Home » ფინანსები » “საბანკო სექტორის რეფორმები რისკების შემცირებას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას და დეპოზიტების ვადიანობის დაგრძელებას ემსახურება”
"საბანკო სექტორის რეფორმები რისკების შემცირებას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას და დეპოზიტების ვადიანობის დაგრძელებას ემსახურება”

“საბანკო სექტორის რეფორმები რისკების შემცირებას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას და დეპოზიტების ვადიანობის დაგრძელებას ემსახურება”

2017 წელს საბანკო სექტორში არაერთი სიახლე დაინერგა და რამდენიმე რეფორმაც განხორციელდა. დაიწყო ლარიზაციის პროგრამა, კომერციული ბანკები ბაზელ 3-ის მეტრიკაზე გადავიდნენ, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლიდან დეპოზიტების დაზღვევა სავალდებულო გახდება და ასე შემდეგ.

რამდენად შეუწყობს ხელს ლარიზაციის დაწყებულ პროცესს ბაზელ 3-ის მეტრიკაზე გადასვლა, რატომ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ მიღებული კანონპროექტის ამოქმედება, ამ და სხვა მინიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” “საქართველოს ბანკების ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია ესაუბრა.  

–  როგორ შეაფასებთ მიმდინარე წელს, რით იყო იგი გამორჩეული საბანკო სექტორისთვის? ბაზელი 3-ის ახალ მეტრიკაზე გადასვლა ლარიზაციის დაწყებული პროცესის გაძლიერებას და მის შეუქცევადობას რამდენად შეუწყობს ხელს?

დღეს საბანკო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც რისკების შემცირებას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ვადიანობის დაგრძელების ამოცანას ემსახურება. ეს, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ბაზისურ ელემენტად უნდა იქცეს. ზოგადად, ეს რეფორმა რამდენიმე ბაზისურ მიმართულებად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლა, მოქმედი კანონმდებლობის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპებზე გადასვლა (საბანკო ჯგუფის მცნების შემოღება, რომელიც უკავშირდება ეგრეთწოდებულ, კონსოლიდირებულ ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრინციპების დანერგვას), მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ინსტრუქციის შემოღება, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებისთვის ზედამხედველობის მოთხოვნების დაწესება და, რაც მთავარია, ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა, რომელიც 2 წლის წინათ დაიწყო, თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2014 წლის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის” (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებთან. ზოგადად, თუ პილარ 1 ითვალისწინებს კაპიტალის საბაზისო მოთხოვნებს, პილარ 2-ში გაითვალისწინება ყველა ის რისკი, რომელიც პირველ პილარში ან საერთოდ არ მოხვდა, ან არასაკმარისად არის გათვალისწინებული.

ნიშანდობლივია, რომ რეფორმა მიმდინარეობს საბანკო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის და განხილვის პროცესში და ეფუძნება საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესს, რომლის შედეგად განისაზღვრება ცალკეული ბანკის წინაშე არსებულ რისკებზე მორგებული მინიმალური კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ვალდებულებებისა და საკრედიტო პორტფელის სიდიდე და მათი ხარისხი, სისტემური და შედარებით მცირე კაპიტალის მქონე ბანკებისთვის ხშირად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

შემოდის დამატებითი ბუფერის სახით, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რომელიც მაკროპრუდენციულ ბუფერს წარმოადგენს, როგორც რისკების თვალსაზრისით, ასევე ლარიზაციის პროცესის წამახალისებელ ინსტრუმენტადაც უნდა განვიხილოთ.

დამატებით, უცხოური ვალუტით ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად და ვალდებულებების ვადიანობის დაგრძელების წახალისებისთვის, იგეგმება ბანკების მიერ გამოშვებული გრძელვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებში გარკვეული შეღავათების დაწესება. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატები გამოუთხოვადი ხასიათისაა, რამაც ფინანსური სტრესის დროს უნდა შეამციროს ვალდებულებების მყისიერი გადინება, რაც, თუნდაც, 2008 წლის კრიზისის დროს ვნახეთ.

მიმაჩნია, რომ ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება ასევე უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას. აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში, რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობას. კაპიტალის ადეკვატურობის დებულებაში შეტანილი ცვლილებები, ასევე, მოიცავს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტების საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, არსებული მინიმალური მოთხოვნა 250,000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.

