Home » საზოგადოება » „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ახლობლებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში 13 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ახლობლებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში 13 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო გარემოცვის პირებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მათივე ცნობით, ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აგრძელებს კვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის ბიზნესინტერესების შესახებ.

2020 წელს გამოქვეყნებულ ჩვენს არცერთ მოკვლევას ანზორ ბოლქვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, სათანადო მიმართვების მიუხედავად, შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომელიც კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დამატებით რისკებს ავლენს.

წინამდებარე კვლევა ერთგვარად აჯამებს მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ სურათს შექმნის დეპუტატის გავლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „გიგა 2015”-ის და “კონტრაქტმშენი 2016”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისა და „დინამო ბათუმის” დირექტორის, არჩილ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

კვლევა – https://transparency.ge/ge/blog/mazhoritarobis-13-celi-da-13-milion-larze-meti-saxelmcipo-shesqidvebidan-anzor-bolkvazis-ojaxs?fbclid=IwAR0a5pkai16HqeTwC6qyx-JalDzoI2SkDSI5gT2–vVwrjyqQhG9CEnhymI

Share