Home » საზოგადოება » საერთაშორისო ინვესტორები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურდებიან
საერთაშორისო ინვესტორები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურდებიან

საერთაშორისო ინვესტორები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურდებიან

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ საერთაშორისო ყურადღება კვლავ იზრდება – „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ქვეყნის წამყვან დეველოპერებს, საერთაშორისო ინვესტორებსა და მომხმარებელს „არეა ექსპო 2019“-ზე 4-5 მაისს, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ინვესტორებს, ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველსა და დეველოპერ კომპანიას ერთნაირად აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. – სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.

უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 2000-ზე მეტი მომხმარებელი ესტუმრა, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; დაიჯავშნა ათეულობით ბინა და ადგილზეც გაიყიდა.

წელს „არეა ექსპო 2019“-მა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება დაიმსახურა. „თუკი შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელზე, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, კერძოდ, ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით“, – აცხადებს „არეა ჯგუფის“ დირექტორი და დამფუძნებელი თამარ მაშავა.

ღონისძიებას პარტნიორობას უწევს საერთაშორისო სავაჭრო პალატა. ICC Georgia-ს შეფასებით, ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. „საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ძალიან მნიშვნელოვანია – „არეა ექსპო 2019“ კი, ამ მხრივ, არაჩვეულებრივ პოტენციალს ფლობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ინვესტორებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებასა და მოწვევას ჩვენივე წარმომადგენლობების მეშვეობით, მეზობელი და რეგიონული მასშტაბით, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში და არამხოლოდ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოში უძრავი ქონებით მათ დაინტერესებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ღონისძიების კიდევ ერთი პარტნიორია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც გამოფენაზე წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განმკარგავ უწყებას. მათი მონაწილეობის მიზანია სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი წლების განმავლობაში ამორტიზებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც მისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია, საკმაოდ კარგი შესაძლებლობა უჩნდება, ერთ სივრცეში გაეცნოს ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე.

შეგახსენებთ, რომ „არეა ექსპო 2019“ „შერატონ გრანდი თბილისი მეტეხი პალასში“ 4-5 მაისს გაიმართება. ღონისძიება თავს უყრის საქართველოს უძრავ ბაზარზე მოღვაწე დეველოპერებს, რომლებიც სწორედ ამ ორი დღის მანძილზე უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს შესთავაზებენ.

გამოფენის ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე შუალედური რგოლია დეველოპერ კომპანიასა და მომხმარებელს შორის; დეველოპერ კომპანიებს უწევს სხვადასხვა მომსახურებას – დაწყებული ბაზრის კვლევითა და კომპანიის ბრენდის შექმნით, დამთავრებული გაყიდვების მართვითა და რეპორტინგით.

Share