Home » საზოგადოება » სად გააქრო თეა გოდოლაძემ 7 000 000 ( შვიდი მილიონი) ლარი

სად გააქრო თეა გოდოლაძემ 7 000 000 ( შვიდი მილიონი) ლარი

ერთი ადამიანი მაოცებდა ბავშვობაში – დევიდ კოპერფილდი, რომელიც ილუზიისა და დამაჯერებელ ტყუილზე აგებული ფოკუსების ფოიერვერკით გამოირჩეოდა.

რაც სპუტნიკა თეას, იგივე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის საქმიანობით დავინტერესდი, დევიდ კოპერფილდის მოღვაწეობა საბავშვო და სამოყვარულო გართობად მომეჩვენა – ილუზიონისტი და ფოკუსნიკები თუ ყოფილან, ესენი ყოფილან – თეა გოდოლაძე და მისი უშუალო და ბოსების ბოსი ზურაბ ჯავახიშვილი.  (ეს სახელი და გვარი კარგად დაიმახსოვრეთ, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით).

ჰოდა, თუ გაინტერესებთ, XXI საუკუნის საქართველოში როგორ ხდება მილიონების გაიმასქნება და თან თავის მამა აბრამის ბატკნად მოჩვენება, მაშინ არ დაიზაროთ და ეს ვრცელი ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხეთ.

ზურამ და თეამ, მზისით დღისით, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში ისეთი კორუფციული სქემა დაატრიალეს და ისეთი კლანი შექმნეს, დღესაც რომ სეისმურ ძვრებს იწვევს და „მიწას აზანზარებს“. პრობლემა ის არის, რომ ამ ჩაკეტილ კლანს იქით არც მეცნიერებს, არც სტუდენტებს და არც სფეროთი დაინტერესებულ პიროვნებებს საშუალება არ აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეისმური სადგურებით და მიიღონ ინფორმაცია მიწისძვრების შესახებ.

უფრო მეტიც, არცერთ სახელმწიფო ორგანიზაციას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტს საქართველოში, მიწისძვრების თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია! აბა თუ მიხვდებით რატომ? მართალი ბრძანდებით, გოდოლაძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია უბრალოდ არ აწვდის ამ ინფორმაციას. არ უნდა და იმიტომ.

თუმცა, გოდოლაძის ილუზიონისტობა მხოლოდ მიწისძვრებზე ინფორმაციის გადამალვით არ შემოიფარგლება. არანაკლებ გაქნილობას ის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების საგულდაგულო გადამალვითაც იჩენს, და რომ არა ჩვენი გულმოდგინება, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის საქმიანობის მაღალბიუჯეტიან პროექტებზე (რაც ჯამში7 მილიონ ლარს შეადგენს) საზოგადოება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდაც, ვერასოდეს ვერ შეიტყობდა.

ბლოგერულ მოკვლევებში წესად მაქვს, რომ  მხოლოდ ღია წყაროები გამოვიყენო დ ამათ დავეყრდნო. აქაც, არცერთი ფაქტი, დარღვევა თუ დანაშაულებრივი ქმედება, რაც ჩემი ბლოგპოსტების მეშვეობით თეა გოდოლაძისა და და მისი ბოსის, ზურაბ ჯავახიშვილის ორგანიზებული დაჯგუფების გამოაშკარავებას ეძღვნება, უკანონო გზით არ არის მოპოვებული.

7 მილიონიან აფერასაც ისევ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებსაიტზე მივაგენი.

მცირე გადახვევა. – ერთი შეხედვით, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებსაიტი ინფორმატიული და კარგად გამართულია. აქ თქვენ მოიძიებთ თეა გოდოლაძის ვოიაჟებს მსოფლიოს გარშემო (აშშ, ავსტრია, გერმანია, აზერბაიჯანი და ა.შ.),ბორჯომში, სტეფანეწმინდაში, აბასთუმანში, ქალაქ რუსთავში ახალი სადგურის გახსნას, ცენტრის ვებ-საიტის 1 საათიანი შეფერხებით მუშაობის შესახებ სიახლეს, ვაკანსიას სტაჟიორებზე, პროექტებს ჰესებზე,სხვა პროექტებსაც იხილავთ, მაგრამ მთავარ სიახლეს, რომლითაც ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების დახმარებით 2017 და 2019 წლებში დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ცენტრს 7 მილიონი ლარის ექვივალენტი აშშ დოლარში პროექტი დაუფინანსა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მცირე სიახლით შემოიფარგლება. რომ გავიაზროთ ეს ცენტრისთვის რა ოდენობის თანხაა, გეტყვით, რომ სახელმწიფო გოდოლაძეს დაახლოებით 1-1,5 მილიონ ლარით აფინანსებს წელიწადში.

