Home » ეკონომიკა » სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება
სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

რამდენად საჭიროა შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები

ჯანდაცვის სამინისტროში ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს.

კანონპროექტის მიხედვით, შრომით ინსპექციას უფლება ექნება, დამსაქმებელი კომპანიები ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შეამოწმოს. უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციებიც.

ეფექტური შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვენ ბოლო წლებია უფლებადამცველები. მათ შორისაა სახალხო დამცველი, რომელიც ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას მკვლელობად აფასებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მისი თქმით, უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ ბალანსი, რაც პირველ რიგში გაითვალისწინებს ადამიანის უსაფრთხოდ მუშაობის პირობებს და ასევე ბიზნესის ინტერესებს.

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ ბალანსი, რაც პირველ რიგში გაითვალისწინებს ადამიანის უსაფრთხოდ მუშაობის პირობებს და ასევე ბიზნესის ინტერესებს. ასეთი ოქროს შუალედის მოძებნა შესაძლებელია. ამას სჭირდება მუშაობა, კონსულტაციები და ამ მიმართულებით ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება”, – აცხადებს სოფო კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს.

“ჩვენ ვეცდებით შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე და მშრომელების უსაფრთხოებაზე, არამედ ზედამხედველობას გაუწევს შრომით უფლებებს ბევრი ადამიანი სხვა სექტორებშიც მუშაობს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა მყისიერად საფრთხის შემცველი არ იყოს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია, რომლის გადამოწმებაც დღემდე არ ხდება. ამიტომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს კომპლექსური, როგორც შრომის უსაფრთხოების ისე, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა

დეპუტატის თქმით, ბიზნესის წარმატება ადამიანების ექსპლუატაციით არ უნდა იყოს განპირობებული.

“ბიზნესის კეთების სიმარტივით და, ამავდროულად, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ამ ორ ფაქტორს შორის გარკვეული კორელაცია არსებობს. როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოში კომპანიის წარმატება არა მძიმე შრომით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებით უნდა იყოს განპირობებული არამედ, ღირსეული ანაზღაურებით, მათი მოტივაციით და თანამონაწილეობით ამ წარმატებაში, რომელსაც ეს კომპანია მიაღწევს”, – განაცხადა ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოება მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება.

“განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მიმართულებით შრომის ინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების ფუნქციები გაძლიერდება, რადგან ფაქტია, რომ სადაც არსებობს სიცოცხლისთვის რისკის შემცველი სამუშაოები, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და პირველ პლანზე უნდა გადმოვიდეს ამ რისკების დაზღვევა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, შრომის ინსპექცია გაძლიერდება, მას გაუჩნდება სავალდებულო საზედამხედველო ფუნქცია იქ, სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები ტარდება, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულება უფრო ეფექტურად ამუშავდება და დაიხვეწება ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია.

არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას წარმოდგენილი ჰქონდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ექნებოდა ვალდებულება, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან, მათი არგუმენტით, ეს ინვესტორებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მათ მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის.

გვაქვს კანონი და არ გვაქვს მისი აღსრულების მექანიზმი. ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა არ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რაიმე დამაბრკოლებელი მექანიზმი ინვესტიციებისთვის. ეს ასე რომც იყოს, სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ვწირავთ იმ მიზეზით, რომ სხვებმა დამატებითი სარგებელი და ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა ნახოს, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი. მისი შექმნის გადაწყვეტილება «შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

ორი მინისტრის ბრძანებით შექმნილი ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, მაღალი რისკის ინდუსტრიის წარმომადგენელ დაწესებულებებში, უკვე მომავალი კვირიდან შევა. არსებული რეგულაციების საფუძველზე დაიწყებს იქაური სამუშაო პირობების ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს  “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ის პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.

შრომის უსაფრთხოების საკითხები მოწესრიგებას რომ საჭიროებს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, დაფუძნდა რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის შრომის ინსპექცია, ასევე სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და შრომითი დავების მედიაციის სამსახური. გარდა ამისა, მიღებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი.-განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ახალი დამატებითი მექანიზმების შექმნა გამოსავალი არ არის, რეალური გამოსავალია არსებული ნორმების შესრულება მოხდეს.

“მნიშვნელოვანია  ტყიბულში მომხდარის დეტალური გამოძიება მოხდეს. გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და დამნაშავე პირები დაისაჯონ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონი დღესაც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აკონტროლოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები – ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, შახტა და პერიოდულად განახორციელოს კონტროლი, რათა მისი ექსპლუატაცია ხდებოდეს ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოში, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბესაძემ.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share