Home » საზოგადოება » საიდან შემოდის და როგორ რეგულირდება საწვავის ხარისხი საქართველოში
საიდან შემოდის და როგორ რეგულირდება საწვავის ხარისხი საქართველოში

საიდან შემოდის და როგორ რეგულირდება საწვავის ხარისხი საქართველოში

მიმდინარე წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: რუსეთი – 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%), რუმინეთი -109 ათასი ტონა (25,4%), თურქმენეთი – 70,7 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი – 67,4 ათასი ტონა (15,7%), ბულგარეთი – 33,2 ათასი ტონა (7,7%) და საბერძნეთი – 22,3 ათასი ტონა (5,2%).

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოში დღეს რეალიზაციაში არის მხოლოდ ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის ბენზინი. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის არის ევროპიდან იმპორტირებული – ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული ევრო 4-ის შესაბამისი სტანდარტის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.

„საქართველოში დღეს ბენზინთან დაკავშირებით, საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ მთავრობის დადგენილება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ბენზინის შემადგენლობა შემდეგ მაჩვენებლებს უნდა აკმაყოფილებდეს: ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0,005 გ/ლ; ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%, გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ; ეს არის ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტი.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, მასთან მიმართებაში მოქმედი დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილების მიხედვით დიზელის საწვავის შემადგენლობა შემდეგ მაჩვენებლებს უნდა აკმაყოფილებდეს: ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 100 მგ/კგ; სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.

მთავრობის დადგენილებაშივე აღწერილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები მკაცრდება. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 50 მგ/კგ-მდე; ეს არის ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საწვავთან დაკავშირებით ხარისხობრივი მოთხოვნები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. მაგალითად, 2010 წელს მოქმედებდა შემდეგი ხარისხობრივი მოთხოვნები: ბენზინზე: ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0,013გ/ლ, ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 5%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 45%, გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ; (მხოლოდ გოგირდის მაჩვენებელი შემცირდა 20-ჯერ).

დიზელის საწვავზე: ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45; გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 350 მგ/კგ; სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11% (გოგირდის შემცველობა შემცირდა 3,5-ჯერ).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენზინის ხარისხობროვი მაჩვენებლის გაუმჯობესება მთავრობის დადგენილების მიხედვით დიზელის საწვავთან შედარებით სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ხდება ბენზინზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების (ესენი არიან ძირითადად მსუბუქი ავტომობილები) ავტოპარკის განახლება, მათ შორის სახელმწიფო უწყებების კუთვნილი ავტოპარკის განახლების ხარჯზე. განახლების პროცესი მიმდინარე ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის ავტომობილების იმპორტი, რომელთა ე.წ. „ტაქსებად“ გამოყენება ხშირია.

ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში ბენზინზე მოძრავი ავტომობილების საკმაო ნაწილი გადავიდა ბუნებრივი აირისა და თხევადი აირის მოხმარებაზე, რომლებიც საწვავთან შედარებით ატმოსფერულ გარემოს შედარებით ნაკლებად ვნებს.

რაც შეეხება დიზელის საწვავზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკს, ის შედარებით ნაკლებად არის განახლებული, ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სპეც. ტექნიკა. ეს სატრანსპორტო საშუალებები უმეტესად საკმაოდ დიდი წლოვანებისაა, რომელთაც მწარმოებლის მიერ ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენება აქვთ რეკომენდირებული. გარდა ამისა, ისინი ჩაბმულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობაში (კერძოდ, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვ) და ამიტომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შედარებით დაბალი ფასის დიზელის საწვავის არსებობას, რისგან გამომდინარეც დიზელის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ბენზინის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად არ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიზელის საწვავის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ პოლიტიკურ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად ითვლება, რომელიც ამავე დროს არის ენერგორესურსების და მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრადიციული სტაბილური მომწოდებელი. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია ის, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, არ ყოფილა საწვავის დეფიციტი. აზერბაიჯანი ევრო 4-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავს აწარმოებს და მზადაა მომავალში ევრო 5-ის სტანდარტზე გადავიდეს,“-ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისთვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად საავტომობილო პარკის განახლებაც ხდებოდეს, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

„თუმცა სასურველია, რომ მომავალში შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. შემოღებულ უნდა იქნეს ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც დააარეგულირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს განბაჟების სისტემა და წახალისდეს ახალი ავტომობილების იმპორტი.

იმისათვის, რომ გაირკვეს, რეალურად რა ხარისხის საწვავი იყიდება ქვეყანაში და როგორ სრულდება მთავრობის დადგენილება, სასურველია, რომ უშუალოდ საწვავის ხარისხის კონტროლი ავტოგასამართ სადგურებზე, ბაზებში, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში სახელმწიფოს მხრიდან უფრო ხშირი ინტენსივობით ხდებოდეს და მოხდეს ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტად ინფორმირება,“-აღნიშნავენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

Bpn.ge

Share