ამასთანავე, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების გასაუმჯობესებლად, მომდევნო წლიდან იგეგმება წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NშFღ) შემუშავება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30%) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული.

– ბოლო წლებში საცალო დაკრედიტება საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპებით ხასიათდება, მაშინ როდესაც ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებას, და პირიქით შემცირების ტენდენცია აქვს, ექსპერტთა ნაწილი ამას გაცილებით მაღალი მარჟის მიზეზით ხსნის და საცალო დაკრედიტების შეზღუდვების მომხრეა,ზრდის თუ არა ეს რისკებს საბანკო სექტორში?

შინამეურნეობების სასესხებო დავალიანება შეიძლება განისაზღვროს როგორც ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდ.მეწარმეებზე გაცემული სესხების ერთობლიობა-იპოთეკური სესხი, ოჯახური სესხი, ავტოგანვადება, სტუდენტური სესხები და საკრედიტო ბარათები. შინამეურნეობების სასესხებო დავალიანება ასევე იზომება მისი შეფარდებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ანუ ხვედრითი წილით ეკონომიკის გამოშვებაში.

აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით 2000 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა შინამეურნეობების საკრედიტო დავალიანების ხვედრითი წილი მშპ-ში, რაც დაკავშირებულია ცხოვრების დონის ზრდასთან, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან და საბანკო პროდუქტების ვადიანობის დაგრძელებასთან, მათ შორის ისეთ ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთებზე, როგორებიცაა მაღალი დონის ელექტრონიკა, მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც განვადებების ბიზნეს-მოდელებით იქნა სტიმულირებული. ამავე პერიოდში იპოთეკური სესხების ვადიანობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში 30-40 წლამდეც კი გაიზარდა, ხოლო განვადებების ვადიანობა 10 წლამდეც კი.

ზოგიერთ, განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში მისი მთლიან პროდუქტთან შეფარდების მაჩვენებელი 100%-საც კი სცილდება. მაგალითისათვის შინამეურნეობებზე გაცემული სესხების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დანიაში 2000 წლიდან 2014 წლამდე გაიზარდა 85% დან 124 %-მდე (2009-2010 წლებში სარეკორდო 140 %-მდეც კი ავიდა), ავსტრალიაში ანალოგიურ პერიოდში 70% დან 123 %-მდეა გაზრდილი, შვეიცარიაში მისი მაჩვენებელი 121 % იყო.

დღეს მიჩნეულია, რომ 1980-2007 წლებში შინამეურნეობების დავალიანების მკვეთრი ზრდა გახდა შემდგომში 2007-2012 წლების კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ამერიკასა და ევროპაში. მაგალითისათვის აშშ-ში 1982-2000 წლებში შინამეურნეობების დავალიანების ზრდა მშპ-სთან გაიზარდა 43% დან 62 %-მდე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის შემდეგ, განვითარებული ეკონომიკის ისეთ წამყვან ქვეყნებში როგორიცაა აშშ და, ინგლისი ეს მაჩვენებელი შემცირებულია. აშშ-ში 90% დან 80 %-მდე, დიდ ბრიტანეთში 95% დან 86%-მდე, ხოლო გერმანიაში 59% დან 54 %-მდეა ეს მაჩვენებელი შემცირებული, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებლად რჩება.

(((საქართველოში 2010-2014 წლებში შინამეურნეობის დავალიანების მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი გაიზარდა 13,8% დან 24 %-მდე. ჩვენნაირი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ამას განაპირობებდა საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ვადიანობის ზრდა ))))

ანუ ამ სახის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ უფრო მაღალი საპროცენტო მარჟის მაჩვენებელი ბიზნეს სესხებთან შედარებით; ასევე საინტერესოა, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და რუსეთი ზრდის ტენდენციაა. მაგალითად 2010-2014 წლებში რუსეთში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 11,2 %დან 19,8 %-მდე, თურქეთში 17 % დან 21,8%-მდე.

– გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე 19,5-დან 22%-მდეა გაზრდილი, რამდენად გაამართლა ლარიზაციის სტრატეგიამ?

