესტირებაზე საუბარი ზედმეტია”

– აღნიშნავს ლევან გოგსაძე.

სამაგიეროდ, ბანკების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებზე. წელს ფინანსთა სამინისტრომ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 1,097 მილიარდი ლარის ფასიან ქაღალდებს ემისია დაგეგმა. აქედან 497 მილიონი ლარით ძველი ვალდებულებების გასასტუმრებლადაა გათვალისწინებული, 600 მილიონი ახალი შიდა ვალია, თუმცა, გაზაფხულზე ბიუჯეტის კორექტირების შედეგად ფასიანი ქაღალდების ემისია 100 მილიონი ლარით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკებისთვის 500 მილიონი ლარის გარანტირებული კლიენტი (სახელმწიფო) მაინც საკმაოდ მომხიბვლელია. სახელმწიფომ ბანკებისგან ზუსტად 600 მილიონი ლარი ისესხა 2014 წელსაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო 200 მილიონ ლარს ეკონომიკის დაკრედიტების მოტივით ისევ ბანკებს აძლევს. კერძოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შემუშავდა თანხის კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სახაზინო ობლიგაციების გაყიდვით შემოსული 200 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებს; ანუ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან მიღებულ ძვირიან სესხს ისევ კომერციულ ბანკებს აძლევს 1%-ად. ამ შემთხვევაში მოგებულია კომერციული ბანკი, მაგრამ რა სარგებელს იღებს ქვეყნის ეკონომიკა უცნობია, ვინაიდან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ამ თანხის მოძრაობა.

ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ სამინისტრომ აღნიშნული თანხის ზედამხედველობას არ ახორციელებს, თუმცა, მას აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა სახის პროექტები დააფინანსეს კომერციულმა ბანკებმა ამ ფულით.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის ორი კერძო პირის ურთიერთობა და ფინანსთა სამინისტროს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ურთიერთობა საჯარო გახადოს. “ინფორმაციის გასაჯაროება ბანკისა და მსესხებელის გადასაწყვეტია”, – აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.

ასე რომ, კომერციული ბანკებისთვის ყველაზე სტაბილური კლიენტი სახელმწიფო გახდა. ექსპერტების განცხადებით, ერთი მხრივ, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერას უცხადებს და მეორე მხრივ, ამ სექტორის ძლიერი კონკურენტი ხდება.როდესაც სახელმწიფო კომერციული ბანკებიდან მილიარდამდე სესხს იღებს, ბუნებრივია, მათთვის სხვა უფრო რისკიანი სექტორის დაფინანსება ნაკლებად მიმზიდველია.

სპეციალისტების განცხადებით, კომერციული ბანკები მაინც ერიდებიან სარისკო ტიპის კომერციული პროექტების დაფინანსებას. მაგალითად, გამორიცხულია, კომერციულმა ბანკებმა ახალი ბიზნესი დააფინანსონ. ეს კონსერვატიული მიდგომა, როგორც ჩანს, ამართლებს და ამაზე მოგების მაჩვენებლებიც მეტყველებენ.

“უპირველეს ყოვლისა, კომერციული ბანკები ცდილობენ სტაბილური გარემო იპოვონ, საიდანაც ისინი გაცემული კრედიტების უკან დაბრუნებას შეძლებენ. მცირე და საშუალო მეწარმეები ცოტა რისკიანები არიან, ვინაიდან მათი ბაზარი ხშირად გაურკვეველია, საქმიანობა რთულ პირობებში უხდებათ და შესაძლოა, ბანკებიდან აღებული კრედიტების უკან დაბრუნება გაუჭირდეთ. ამიტომ, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან დაფინანსებაში შედარებით ნაკლებია”, – ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი და განმარტავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხანგრძლივი დროით სჭირდება დაფინანსება. ბანკები კი, ძირითადად, ხანმოკლე კრედიტებზე არიან ორიენტირებულნი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ხანმოკლე კრედიტები მათ რისკიანობას ამცირებს.

“კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის სახაზინო ვალდებულებები, რომელიც გარკვეულ კონკურენციას ქმნის საკრედიტო ბაზარზე. კომერციულ ბანკებს აქვთ ალტერნატივა დააკრედიტონ ბიზნესი თუ ფული დააბანდონ სახაზინო ვალდებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი დაბალია, ისინი ირჩევენ სახაზინო ვალდებულებებს, გამოდინარე იქიდან, რომ ეს ფული მათ ნამდვილად დაუბრუნდებათ”, – აღნიშნავს თოქმაზიშვილი.

საყურადღებოა ისიც, რომ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, ამჟამინდელი ხელისუფლება, წინა მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ფასიანი ქაღალდები ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად იყიდებოდა, შიდა ვალი კი – იზრდებოდა. მანკიერ პრაქტიკად განიხილებოდა ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებით ბიუჯეტში გაწერილ მაჩვენებლებში ვერასდროს ეტეოდა და წლის ბოლოს დაგეგმილზე რამდენჯერმე მეტი იყო.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ სილაგაძე მიიჩნევს, რომ თუკი სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება სურს, მათი ყიდვის საშუალება უნდა მიეცეს მოსახლეობასაც, ისე როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.

“კარგია, როდესაც ბანკები ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ, მაგრამ ეს პროცესი უფრო მეტად დემოკრატიული იქნება თუკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობას მოსახლეობასაც მისცემს. საქართველოში მოსახლეობას, ფაქტობრივად, ფინანსური წყაროები არ გააჩნია”

– ამბობს ავთო სილაგაძე.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებისთვის ყველაზე კარგი გარანტია, ამიტომაც არის მოთხოვნა სახაზინო ვალდებულებებზე. “სახელმწიფო ყოველთვის იარსებებს და ბიუჯეტიც იქნება. ამიტომ, ამ ოპერაციისას რისკის შემცველობა, ფაქტობრივად, მინიმალურია. თუმცა, ისტორიას ისიც ახსოვს, რომ ობლიგაციები ფარანტინა ქაღალდად ქცეულა. ამ ეტაპზე კი ამგვარ საშიშროებას ვერ ვხედავ”, – ამბობს ავთო სილაგაძე.

ექსპერტების განცხადებით, გრძელვადიანი, მაღალპროცენტიანი ობლიგაციების გამოშვება უკვე აღარ ნიშნავს იმას, რომ სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისიით სამინისტრო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაჯანსაღებას ახდენს. ემისიის მიზანია მომავალი ფინანსური პრობლემების ხარჯზე არსებული პრობლემების მოგვარება, თუმცა ამ პროცესიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად მოგებულნი კომერციული ბანკები არიან.

მაკა ვარადაშვილი

[wpolling id=”7″ width=”” height=””]

Share