ამ სიახლის გარდა, ამ გრანდიოზული პროექტის თაობაზე, არსად წერია – არც თანხა, არც ვადა, არც პროექტის კონკრეტული რაოდენობრივი შედეგი ანუ ე.წ. აუთქამები.

თავად გოდოლაძეც ძალიან არ იწუხებს ამ პროექტზე აპელირებით თავს და მხოლოდ იმ დროს საუბრობს მასზე, როცა 3-ზე ნაკლები მაგნიტუდის მიწისძვრებზე ინფორმაციის გაცემას სთხოვენ. გოდოლაძის ცუღლუტობა ადვილი გასაშიფრი ხდება, როდესაც აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტის დაფინანსებულ პროექტში კონკრეტული სადგურებისგან მიღებული ინფორმაციის არგამჟღავნებას ანზოგადებს სხვა სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციებზეც და ამით სურს თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან. თუმცა, ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით.

მანამდე, ისევ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაცია შევისწავლოთ იხილეთ ბმული:

დიდი კავკასიონის დანაოჭებისა და აგებულების კვლევა სეისმური მეთოდებით

მთათა წარმოშობის პროცესის ადრეული ეტაპის შესწავლისთვის პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი,  თუ ყველაზე უკეთესი არა, არის დიდი კავკასიონი, სადაც ვულკანიზმის და დანაოჭების ასაკი 5 მილიონი წლის რიგისაა. ევრაზიისა და არაბეთის ფილაქნების შეჯახების ზოლი ქმნის ძალიან ახალგაზრდა, დიფუზიურ ფილაქანთა საზღვარს, რომელსაც  გააჩნია  მნიშვნელოვანი მსგავსებები და განსხვავებები ინდოეთისა და ევრაზიის ფილაქნების შეჯახების ზონასთან.

პროექტი – „დიდი კავკასიონის დანაოჭებისა და აგებულების კვლევა სეისმური მეთოდებით“ – მიზნად ისახავს რეგიონში ფართომასშტაბიანი, პასიური სეისმური ექსპერიმენტის ჩატარებას, რომელიც მოიცავს კავკასიონის დიდ ნაწილს. სეისმური სადგურებისაგან შემდგარი ხაზოვანი სტრუქტურა გადაკვეთს ახალგაზრდა მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილს.

პასიური სეისმური ექსპერიმენტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მთელ კავკასიაში გადანაწილდება სეისმური სადგურები რეგიონული სეისმური ქსელის სადგურების შესავსებად. ყოველ 5 კილომეტრში ყაზბეგიდან დაწყებული ვიდრე სომხეთის საზღვრამდე სადგურების ხაზოვანი პროფილი გადაჰკვეთს მთლიანად კავკასიონს და მცირე კავკასიონს.  შედეგად მივიღებთ სეისმურ მონაცემებს, რომელთა დამუშავების შედეგად მივიღებთ კავკასიონის დანაოჭებისა და აზევების მექანიზმს და საშუალებას მოგვცემს უკეთესად გავიგოთ რეგიონში დიდი მიწისძვრების მოხდენის მიზეზები.

პროექტის პარტნიორები არიან:

აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტი  –   ვილიამ ვონდერერი

უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი;

მისურის უნივერსიტეტი, აშშ  –  ერიკ სენდვოლი

ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ  –  ჯონ ნაბელეკი

მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ  –  კევინ მაკკი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი  – თეა გოდოლაძე

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რესპუბლიკური სეისმური სამსახურის ცენტრი  –  გურბან ეტერმიშლი

“GEORISK” სამეცნიერო კვლევითი კომპანია (დახურული სააქციო საზოგადოება – დსს);

გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემია  –  ჰეკტორ ბაბაიანი

არადა, სწორედ ეს არის პროექტი, რომელზეც უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მმართველმა საბჭომ 44-ე სხდომაზე დაამტკიცა (პროექტი #P692 „დიდი კავკასიონის აზევება და სეისმური სტრუქტურა“ ) და ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ცენტრს თავდაპირველად, ანუ 2017 წელს 146 804 აშშ დოლარი გამოუყო. იხილეთ მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება ბმულზე.

