Home » ეკონომიკა » „სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“

„სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“

„სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე:

პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა იმგვარად, რომ პრაქტიკულად თანაბარზომიერად არის გათვალისწინებული, როგორც მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, ისე მისი მინიმალური სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. ცხადია ამ პრიორიტეტებს თან ერთვის ეკონომიკური კეთილდღეობის და სტაბილურობის შენარჩუნება.

კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, 2021 წელს ჯამურად ითვალისწინებს 1 მილიარდ 140 მილიონ ლარს, საიდანაც ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი. აქ შედის ინფიცირებულთა მკურნალობა, ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთნ დაკავშრებული ხარჯები და ა.შ.

იზრდება როგორც პენსიები, ასევე მასწავლებელთა და პოლიციელთა შრომის ანაზღაურება, რაც დადებითი და მისასალმებელია.

გრძელდება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა, რისთვისაც 540 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

პარალელურად გრძელდება ბიზნესის მხარდაჭერა, რისთვისაც 430 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქ შედის საგადასახადო შეღავათები, საგრანტო დახმარება მცირე მეწარმეებისთვის, საგარანტიო ფონდი და ა.შ.

გაზრდილი სოციალური ხარჯები და საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ცხადია ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც 2021 წელს მშპ-ს 7.6%-ის ნიშნულზეა პროგნოზირებული.

ასეთ მოცემულობაში ბუნებრივია, რომ იზრდება სახელმწიფო ვალი, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია მიმდინარე სოციალური ვალდებულებების და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესრულება. სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, მითუმეტეს დეფოლტზე საუბარი სრული ნონსენსია.

60%-იანი სახელმწიფო ვალის ზღვარი, არის სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი, რომლითაც ის განვითარებად ქვეყნებს ურჩევს, რომ სასურველია ამ ნიშნულზე შენარჩუნდეს ვალი, ვაინაიდან ამის შემდეგ შესაძლოა სწრაფი განვითარება შეფერხდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად განკარგავს ქვეყანა მოზიდულ სახსრებს, ასევე საპროცენტო მომსახურებაზე. მაგრამ გადაჭარბება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ქვეყანას პრობლემები შეექმნება, ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის. მითუმეტეს, როცა 2024 წლისთვის 57%-მდე უნდა შემცირდეს ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი”, – წერს გულბანი სოციალურ ქსელში.

Share