Home » ფინანსები » „სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ“

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ“

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით“, – ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ, კერძოდ, იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ სექტორის სტიმულირება არ მოხდა.

„თბილისის საცხოვრებელი სექტორი ღრმა კრიზისისგან სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამამ იხსნა, თუმცა აღნიშნული პროგრამა 2020 წელს დასრულდა. 2020 წლის ბოლო მიწურულს, დეველოპერებმა არაერთხელ მიმართეს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის გადავადების თხოვნით, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯები არ არის გათვალისწინებული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ არ მოხდა სექტორის სტიმულირება. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით. არ ველოდებით მოთხოვნის ზრდას იმ ქვეკატეგორიის უძრავ ქონებებზე, რომელზეც 2020 წელსაც საკმაოდ დაბალი მოთხოვნა იყო, კერძოდ, საშუალო, პრემიუმ კლასისა და მეორეულ ბინებზე. საბოლოო ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში მაინც, მოთხოვნის კლების ტენდენცია გარდაუვალია“, – ნათქვამია კვლევაში.

Cushman & Wakefield Georgia-ს პროგნოზით, ტრანზაქციების დონე პრეკრიზისულ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება. 2021 წლის პირველ ნახევარში ფასები შემცირდება, რაც შემდგომ, მეტნაკლებად, დასტაბილურდება.

„ფასების შემცირება, სავარაუდოდ, დეველოპერების დემოტივაციას გამოიწვევს და გადავადდება ან შეჩერდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ეკონომიკური აღდგენის ტრაექტორიის გათვალისწინებით, მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს პერიფერიულ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე. 2020 წელს გამოიკვეთა თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენცია, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს“,- აღნიშნულია კვლევაში.

BPN.GE

Share