Home » საზოგადოება » საგანელიძე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს – ის რომ არა, ფონდის რეფორმა არ დაიწყებოდა

საგანელიძე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს – ის რომ არა, ფონდის რეფორმა არ დაიწყებოდა

„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით – ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“,- აცხადებს საგანელიძე.

საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს და აცხადებს, რომ სტრუქტურაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ფონდის საქმიანობა საკმაოდ ეფექტურია.

მან ხელფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საჯარო სტრუქტურებთან შედარებით ფონდში მაღალი ხელფასები კადრების დენადობის შესამცირებლადაა და კერძო კომპანიებში არსებულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„სიტყვა გაუმჭვირვალობის ხსენება ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. თუ ვინმე გაუმჭვირვალობას ხედავს, მზად ვარ, ყველა შეხვედრის დეტალი და ნებისმიერი რიცხვი საჯარო გავხადო, რაც კი “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას უკავშირდება.

რაც შეეხება ხელფასებს, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი ახალი პროექტები არ გვქონია, მიმდინარე პროექტებმა, პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოს 2020 წელს 44 მილიონის, ხოლო 2019 წელს 72 მილიონის სუფთა მოგება მოუტანა.

გარდა ამისა, როგორც კომერციული სტრუქტურა, ვიხდით ყველა გადასახადს. რაც რჩება ეს არის ხელფასები. თუ დააკვირდებით, ჩვენი სტრუქტურიდან პროფესიული კადრების დიდი დენადობა გვაქვს. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ სხვა კომერციული სტრუქტურები ჩვენ თანამშრომლებს გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე ჩვენ“,- აცხადებს საგანელიძე.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის რეფორმის დაწყება ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

Share