Home » ფინანსები » საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან – რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან – რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია აღნიშნული.

სებ-ის ცნობით, კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა.

დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფინანსურ ორგანიზაციას მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალება. გარდა ამისა, სებ-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე დაუკავშირდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ პირთან დაკავშირება დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისთვის სავალდებულო იქნება.

ამასთან, სებ-ის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს. დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების, შენიშვნებისა და შეკითხვების გაგზავნა 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: cp@nbg.gov.ge შეეძლებათ.

BPN

Share