– ლარიზაციის პროგრამის მიზანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაა, სალარე სესხებზე მოთხოვნის სტიმულირებით, რაც საბოლოო შედეგში სალარე რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს, როგორც სალარე სესხების ვადიანობის დაგრძელების, ისე საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართულებით. უნდა აღვნიშნო, რომ, პირველ რიგში, ეს ეხება ბიზნესსესხების სტიმულირებას ლარში, რამაც მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცოცხლება და შიდა მოხმარების ზრდა უნდა გამოიწვიოს.

დღეს ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როდესაც ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში მსხვილი ბიზნესის ხვედრითი წილი 80%-ს აჭარბებს. სწორედ ამის ერთ-ერთი შედეგია ეკონომიკის განუვითარებლობა, მაღალი უმუშევრობა და ცხოვრების დაბალი დონე. 

თუ ეს არსებული დისბალანსი არ შეიცვალა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, სულ მცირე, 45%-მდე მაინც, ვერც დასაქმების პრობლემა მოგვარდება ბოლომდე და, რაც მთავარია, საერთო მოხმარება ვერ გაიზრდება, რაც ისევ ეკონომიკის ზრდის არასასურველ ტემპებში აისახება მომავალში.

საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე მართლაც გაზრდილია, ოღონდ თუ ამას არა ცალკეული პროდუქტების, არამედ მოკლე, ანუ ერთ წლამდე და გრძელვადიანი დაკრედიტების კუთხით შევხედავთ, ვნახავთ, რომ საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოკლევადიანზე, სადაც ძირითადად სამომხმარებლო სესხები, ოვერდრაფტები, მცირე ბიზნესსესხები, ძირითადად საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად, ასევე განვადებების მნიშვნელოვანი ნაწილი შედის, წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია სულ 0,2%-ით და 17%-ს შეადგენს, ხოლო გრძელვადიან, ანუ ერთ წელზე მეტი ხნით გაცემული სესხებზე, სადაც იპოთეკური სესხები, ბიზნესსესხები და შედარებით მსხვილი სამომხმარებლო სესხები მოიაზრება, სულ 0,1%-ით, 11,3-დან 11,4%-მდე გაიზარდა.

მიმაჩნია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ძირითადად მაინც ინფლაციის შედეგია. მოგეხსენებათ, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი, რომელიც 6,2%-ს შეადგენს, მის მიზნობრივ მაჩვენებელზე (4%) მაღალი რჩება, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს სალარე დეპოზიტების ფასზეც. თავის მხრივ, სალარე დეპოზიტებზე მაღალი პროცენტი აისახება საკრედიტო რესურსების ფასზეც.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკის პროგნოზის მიხედვით,

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უკვე მომავალი წლიდან დაიკლებს და მიზნობრივ მაჩვენებელსაც კი ჩამოსცდება (3% იქნება), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება და, შესაბამისად, სალარე სესხებზეც.

– 2018 წლიდან დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედება საბანკო სექტორისთვის და მომხმარებლებისთვის?

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებული სისტემის დანერგვის მიზანი არის დეპოზიტორთა ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება და საბანკო კრიზისის პრევენციით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ აქამდე დეპოზიტების უსაფრთხოება დაცული არ იყო და სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა, თუმცა ფინანსური უსაფრთხოების სისტემის სრულფასოვანი და გამართული ფუნქციონირებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს მასში დეპოზიტების დაზღვევის დამოუკიდებელი კომპონენტის არსებობას საბანკო ზედამხედველობასთან ერთად.

დეპოზიტების დაზღვევა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში ეს მექანიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა განვითარებად ქვეყნებში. სისტემის ძირითადი მიზანი საბანკო კრიზისის შემთხვევაში პანიკის თავიდან აცილებაა. ამ გარანტიას კი ქმნის დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თანხა, რომელიც გროვდება დაზღვეული კომერციული ბანკების რეგულარული შენატანებით

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით,

ჩვენ ავირჩიეთ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებადი სისტემა, რომელიც მიმაჩნია, სავსებით სწორ მიდგომად, რადგან ამ ტიპის სქემები მოქმედებს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და გაცილებით მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თვითრეგულირებადი მოდელები. 