ეს მაშინდელი კურსით დაახლოებით 353 000 ლარია (ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 2017 წლის 25 ივნისს). დავიმახსოვროთ ეს თანხა და ეს პროექტი –  #692 – „დიდი კავკასიონის აზევება და სეისმური სტრუქტურა“.

კიდევ უფრო მეტი ბურუსით არის მოცული და გაურკვევლობის შავი ფარდით შემოსილი, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მეცნიერებისთვის გამოყოფილი რეკორდული დაფინანსების საკითხი. საქმე ეხება ისევ უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მიერ ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის დამტკიცებულ პროექტს – #P750 “სეისმური ქსელის გაფართოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.“ პროექტის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე არც 2019 და არც 2020 წლებში არაფერია ნათქვამი. საერთოდ არაფერი!!!

თვალსაჩინოებისათვის, თავად რომ დარწმუნდეთ ამაში,გთავაზობთ სიახლეებისა და პროექტების გვერდებს.

უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მმართველი საბჭოს #49 სხდომაზე, 2019 წლის 21 ნოემბერს, გადაწყდა, რომ ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ცენტრს გამოყოფოდა რეკორდული თანხა 2 225 322(ორი მილიონ ორასოცდახუთი ათას სამას ოცდაორი) აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ეს შეადგენდა6,626,118 (ექვსი მილიონ ექვსასოცდაექვსი ათას ასთვრამეტი) ლარს.

ალბათ, დამახსოვრებული 353 000 ლარიც გახსოვთ. ანუ, ჯამურად მხოლოდ უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU)-სგან მიღებულმა თანხამ შეადგინა 6,979,118 (ექვსი მილიონ ცხრაასსამოცდაცხრამეტი ათას ასთვრამეტი) ლარი. ბოდიშს ვიხდი, სათაურში  7 მილიონამდე რომ დავამრგვალე

თუმცა, ადრეც მქონდა დაწერილი საიდან ჩალიჩობდა ამ დანაკლისს სპუტნიკა თეა. ვისაც, ბლოგპოსტის სრულად წაკითხვა გეზარებათ, ბოლო აბ ზაცს გადაავლეთ თვალი.

ცნობისათვის, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი (STCU)-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს სახელმწიფოა (და ეს გამყარებულია საერთაშორისო შეთანხმებით და ხელშეკრულებით), რომლისგანაც ასე გულდასმით მალავს ქვეყნის მთავარ სეისმოლოგად წოდებული თეა გოდოლაძე მიწისძვრებზე ინფორმაციას.

აქ მე მგონი ყველაფერი ნათელია და შეგვიძლია ჩემი ბლოგერული გამოძიების ეს ნაწილი მშვიდად დავხურო. მითუმეტეს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დასკვნაც არსებობს და თეა გოდოლაძის უსამართლობაში მხილებაც.

ისე, უცნაურია, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ბუკსა და ნაღარას რომ არ შემოკრა, მსოფლიო რომ არ შეძრა და დედამიწა არ შეაზანზარა მის მიერ მოზიდული უზარმაზარი თანხის შესახებ საინფორმაციო სივრცეში მუდმივად საუბრებით…  მაგრამ აკი თავშივე გითხარით -გოდოლაძე კოპერფილდზე მაგარია და თუ იმან თვითმფრინავი გააქრო, ეს უშურველად აქრობს 7 მილიონს ისე, რომ მისი ალი-კვალი ვებგვერდზეც კი არ ჩანს. ამიტომ, ამ ნაწილის შეჯამებისთვის ვტოვებ მარადიულ კითხვას:რატომ და სად გააქრეს და სად წაიღეს 7 მილიონი ლარი თეა გოდოლაძემ და ზურაბ ჯავახიშვილმა? რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვისმენდი ონლაინ, დეტალურ და საფუძვლიან რამდენიმე საათიან ლაივ ახსნა-განმარტებას. სალაპარაკო ნამდვილად ბევრი ექნებათ!

გაგრძელება იქნება: თეას სათითეები – კოპერფილდობიდან ქუჩის სათითეებამდე.

გიორგი ცაგარეიშვილი

Share