Home » ბიზნესი » სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ერთ კომპანიაზე მოდის
სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ერთ კომპანიაზე მოდის

სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ერთ კომპანიაზე მოდის

სადაზღვევო ბაზარზე მოგების დაახლოებით 80% ერთ კომპანიაზე მოდის. წმინდა მოგების მხრივ ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგია“. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელს 20 მილიონიდან 16 457 056 ლარი სწორედ „ალდაგზე“ მოდიოდა. შემდეგ მოდის ჯი-პი-აი ჰოლდინგი 6 713 074 ლარით, არდი 2 186 986 ლარით და ა.შ.

სადაზღვევო სექტორი ბაზარზე არსებულ სიტუაციას “არაჯანსაღად” აფასებს თავად კერძო სექტორი. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ტენდენციით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

“ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება არის ძალიან დაბალი, თუ შევადარებთ სხვა ინდუსტრიებს. ამასთან, მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება კონცენტრირებულია ერთი კომპანიაში, რომელიც 80%-ზე მეტს აგენერირებს ისტორიულად და ალბათ ეს სფერო ყურადღებას საჭიროებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომლებმაც უნდა იზრუნონ ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფაზე და ბაზრის განვითარებაზე”,- აცხადებს ვასილ ახრახაძე.

ბაზრის ლიდერი “ალდაგიც” აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია არაჯანსაღია. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ მათთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებსაც უფრო მაღალი მოგება უფიქსირდებოდეს.

“წინა წელთან შედარებით მომგებიანობის ზრდა იყო 21%. 2016 წელს მთლიანი ბაზრის მოგების 2/3 მოდიოდა “ალდაგზე”, 2017-ში კი ბაზრის 84% მოდის ალდაგზე, რაც ნიშნავს, რომ რისკები არის სწორად გადაზღვეული და კომპანია არის ფინანსურად ჯანსაღი. ზოგადად, ცუდია, რომ ბაზარზე ამდენი კომპანია ოპერირებს და უმეტესი წილი მოდის ერთ კომპანიაზე. ეს არ არის ბაზრისთვის კარგი მაჩვენებელი და თუ გვინდა ბაზრის სტაბილურობაზე ვისაუბროთ, უნდა გაიზარდოს მოგება”,- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ “ალდაგის” მომგებიანობას ძირითადად ის განაპირობებს, რომ კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევას არ ყიდის, რაც ყველაზე მაღალზარალიანია.

ზოგადად კი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორის მოგება ძალიან დაბალია. მისი ინფორმაციით, მთლიანად სექტორის მოგებამ მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 5% შეადგინა, რაც ძალიან დაბალია.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
წყარო: bm.ge
Share