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომელებმაც უპირატესობა რეგულირებად სისტემას მიანიჭეს, 2003 წლის შემდეგ გაიზარდა 88 ქვეყნიდან 112 ქვეყნამდე, ამასთან, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 84%-სა და ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (95%), ასევე რეგულირებადი სისტემაა დანერგილი. თვითრეგულირებად სისტემებს უპირატესობას, როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობა ანიჭებს.

საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკურ და ფინანსური ვითარებისთვის და ძირითადად შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთანაც, რომლის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ფარავდეს დეპოზიტების 97% და მთლიანი მოცულობის – 20%-ს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი და სტრატეგია ითვალისწინებს დაზღვეული დეპოზიტების ზღვარის რეგულარული გადახედვის შესაძლებლობას საერთაშორისო პრაქტიკის, სადაზღვევო ფონდის მოცულობისა და ზოგადი ფინანსური სტაბილურობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვით ბანკებს დანახარჯები გაეზრდებათ 15 მლნ ლარით, რაც პროცენტულ მაჩვენებელში, თუ წმინდა საპროცენტო შემოსავალს შევაფარდებთ, მხოლოდ 0,8 % იქნება. ბუნებრივია, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვან ხარჯად დააწვება სადეპოზიტო რესურსების ფასს.

– ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სასეხებო დავალიანება განკარგვადი შემოსავლის 65%-საც კი აღემატება და სერიოზულ სოციალურ რისკებს შეიცავს, და რაც სავალუტო ფონდის მოხსენებებშიც არის აღნიშნული. როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები საბანკო სექტორზე?

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი უკვე გადადის სესხისა და წმინდა შემოსავლის პრინციპზე, ბანკები სესხის გაცემისას, გარდა სალომბარდე სესხებისა, ფიზიკური პირის განკარგვადი შემოსავლის მიხედვით ახდენენ, ხოლო საკრედიტო ისტორიას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში ამოწმებენ: რამდენი სესხი აქვს აღებული, რა მოცულობისაა არსებული საკრედიტო დავალიანება, როგორია ვადაგადაცილებები, არის თუ არა პრობლემურ მსესხებელთა სიაში, როგორია მისი საკრედიტო ქულა და ა.შ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ მონაცემებში არ არის ასახული კერძო პირებისგან, იგივე “კერძო იპოთეკარებისგან” აღებული სესხები და, ზოგადად, ჭარბვალიანობის გამომწვევი ფაქტორი დიდწილად სწორედ ეს არის. 

რაც შეეხება ახალ წესს, ის “კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესშია” უკვე ასახული. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის, განისაზღვრა “სესხის მომსახურებისა” და “სესხის უზრუნველყოფის” კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. განახლებული წესით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება საზედამხედველო ტვირთი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. კერძოდ, ბანკებს მოუწევთ თითოეული ამ სახის სესხის რეკლასიფიცირება სტანდარტულიდან არასტანდარტულში, რაც დამატებით სესხების შესაძლო დანაკარგებზე რეზერვების შექმნას მოითხოვს.

აღნიშნული მიდგომა, არა იმდენად კომერციული ბანკებისთვის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შეამცირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციას და შესაბამისად, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების და მისო-ების საკრედიტო პორტფელების ხარისხს და კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სერიოზული მუშაობა მართებთ რისკების მართვის კუთხით, როგორც სარეიტინგო სისტემებზე აგებული რისკ-მოდელების, ასევე, ზოგადად, ბიზნეს მოდელის შემუშავების კუთხით.

– რა მთავარი მიზნები და გამოწვევები ექნება საბანკო სექტორს 2018 წელს?

პირველ რიგში გაზეთს და თქვენს მკითხველებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. მთავარი გამოწვევა იქნება ეკონომიკის სწრაფი ზრდის მიმართულებით, ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების მხარდაჭერა  ლარიზაციის სტრატეგიის ფარგლებში და რაც მთავარია, მოგეხსენებათ 2018 წელი გამოცხადებულია ფინანსური განათლების წლად. ცხადია, საბანკო სექტორი იღებს ამ გამოწვევას და ეროვნულ ბანკთან ერთად მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს ამ მიმართულებით.  

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

 

Share